საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003100777
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №495აპ-21 ქ. თბილისი
კ–ე გ., 495აპ-21 27 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძისა და დაზარალებულ ა. გ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. კ–მ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ირაკლი კოძახიძემ და დაზარალებულმა ა. გ–მ.
- მსჯავრდებული გ. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მას უკანონოდ დაედო მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის რედაქცია) (საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვისათვის), ვინაიდან ვაზნები მას არ ჰქონია და არ შეუნახავს სახლში.
- სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნას, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი გამამართლებელ ნაწილში აშკარად უკანონოა; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის - დაზარალებულ ა. გ–ს ჩვენება, რომელმაც პირდაპირ მიუთითა გ. კ.ზე როგორც ყაჩაღობაში მონაწილე ერთ-ერთ პირზე, რომელმაც ესროლა ი. გ–ს; გარდა ამისა მანვე განმარტა, რომ თავდამსხმელი სათანადოდ ვერ იყენებდა მარცხენა ხელს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ გ. კ–ს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, რომელსაც ვერ ამოძრავებდა და ამიტომ იძულებული იყო იარაღი სჭეროდა მარცხენა ხელში, რაც დამატებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირი, რომელმაც იარაღიდან ისროლა, არის გ. კ.; გ. კ–ს ბრალეულობა დასტურდება ასევე დაზარალებულის შვილების, თვითმხილველი მოწმეების - რ. და მ. გ–ების ჩვენებებით, ხოლო თავის მხრივ, ამ პირთა მიერ აღწერილი გარემოებები დადასტურებულია სხვა მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა ირიბი მტკიცებულებებით; ამასთან, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. ფ–სა და გ. ჟ–თან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობდა გ. კ.ც.
- დაზარალებული ა. გ–ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. კ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელების შეფარდებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე და მისი მეუღლის მკვლელი არის ნამდვილად გ. კ., რასაც ადასტურებს თავად მისი და თავისი შვილების - რ. და მ. გ–ების ჩვენებები, რომლებიც არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები; დაზარალებული ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავდამსხმელი სათანადოდ ვერ იყენებდა მარცხენა ხელს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ გ. კ–ს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, რომელსაც ვერ ამოძრავებდა, რის გამოც იძულებული იყო იარაღი სჭეროდა მარცხენა ხელში; გარდა ამისა, გ. კ–ს ბრალეულობა დასტურდება ზ. ფ–ს აღიარებითი ჩვენებით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრისა და 1998 წლის 1 დეკემბრის განაჩენებით, მოწმე მ. კ–ს ჩვენებითა და სხვა მასალებით.
2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. კ–ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებაში; ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
გ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- გ. კ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე საბრძოლო მასალით, ასევე 9 ცალი, 5,5 მმ კალიბრიანი, „კალაშნიკოვის“ სისტემის ვაზნა, რომლებსაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და დროგამოშვებით ატარებდა.
- 1993 წლის 24 ივლისს, გ. კ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა წ–ს რაიონის სოფელ .....ში მცხოვრებ ზ. ფ–სა და გ. ჟ–ს და მათთან ერთად განიზრახა ფულის გამოძალვის მიზნით, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ყაჩაღური თავდასხმით, ავტომანქანის დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. ფ–სთან და გ. ჟ–თან ერთად, შეიარაღებული და სახეზე ნიღაბაფარებული, მივიდა ე.წ. „......ბის“ უბანში და დაელოდა შესაფერის დროს ავტომანქანის ყაჩაღურად დასაუფლებლად. იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, ი. გ–ი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ბრუნდებოდა დაკრძალვიდან თავისი კუთვნილი „ვაზ-21-06“ მარკის, სახელმწიფო ნომრით „.....“ ავტომანქანით. თავდამსხმელებმა შენიშნეს მათი მიმართულებით მომავალი ავტომანქანა და გადაუდგნენ წინ, რის გამოც ი. გ–ი იძულებული გახდა გაეჩერებინა ავტომანქანა, რა დროსაც ბოროტმოქმედთა შორის ერთ-ერთმა ისროლა ი. გ–ის მიმართულებით, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის რედაქცია) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის რედაქცია) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. კ–ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით გ. კ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან. გ. კ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
5. 2019 წლის 27 ივნისს დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული გ. კ.
6. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენით გ. კ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. კ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის რედაქცია) (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის) წარდგენილ ბრალლდებაში.
გ. კ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალლდებაში.
გ. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის რედაქცია) (საბრძორლო მასალის შეძენისა და შენახვისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.
გ. კ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დასწესებულებიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე.
გაუქმდა გ. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძისა და დაზარალებულ ა. გ–ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებითა (2006 წლის რედაქცია) (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდებში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გ. კ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი, ეჭვის გამომრიცხავი, შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
11. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ დაზარალებულ ა. გ–ს, მ. და რ. გ–ბის ჩვენებები არის პირდაპირი მტკიცებულებები, ვინაიდან არცერთი მათგანის ჩვენება არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რადგან წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ როგორც დაზარალებულ ა. გ–ს, ისე მოწმეების - მ. და რ. გ–ებისათვის ყაჩაღობაში მონაწილე ერთ-ერთი პირის - გ. კ–ს ვინაობა ცნობილი გახდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებისგან და წინასწარი გამოძიების დროს ზ. ფ–სა და გ. ჟ–თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, დაპირისპირებების შედეგად, რა დროსაც, მოწმეთა განმარტებით, ზ. ფ–ე და გ. ჟ–ი უთითებდნენ, რომ, მართალია, ისინი ყაჩაღობაში მონაწილეობდნენ, მაგრამ მკვლელობა გ. კ–მ ჩაიდინა. აღსანიშნავია, რომ ა. გ–ს, მ. და რ. გ–ებს არც გამოძიების და არც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ განუცხადებიათ, რომ შეეძლოთ თავდამსხმელების ამოცნობა, რადგან ისინი იყვნენ ნიღბებით.
12. ზ. ფ–სა და გ. ჟ–ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან მიმართებით კი, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით იკვეთება, ზაზა ფხაკაძემ საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მართლაც აღიარა, რომ მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში, რა დროსაც გ. კ–მ ესროლა ი. გ–ს, მაგრამ ზ. ფ–ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენით დგინდება, რომ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას მან საერთოდ უარყო როგორც გ. კ–ს, ასევე - გ. ჟ–ს მონაწილეობის ფაქტი მითითებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, თავის მხრივ, გ. ჟ–ი, როგორც გამოძიების, ისე - სასამართლო განხილვის ეტაპზე თავს ნაწილობრივ ცნობდა დამნაშავედ და აღიარებდა დანაშაულის ჩადენას ზ. ფ–სა და მისთვის უცნობ პირთან ერთად, რა დროსაც მას გ. კ. საერთოდ არ უხსენებია. ამდენად, დაზარალებულ ა. გ–ს, მერი და რუსუდან გიგანების ჩვენებები, მითუფრო - ზ. ფ–სა და გ. ჟ–ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენს გ. კ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს. რაც შეეხება პროკურორის კიდევ ერთ არგუმენტს, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. ფ–სა და გ. ჟ–სთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობდა გ. კ., საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მითითებული განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ირკვევა, სასამართლომ წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვისას შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ - „1993 წლის 24 ივნისს ზ. შ–ს ძე ფ–ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა მიმალვაში მყოფ ორ პიროვნებას“, რომლებთან ერთად და არა - გ. ჟ–სა და გ. კ–სთან ერთად, ჩაიდინა დანაშაული.
13. რაც შეეხება დანარჩენი მოწმეების, მათ შორის - მ. კ–სა და თ. რ–ს ჩვენებებს, არცერთი მათგანისთვის არ არის ცნობილი თავდასხმაში მონაწილე პირთა ვინაობა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რის შესახებაც აპელირებენ პროკურორი და დაზარალებული ა. გ–ი, რომ გ. კ. მარჯვენა დაზიანებულ ხელს ვერ ამოძრავებდა, ხოლო თავდამსხმელს, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც: „თითქოს მას რაღაც ხელს უშლიდა, ვერ ხმარობდა ხელს“, მიუთითებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ გ. კ. იყო თავდამსხმელი და დამატებით ადასტურებს მის ბრალეულობას, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და ვერ იქნება მიჩნეული გ. კ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად.
14. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. კ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის რედაქცია) (საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვისათვის) შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მითითებულ ეპიზოდში წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ავტომატის 9 საბრძოლო ვაზნა; გ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დამწრე პირის, მოწმე თ. რ–ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ პოლიციელებმა სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მითითებული ვაზნები; 1993 წლის 24 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. კ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 5,45 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის 9 ვაზნა დამზადებულია ქარხნული წესით, გასროლისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ–ს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძისა და დაზარალებულ ა. გ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი