ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 30.09.2021
საქმის ნომერი
2კ-411-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004951863

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №411I -21 თბილისი

ო-ი გ, 411I -21 30 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის N1/6093-11 განაჩენით:

გ. ო-ი (დაბადებული ... წლის .... ივლისს, პირადი №...., ნასამართლობის არმქონე, ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხ. გ-ა და ნ. ქ-ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ხ. გ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნ. ქ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით:

გ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 7 წელი და მოსახდელად დარჩა 5 წელი და 3 თვე; ასევე ¼-ით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 7 წელი და მოსახდელად დარჩა 5 წელი და 3 თვე; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის N1/6093-11 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა (ხ. გ-ის ეპიზოდი, ამნისტიის გათვალისწინებით, 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ) შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით) და საბოლოოდ გ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით. გ. ო-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს მისი დაკავებიდან ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2021 წლის 17 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. ო-ს მიმართ გავრცელდა 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გ. ო-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გ. ო-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატმა ბ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა - გ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება და აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.

7. საჩივრის თანახმად, სასამართლო უნდა დაყრდნობოდა არა 2021 წლის 11 იანვრის, არამედ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონს. გ. ო-ის ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, რომელიც დღემდე მოქმედებაშია. მას შემდეგ მიღებული ამნისტიის აქტები არ ზღუდავს მისი მოქმედების სფეროს და არც ნორმათა კოლიზიას წარმოშობს. ვინაიდან ერთადერთი დაზარალებულის - ნ. ქ-ის თანხმობა მოიპოვეს 2021 წლის აგვისტოში, შესაბამისად, 2021 წლის აგვისტომდე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა სასამართლოსათვის მიმართვა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია;“ ხსენებული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.“

2. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 31 იანვრით დათარიღებული, დაზარალებულ ხ. გ-ა და 2021 წლის 4 აგვისტოს - დაზარალებულ ნ. ქ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რომელთა თანახმადაც, ისინი აცხადებენ თანხმობას მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების თაობაზე და მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ. ამასთან, ბრალდების მხარის 2021 წლის 17 აგვისტოს შუამდგომლობაში მითითებულია, რომ როგორც დაზარალებულებთან გასაუბრებით დადგინდა, მათ ზიანი სრულად აქვთ ანაზღაურებული და ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე.

3. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ) დგინდება, ვინაიდან იმ დროისათვის დაზარალებულების - ხ. გ-სა და ნ. ქ-ის თანხმობები წარმოდგენილი არ იყო, შესაბამისად, გ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამის შემდეგ, როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წელსა და 2021 წელს, ორივე დაზარალებულმა ნოტარიულად განაცხადა თანხმობა - გ. ო-ის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, დაცულია როგორც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის, ისე 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გაწერილი წინაპირობები; მაგრამ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გ. ო-ე გავრცელების შემთხვევაში, იგი სრულად თავისუფლდება დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულზე გავრცელების შემთხვევაში კი - დანიშნული სასჯელი მხოლოდ ნახევრდება.

5. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი თავისუფლების აღკვეთის ნაწილში გ. ო-ის მდგომარეობას მეტად აუმჯობესებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან თავად ამნისტიის აქტი ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარეობს, ზემოაღნიშნული საკითხი მსჯავრდებულის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან (თავისუფლების აღკვეთისაგან).

6. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით გ. ო-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 8000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება აღნიშნულ ჯარიმაზე არ გავრცელდა, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-20 მუხლიდან გამომდინარე; ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითება ჯარიმის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დატოვებულია უცვლელად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.“ მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე (კერძოდ, 2012 წლის 23 მაისს); ამასთან, N411I-21 საქმის წარმოების მასალებიდან და საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი N1/6093-11 სისხლის სამართლის საქმით არ იკვეთება ჯარიმის აღსრულების ფაქტი. შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში გ. ო-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელისაგან.

7. ამასთან, N411I-21 საქმის წარმოების მასალებიდან და საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი N1/6093-11 სისხლის სამართლის საქმით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულმა წარსულში ისარგებლა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით (რომლის თანახმადაც, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული გ. ო-ი სრულად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახით დანიშნული სასჯელებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატ ბ. ბ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ო-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებითა და საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთისა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთისგან;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ო-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით უცვლელად დატოვებული, დამატებითი სახის სასჯელად დაკისრებული ჯარიმის - 8000 ლარისგან;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე