ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 07.10.2021
საქმის ნომერი
2კ-421-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №421I -21 თბილისი

ფ-ი ტ-ნ, 421I -21 7 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ფ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - შ. ქ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ტ. ფ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით ტ. ფ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ასევე ჩაეთვალა პირობითად. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ფ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ფ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. ფ-მა, რომელიც საჩივარზე დართული დაზარალებულების თანხმობების საფუძველზე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) ჩამდენი პირი, თუ თითოეულმა დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულმა ტ. ფ-მა წარმოადგინა დაზარალებულების - გ. შ-სა და თ. გ-ის თანხმობები მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ ტ. ფ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმული ჰქონდა იმავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისაგან.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი ტ. ფ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. ფ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ტ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებული ტ. ფ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმული ჰქონდა იმავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისაგან;

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი ტ. ფ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე