საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№422აპ-21 ქ. თბილისი
ჟ-ი ა-ს, 422აპ-21 26 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჟ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ა. ჟ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ა. ჟ-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 6 თვე და ა. ჟ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ა. ჟ-მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ა-ის რაიონის დაბა ა-ში, ა. ჟ-ი საყოფაცხოვრებო ურთიერთობის ნიადაგზე დაემუქრა ა. დ-ეს ცეცხლის წაკიდებით კუთვნილი ავტომანქანის დაწვით (განადგურებით). ამასთან, ა. ჟ-მა ნავთობპროდუქტის საშუალებით სცადა ა. დ-ის ავტომანქანისათვის ცეცხლის მოკიდება, რის გამოც დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ა. ჟ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა. საფუძვლიანი შიშის შესაფასებლად სასამართლო მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას; ამასთან, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე. მსჯავრდებულ ა. ჟ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა. დ-ის, მოწმეების – ი. ჟ-ის, გ. დ-სა და სხვათა ჩვენებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 22 ივლისის №- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 25 აგვისტოს №- დასკვნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
8. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №665აპ-21; №94აპ-21).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჟ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე