დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700132439
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №5აგ-21 თბილისი
ჩ. ლ., 5აგ-21 14 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით ლ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც გამოჯანმრთელებამდე განესაზღვრა შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი). ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 11 ივლისიდან.
ლ. ჩ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჩს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2021 წლის 10 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით, მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. ჩ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით, მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს შუამდგომლობა, კერძოდ:
4. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) - სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე, ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქციის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სანქცია კი არ არის შეცვლილი და კვლავ ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონში შესული ცვლილების შედეგად მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არ არსებობს მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების სისხლის სამარათლის კოდექსის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის სამართლებრივი საფუძველი.
5. რაც შეეხება დაცვის მხარის ძირითად მოთხოვნას ლ. ჩ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება გაუქმდა და ლ. ჩ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რის შესაბამისადაც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ძირითადი მოთხოვნა ფაქტობრივად დაკმაყოფილებულია.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი