საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2021
საქმის ნომერი
2კ-282აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№282აპ-21 ქ. თბილისი

ლ-ა მ-ა, 282აპ-21 23 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას, მსჯავრდებულების – მ. ლ-ას, მ. გ-ასა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. გ-ას, ასევე – მსჯავრდებულ ი. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. გ-ას ბრალი დაედო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. გ-ა აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობს მის საქმიანობაში, დანაშაულებრივი კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ ლიდერებთან და თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული ტრადიციების“ დამკვიდრებასა და გაძლიერებას. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად მ. გ-ა დაუკავშირდა მ. ლ-ას, ი. ჩ-სა და სხვა პირებს. მათ გადაწყვიტეს, დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის ჩადენის წაქეზებით, ქ. ფ-ში საკუთარი გავლენის გაფართოება, მატერიალური სარგებლის მიღებისა და კრიმინალური ავტორიტეტის მოპოვების მიზნით, კერძოდ:

· 2018 წლის სექტემბერში მ. გ-ა და მ. ლ-ა, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – მ. გ-ის (ლ-ის) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებისათვის, დაშინებითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, აიძულებდნენ ზ. ხ-ას 7000 ლარის გადახდას. 2018 წლის 10 სექტემბერს მ. გ-ა მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ. ხ-ას და „კანონიერი ქურდის“ სახელით არწმუნებდა, რომ დაუყოვნებლივ შეესრულებინა ზემოაღნიშნული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება ჩაითვლებოდა „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესის დარღვევად, რის გამოც პრობლემები შეექმნებოდა არა მარტო ზ. ხ-ას, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მის ძმასაც. მ. გ-ა და მ. ლ-ა „კანონიერი ქურდის“ სახელით სისტემატურად მოითხოვდნენ „ქურდული სამყაროს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებასა და თანხის დათქმულ ვადაში გადაცემას. მ. გ-ამ და მ. ლ-ამ თავიანთი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად აიძულეს ზ. ხ-ა, კუთვნილი ავტომანქანა „ბმვ–X5“ (სარეგისტრაციო №--) დროებით გაეჩერებინა ქ. ფ-ში, მ. ლ-ას დის – მ. ლ-ას საცხოვრებელ სახლში.

· 2018 წლის სექტემბერში „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. გ-ა, მ. ლ-ასთან ერთად, „ქურდული გარჩევის“ გზით აიძულებდა გ. ც-ეს, წარსულში არსებული ვალი გადაეხადა ვ. მ-თვის. მ. გ-ა და მ. ლ-ა გ. ც-ეს არწმუნებდნენ, რომ „ქურდულ სამყაროში“ არსებული წესების მიხედვით, ვალი მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა დაფარულიყო. ისინი სისტემატურად და დაჟინებით ითხოვდნენ „ქურდული წესების“ შესრულებას და გ. ც-ეს აიძულებდნენ, დამორჩილებოდა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ ე.წ. „კანონებს“.

· მ. გ-ა დაშინებით, მუქარით, იძულებითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ქ. ფ-ში ახდენს სარგებლისა და უპირატესობის მიღებას. იგი აღიარებს და ეთანხმება „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ წესებს და თავისი აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ გაძლიერებასა და მისი გავლენის გაფართოებას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ლ-ას ბრალი დაედო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. ლ-ა აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობს მის საქმიანობაში, დანაშაულებრივი კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ ლიდერებთან და თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული ტრადიციების“ დამკვიდრებასა და გაძლიერებას. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად მ. ლ-ა დაუკავშირდა მ. გ-ას, ი. ჩ-სა და სხვა პირებს. მათ გადაწყვიტეს, დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის ჩადენის წაქეზებით, ქ. ფ-ში საკუთარი გავლენის გაფართოება, მატერიალური სარგებლის მიღებისა და კრიმინალური ავტორიტეტის მოპოვების მიზნით, კერძოდ:

· მ. ლ-ას აქტიური კრიმინალური კავშირი გააჩნია „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ ლიდერთან – „კანონიერ ქურდ“ მ. გ-ესთან (ლ-სთან). იგი სისტემატურად იღებს მისგან დავალებებს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად. 2018 წლის სექტემბერში მ. ლ-ა დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ კიდევ ერთ წევრს – მ. გ-ას და მასთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – მ. გ-ის (ლ-ს) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებისათვის, დაშინებითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, აიძულებდა ზ. ხ-ას 7000 ლარის გადახდას. 2018 წლის 10 სექტემბერს მ. გ-ა მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ. ხ-ას და „კანონიერი ქურდის“ სახელით არწმუნებდა, რომ დაუყოვნებლივ შეესრულებინა ზემოაღნიშნული მოთხოვნა. საუბარში ჩაერთო მ. ლ-ა, რომელმაც ზ. ხ-ას დაუდასტურა „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და კატეგორიულად მოითხოვა თანხის დათქმულ დროში გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება ჩაითვლებოდა „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების დარღვევად, რასაც მოჰყვებოდა შესაბამისი შედეგები. მ. ლ-ა და მ. გ-ა „კანონიერი ქურდის“ სახელით სისტემატურად მოითხოვდნენ „ქურდული სამყაროს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებასა და თანხის დათქმულ ვადაში გადაცემას. მ. ლ-ამ და მ. გ-ამ თავიანთი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად აიძულეს ზ. ხ-ა, კუთვნილი ავტომანქანა „ბმვ–X5“ (სარეგისტრაციო №--) დროებით გაეჩერებინა ქ. ფ-ში, მ. ლ-ას დის – მ. ლ-ას საცხოვრებელ სახლში.

· 2018 წლის სექტემბერში „ქურდული სამყაროს“ წევრები – მ. ლ-ა და მ. გ-ა „ქურდული გარჩევის“ გზით აიძულებდნენ გ. ც-ეს, წარსულში არსებული ვალი გადაეხადა ვ. მ-ისათვის. 2018 წლის 5 და 7 სექტემბერს მ. ლ-ა დაუკავშირდა გ. ც-ეს და თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულებდა, „ქურდულ სამყაროში“ არსებული წესების მიხედვით, ვალი მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში დაეფარა. მ. ლ-ა და მ. გ-ა სისტემატურად და დაჟინებით ითხოვდნენ „ქურდული წესების“ შესრულებას და გ. ც-ეს აიძულებდნენ, დამორჩილებოდა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ ე.წ. „კანონებს“.

· მ. ლ-ა დაშინებით, მუქარით, იძულებითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ქ. ფ-ში ახდენს სარგებლისა და უპირატესობის მიღებას. იგი აღიარებს და ეთანხმება „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ წესებს და თავისი აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ გაძლიერებასა და მისი გავლენის გაფართოებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ჩ-ს ბრალი დაედო: „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· „ქურდული სამყაროს“ წევრი ი. ჩ-ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობს მის საქმიანობაში, დანაშაულებრივი კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ ლიდერებთან და თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული ტრადიციების“ დამკვიდრებასა და გაძლიერებას. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად ი. ჩ. დაუკავშირდა მ. გ-ას, მ. ლ-ასა და სხვა პირებს. მათ გადაწყვიტეს, დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის ჩადენის წაქეზებით ქ. ფ-ში საკუთარი გავლენის გაფართოება, მატერიალური სარგებლის მიღებისა და კრიმინალური ავტორიტეტის მოპოვების მიზნით, კერძოდ:

· ი. ჩ-ს აქტიური კრიმინალური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ ლიდერებთან, „კანონიერ ქურდებთან“ – ძმებ ჯ. (ბ.) და ს. (რ.) ბ-ებთან. იგი სისტემატურად უკავშირდება „კანონიერ ქურდ“ ჯ. (ბ.) ბ-ს და იღებს მისგან დავალებებს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად. 2018 წლის 30 სექტემბერს ი. ჩ-ს დაუკავშირდა ს. ნ-ი, რომელმაც სთხოვა, „კანონიერი ქურდის“ – ჯ. (ბ.) ბ-ის მეშვეობით გაეწია დახმარება. მისი განმარტებით, „ქურდული სამყაროს“ სხვა დაჯგუფის წევრები ითხოვდნენ 200000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, რაც ს. ნ-ს უსამართლოდ მიაჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ი. ჩ-ი რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერ ქურდ“ ჯ. (ბ.) ბ-ს და სთხოვა, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად გადაეწყვიტა მითითებული დავა. 2018 წლის 1 ოქტომბერს ი. ჩ-ს შეხვდა ს. ნ-ის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი მ. მ-ა, რომელიც შეეცადა, გაერკვია, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ჰქონდა თუ არა პირადი დაინტერესება „კანონიერ ქურდ“ ჯ. (ბ.) ბ-ს. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, იმავე დღეს ი. ჩ-ი და მ. მ-ა შეხვდნენ ს. ნ-ს, რომელსაც, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების მიხედვით, განუმარტეს თანხის გადახდის აუცილებლობის შესახებ.

· 2018 წლის 1 ოქტომბერს ი. ჩ-ს დაუკავშირდა დ. ბ-ა და განუცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ სხვადასხვა დაჯგუფება ერთდროულად მოითხოვდა მისგან გარკვეული თანხის გადახდას. იგი დაინტერესდა, „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით, კრიმინალური სამყაროს რომელი წარმომადგენლისათვის უნდა გადაეხადა თანხა. ი. ჩ-მა დაავალა „ქურდული სამყაროს“ წესებით მოქმედება და ორივე დაჯგუფების ინტერესების გათვალისწინება.

· 2018 წლის 19 და 21 ოქტომბერს ი. ჩ-ი შეხვდა ვ. მ-ეს და მოსთხოვა თანხის გადახდა. ვ. მ-ე დასთანხმდა თანხის ნაწილის გადახდას, ხოლო დარჩენილი ნაწილი, მისი აზრით, არ იყო გადასახდელი. ი. ჩ-ი, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, არწმუნებდა ვ. მ-ეს, რომ თანხა სრულად იყო გადასახდელი და „კანონიერი ქურდი“ ჯ. (ბ.) ბ-იც იმავეს ითხოვდა.

· ი. ჩ-ი დაშინებით, მუქარით, იძულებითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ქ. ფ-ში ახდენს სარგებლისა და უპირატესობის მიღებას. იგი აღიარებს და ეთანხმება „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ წესებს და თავისი აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ გაძლიერებასა და მისი გავლენის გაფართოებას.

· ი. ჩ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქ. ფ-ში, დ. თ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ორ საინიექციო შპრიცში უკანონოდ ინახავდა 0,000102 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“, რაც 2019 წლის 2 მარტს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ფ-ში ჩატარებული მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მ. გ-ას, მ. ლ-ასა და ი. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

მ. გ-ა, – დაბადებული 19- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 მარტიდან.

მ. ლ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 მარტიდან.

ი. ჩ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ჩ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 მარტიდან.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. გ-ამ, მ. ლ-ამ და ი. ჩ-მა ჩაიდინეს ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას; ი. ჩ-მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 ნაწილის საფუძველზე ი. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

8. პროკურორი დიმიტრი ხვიტია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. გ-ას, მ. ლ-ასა და ი. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავეებად ცნობას და მათთვის კანონიერი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ას, მ. ლ-ასა და ი. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების პოზიციებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების ჩვენებებით, ფონოგრამებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, ამოღების, ნიმუშის აღებისა და ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა: მ. ლ-ამ, მ. გ-ამ და ი. ჩ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულმა ი. ჩ-მა – ასევე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

12. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

13. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას, მსჯავრდებულების – მ. ლ-ას, მ. გ-ასა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. გ-ას, ასევე – მსჯავრდებულ ი. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე