განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.07.2021
საქმის ნომერი
2კ-218აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003441566

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №218აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე გ., 218აპ-21 1 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ღ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით გ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 წლით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 დეკემბრიდან იმავე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

გაუქმდა გ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 10000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ–მ 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. გ–ს 2019 წლის 14 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ......ის ქუჩა №..-ის ეზოში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმა, ეზოში არსებულ რკინის მოაჯირზე რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი და უკანა ტანის არეში დაარტყა ფეხი, რა დროსაც ი. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 14 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ......ის ქუჩა №..-ის ეზოში, ი. გ–ს მიმართ 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, გ. ბ–მ ძალაყინის დემონსტრირებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ: აიღო ეზოში დაგდებული ძალაყინი, გამოედევნა მას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი როინ ხინთიბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ღ–ი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენში დაცვის მხარის სასარგებლოდ შევიდეს ცვლილება.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ღ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ღ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების საჩივრების მოტივებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი და პირიქით - დანიშნული სასჯელი შეიცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინა პირობა, რის გამოც გ. ბ–ს მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და წარმოადგენს საკმარის ზომას მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (გ. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, პირველადაა სამართალში) მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ გ. ბ–ეს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება ან დამძიმება არ არის მიზანშეწონილი.

4. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ხასიათს, იმ გარემოებას, რომ გ. ბ–სა და დაზარალებულს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი; გ. ბ–სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ძალადობრივ ხასიათს; ოჯახში ძალადობით გამოწვეულ განსაკუთრებით მძიმე შედეგებს ბავშვის ფსიქიკისა და ნორმალური განვითარებისთვის, როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას. შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის სოციალურად ჯანმრთელ, ძალადობისაგან თავისუფალ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განვითარების უფლების უზრუნველყოფისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული პრევენციის მიზნებისთვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პირობითი მსჯავრის დროს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N 475აპ-20; N644აპ-20; N75აპ-21).

5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. ბ–ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: შეტყობინებით, ოქმით ვიზუალური დათვალიერების შესახებ, თანდართული ფოტოსურათებით, შემაკავებელი ორდერით, მოწმეების - ი. გ–ს, ლ. გ–ს, თ. ფ–ს, ლ. ჭ–ს, ე. ჭ–ს, დ. ტ–ს, ბ. ს–ს გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ღ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს შემდეგი მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა - 10000 (ათი ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე