საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100120003418659
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №283აპ-21 ქ. თბილისი
ს–ე ლ., 283აპ-21 7 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ. ჯ–ს და მსჯავრდებულების - ი. ხ–ს, ვ. ტ–ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. ს–ს, ი. ხ–სა და ვ. ტ–ს ქმედებების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგი საფუძვლებით:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა მსჯავრდებულების მიერ სწორედ ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტს. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა - უ. ძ–მ და ა. თ–მ, რომლებიც შეესწრნენ მსჯავრდებულების მიერ საწვავმზიდიდან საწვავის ჩამოსხმის ფაქტს, აჩვენეს, რომ მათ მიერ დაკავებულმა პირებმა განმარტეს, რომ საწვავმზიდიდან იპარავდნენ საწვავს. ქურდობის ფაქტს, ადასტურებს ისიც, რომ ი. ხ–ე და ვ. ტ–ე საწვავის ფარულად დასაუფლებლად სატვირთო ავტომანქანით, მასზე განთავსებული ორი ერთტონიანი ავზით, მომზადებულები ჩამოვიდნენ ქ. ფ–ში, ხოლო შემთხვევის ადგილი კი, სადაც ხდებოდა საწვავის ჩამოსხმა, მდებარეობს გზიდან მოშორებით, მოფარებულ ადგილას, ხეების უკან; რაც შეეხება საწვავმზიდს, მართალია, ლ. ს–ე შპს „........ს“ საწვავმზიდს მართავდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ მას მინდობილი ჰქონდა მხოლოდ საწვავმზიდი და არა - საწვავის ცისტერნა, რომელიც იყო დალუქული და მასში არსებული საწვავის სარგებლობისა და განკარგვის უფლება მას არ ჰქონდა.
- მსჯავრდებულები - ი. ხ–ე, ვ. ტ–ე და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. კ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით:
დაცვის მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ხ–სა და ვ. ტ–ს მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმის სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი ანალიზიდან და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს, შესაბამისად, განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს; ლ. ს–მ სასამართლოში განმარტა, რომ ი. ხ–მ და ვ. ტ–მ არაფერი იცოდნენ, რომ დიზელის საწვავი ლ. ს–ს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული, რადგან მას ამის შესახებ მათთვის არაფერი უთქვამს, შესაბამისად, არ იკვეთება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის შემადგნელობა. ანალოგიურს ადასტურებენ ი. ხ–ე და ვ. ტ–ც, ხოლო სხვა რაიმე, კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება; ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ჰიპოთეტურ ვარაუდებსა და დაუსაბუთებელ მსჯელობებს, რომ ი. ხ–ემ და ვ. ტ–მ წინასწარი შეცნობით შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი, რაც არ შეესაბამება რეალობას და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ს–ს, ი. ხ–სა და ვ. ტ–ს ბრალი დაედოთ ქურდობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ლ. ს–ს, ი. ხ–სა და ვ. ტ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათსა და 25 წუთზე, ლ. ს–მ, ი. ხ–ემ და ვ. ტ–ემ შპს „კომპანია .............“ კუთვნილი საწვავმზიდი ავტომობილის ცისტერნიდან სცადეს 4848 ლარად ღირებული, ორი ტონა დიზელის საწვავის ფარულად დაუფლება.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
ლ. ს–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
ლ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით - 2 (ორი) დღე შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - ჯარიმა 50 ლარი და საბოლოოდ ლ. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტან პირს - ბ. შ–ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა - 3000 ლარი.
ი. ხ–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ი. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3100 (სამი ათას ასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ი. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით – 2 (ორი) დღე შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - ჯარიმა 50 ლარი და საბოლოოდ ი. ხ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მსჯავრდებულ ი. ხ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტან პირს - ნ. ხ–ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა - 3000 ლარი.
ვ. ტ–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ვ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით – 2 (ორი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – ჯარიმა 50 ლარი და საბოლოოდ ვ. ტ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მსჯავრდებულ ვ. ტ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტან პირს - ნ. ხ–ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა - 3000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ:
ლ. ს–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ქვეპუნქტით.
ლ. ს–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათსა და 25 წუთზე, ლ. ს–მ ........ის უბანში, .......ი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: ....) საწვავმზიდი ავტომობილის, რომლის მძღოლიც იყო, ცისტერნიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „.........ს“ კუთვნილი, 4848 ლარად ღირებული, ორი ტონა დიზელის საწვავი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ი. ხ–მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ი. ხ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათსა და 25 წუთზე, ი. ხ–ე, წინასწარი შეთანხმებით ვ. ტ–ესთან ერთად, ............ის უბანში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა, ლ. ს–ს „ფორდის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: ......) საწვავმზიდი ავტომობილის ცისტერნიდან მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „.........“ კუთვნილი 4848 ლარად ღირებული, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მითვისებული ორი ტონა დიზელის საწვავის შეძენას.
ვ. ტ–მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ვ. ტ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათსა და 25 წუთზე, ვ. ტ–ე წინასწარი შეთანხმებით ი. ხ–ესთან ერთად, ..........ს უბანში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეცადა, ლ. ს–ს „ფორდის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: .........) საწვავმზიდი ავტომობილის ცისტერნიდან მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „..........ის“ კუთვნილი 4848 ლარად ღირებული, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მითვისებული ორი ტონა დიზელის საწვავის შეძენას.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ და მსჯავრდებულებმა - ი. ხ–მ, ვ. ტ–მ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. კ–ემ და ი. შ–მ.
- პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ს–ს, ი. ხ–სა და ვ. ტ–ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ხ–სა და ვ. ტ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ვინაიდან საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ. ს–ე, რომელიც კომპანია „..........ში“ მუშაობდა 2017 წლის 11 მაისიდან, საქმეში არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან და შპს „კომპანია ........ში“ დასაქმებული პირის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, როგორც მითითებული კომპანიის მიერ მისთვის გადაცემულ საწვავმზიდზე, ასევე მასზე მინდობილ სხვა ქონებასა და ტექნიკაზე, მათ შორის - საწვავმზიდში არსებულ საწვავზე, რის შესაბამისად, სადავო მოძრავი ქონება - საწვავი იმყოფებოდა ლ. ს–ს მართლზომიერ მფლობელობაში, რომელიც მან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ესე იგი ჩაიდინა მითვისება და არა ქურდობა - სხვისი ნივთის ფარული დაუფლება. შესაბამისად, ლ. ს–მ ჩაიდინა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების - საწვავის მითვისება, ხოლო ვ. ტ–ემ და ი. ხ–მ იცოდნენ რა, რომ ეს ქონება არ წარმოადგენდა ლ. ს–ს საკუთრებას, მისგან, წინასწარი შეცნობით ცდილობდნენ, შეეძინათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საწვავი.
10. ამდენად, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ი. ხ–სა და ვ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულების - ი. ხ–ა და ვ. ტ–ს ქმედებები სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 19, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. წარმოდგენილი საქმის მასალებით საკასაციო სასამართლოსაც, სააპელაციო პალატის მსგავსად, დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. ს–ე შეუთანხმდა ი. ხ–ს, რომ იაფად - 2 ლარად მიჰყიდდა 1 ლიტრ საწვავს. აღნიშნულის შემდეგ ი. ხ–ე დაუკავშირდა ვ. ტ–ს, რომელსაც ჰყავდა შესაბამისი ავტომანქანა. ვ. ტ–ე და ი. ხ–მ ვ. ტ–ს კუთვნილ ავტომანქანაზე მოათავსეს 2 თითოტონიანი ავზი და ერთად გაემგზავრნენ ლ. ს–ს მიერ მითითებულ ადგილას, სადაც დაიწყეს საწვავის ჩასხმა ამ ავზებში, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა. იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულები ვ. ტ–ე და ი. ხ–ე ნამდვილად წინასწარი შეცნობით ცდილობდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას, ადასტურებს შემდეგი: ვ. ტ–მ და ი. ხ–ემ იცოდნენ, რომ ლ. ს–ე საწვავმზიდის მძღოლი იყო; საწვავმზიდზე აღნიშნული იყო მისი კუთვნილი კომპანიის სახელწოდება; მათ ასევე იცოდენენ, რომ ლ. ს–ს საწვავი ო–დან ს–ში ერთ-ერთ ობიექტზე უნდა გადაეტანა, რა დროსაც გზად უნდა გაევლო ქალაქი ფ–ი, სადაც უნდა ჩამოესხათ საწვავი; ვ. ტ–ეს და ი. ხ–ს ლ. ს–სგან საწვავი უნდა შეეძინათ გაცილებით იაფად - 4000 ლარად და მათ თანხა თან ჰქონდათ; ისინი ლ. ს–სთან შეხვედრის ადგილას გაემართნენ სათანადოდ მომზადებულები, ვ. ტ–ს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, მასზე განთავსებული ორი ერთტონიანი ავზით და საავტომობილო გზისგან მოშორებით, მოფარებულ ადგილას, დაიწყეს საწვავის ჩამოსხმა. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ვ. ტ–ესა და ი. ხ–ს არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ იძენდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ. ჯ–ს და მსჯავრდებულების - ი. ხ–ს, ვ. ტ–ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი