საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003520959
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №414აპ-21 ქ. თბილისი
ბ. ო. 414აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ო. ბ–ს, დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან;
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, რ–ის გზატკეცილი N.., ბინა N...-თან, მთვრალმა ო. ბ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. რ–ს, დაარტყა ხელები და ფეხები სახისა და ტანის არეში არაერთხელ, სცემა უმოწყალოდ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან. განხორციელებული ქმედებების გამო გ. რ–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
- 2020 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი N.., ბინა N..-თან, მთვრალი ო. ბ–ი დაემუქრა დ. ს–ს ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი N.., ბინა N..-თან, მთვრალმა ო. ბ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ს–ს, დაარტყა ხელები და ფეხები სახისა და ტანის არეში არაერთხელ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ო. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დ. ს–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ო. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (გ. რ–ს ეპიზოდი);
ო. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ. რ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
ო. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და ო. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული 2 წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის N...... გადაწყვეტილებით 11 თვითა და 12 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 12 დღით და ო. ბ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 11 თვითა და 12 დღით;
ო. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 2 თებერვლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დაადგინა: 2020 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი N.., ბინა N...-თან, მთვრალმა ო. ბ–მ ხელებით და ფეხებით სახისა და ტანის არეში სცემა გ. რ–ს. ცემის შედეგად გ. რ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; ო. ბ–ი გ. რ–ს ცემის შემდეგ სიცოცხლის მოპობით დაემუქრა ამ უკანასკნელის მეუღლეს - დ. ს–ს. უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. დ. ს–მ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა ლევან ვეფხვაძემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ო. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მითითებული პოზიცია შეთანხმებული აქვს ზემდგომ პროკურორთან). ასევე, მსჯავრდებულმა ო. ბ–მ და მისმა ადვოკატმა ს. გ–მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დ. ს–ს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო გ. რ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის - მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ო. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დ. ს–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ო. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე (გ. რ–ს ეპიზოდი);
ო. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ. რ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
ო. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული 2 წლით პირობითი მსჯავრი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის N....... გადაწყვეტილებით 11 თვითა და 12 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 16 დღით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ო. ბ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
ო. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 2 თებერვლიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით დაადგინა: ო. ბ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია (გ. რ–ს ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დ. ს–ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი N.., ბინა N...-თან, მთვრალმა ო. ბ–მ ხელებითა და ფეხებით სახისა და ტანის არეში სცემა გ. რ–ს. ცემის შედეგად, დაზარალებულ გ. რ–ს თავის არეში არსებული ყველა დაზიანება ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; ო. ბ–ი გ. რ–ს ცემის შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამ უკანასკნელის მეუღლეს - დ. ს–ს. უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. დ. ს–მ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ს. გ–მ და ითხოვა ო. ბ–ს სრულად გამართლება.
10. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ადვოკატმა ს. გ–მ და ითხოვა ო. ბ–ს სრულად გამართლება.
12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლო ეთანხმება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულების - გ. რ–სა და დ. ს–ს ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტები, სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნა), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო. ბ–ს მიერ გ. რ–ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
14. გ. რ–ს განმარტებით, 2020 წლის 2 თებერვალს, ღამე, მასთან სახლში მივიდა მთვრალი ო. ბ–ი და ითხოვდა გ. რ–ს მეუღლესთან - დ. ს–სთან შეხვედრას. ამ უკანასკნელს ეძინა, რის გამოც გ. რ–მ ო. არ შეუშვა სახლში და ჩაკეტა კარი. ო. ბ–მ დაიწყო ბრახუნი, რის გამოც გ. რ–ი იძულებული გახდა კარი გაეღო. ო. ბ–მ კარის გაღებისთანავე ძლიერად დაარტყა სახეში, გ. რ–ი წაიქცა. ო. წაქცეულს დააჯდა ზემოდან, ხელებს ურტყამდა სახისა და თავის არეში. იატაკზე წაქცეულ გ. რ–ს ცალი ხელი ო. ბ–ს სხეულის ქვეშ ჰქონდა, ამიტომ მეორე ხელით ცდილობდა თავდამსხმელის მოგერიებას, მათ შორის - შუშის ქილით, რომელიც იქვე აიღო. თავის მხრივ, ო. ასევე, ურტყამდა ქილას, რომელიც დარტყმების შედეგად გატყდა. გ. რ–ი დაიღალა (ძალა დაკარგა) და ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა (ო. ბ–ს დარტყმებზე საპასუხო დარტყმები), დაუძახა მეუღლეს - ,,დ., მიშველე“. დ. ს–ს გაეღვიძა და შეძლო ო. ბ–ს გარიდება, კერძოდ, ფეხზე მოჰკიდა ხელი და გაათრია კიბისკენ (2020 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი, 19:10, 27:33 და 32:59), რითიც ისარგებლა გ. რ–მ, შევიდა სახლში და მოიწმინდა სისხლი, რომელიც ცხვირ-პირიდან სდიოდა (19:50). დაახლოებით 5 წუთში დ. ს–ეც შევიდა სახლში და უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
15. დ. ს–მ ასევე, დაადასტურა, რომ 2020 წლის 2 თებერვალს, გვიან ღამე, გააღვიძა მეუღლის - გ. რ–ს ხმამ: „დ., მიშველე, ო. მკლავს“. დერეფანში გასულმა დაინახა, რომ მთვრალი ო. ბ–ი გ. რ–ზე ფიზიკურად ძალადობდა, კერძოდ, მუშტებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. დ. ს–მ გააშველა მოძალადე და მსხვერპლი. გ. რ–ი იყო ძლიერ ნაცემი და სისხლიანი. დარტყმებისგან თვალი ისე ჰქონდა შეშუპებული, რომ ვერ ახელდა.
16. პატრულ-ინსპექტორების - ლ. წ–სა და დ. დ–ს ჩვენებებით, 2020 წლის 2 თებერვალს მიიღეს შეტყობინება ცემის ფაქტზე. გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ გ. რ–ი, რომელსაც სახე მთლიანად სისხლიანი ჰქონდა, აღენიშნებოდა დაზიანებები სახისა და თავის არეში. გ. რ–მ პოლიციელებს განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობელმა ო. ბ–მ. პოლიციელებმა დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს ო. ბ–ი, დაკავებული იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
17. ბრალდებულმა ო. ბ–მ დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ 2020 წლის 2 თებერვალს გ. რ–ს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად აღწერა. ო. ბ–ს განმარტებით, 2020 წლის 2 თებერვალს, გვიან ღამით, საცხოვრებელ მისამართზე მიუვარდა გ. რ–ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კონფლიქტი გადაიზარდა ორმხრივ ჩხუბში, რა დროსაც სცემა გ. რ–ს, ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ ქილა ჩაარტყა თავში და სხვაგვარი დაზიანებებიც მიაყენა.
18. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 12 იანვრის N........... დასკვნის თანახმად: შპს ,,.... ჰოსპიტლის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო: ბარათი N.....-ისა და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N...-ის ჩანაწერების მიხედვით, გ. რ–ი აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 02.02.20 წ-დან 05.02.20წ-მდე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, გ. რ–ს აღენიშნება დაზიანებები: ექსკორიაციები სახის არეში, დაჟეჟილი ჭრილობა მარცხნივ, შუბლის მიდამოში, კანქვეშა ჰემატომა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევით. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა. მარჯვნივ, ჰაიმორის წიაღის წინა, ზედა (თვალბუდის ფსკერის) კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების შეცილებით, პერინაზალური, მარჯვნივ, პერიორბიტალური და შუბლის მიდამოს რბილი ქსოვილების იმბიბიციით და ჰემოსინუსიტის განვითარებით.
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია „.......ის“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ნ. ს–მ. დასკვნის თანახმად: „არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება: ცხვირის ძვლების და ძგიდის მოტეხილობები. მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა, ზედა, მედიალური კედლების (ზედა ყბის ძვალი) მოტეხილობები. პერიორბიტალური, პერინაზალური კანქვეშა ჰემატომები, პერიორბიტალური კანქვეშა ემფიზემა. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (02.02.2020) წინააღმდეგობაში არ არის“;
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით;
ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის აღწერილი ექსკორიაციების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად;
თავის არეში არსებული ყველა სხვა დაზიანება ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 02.02.2020-ის თარიღს.
19. სამედიცინო ჩარევის N.. ოქმის თანახმად პაციენტს აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა მარცხნივ შუბლის მიდამოში ზომით 2x0,5 სმ-ზე. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, დაედო კვანძოვანი ნაკერები, ასეპტიური ნახვევი.
20. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება რომ 2020წლის 2 თებერვალს, ღამის 04:03 საათზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დაკავებული იქნა ო. ბ–ი. ალკოტესტზე შემოწმებით დაკავებულს დაუდგინდა სიმთვრალე : 6.673% ეთილის სპირტი.
21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. რ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ო. ბ–ს პოზიციას, რომ თითქოს, ძალადობა სხვა გარემოებებსა და ადგილზე განვითარდა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
22. სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას დაზარალებულ დ. ს–ს ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს, რომ დ. ს–მ უარყო მასზე განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნული ახსნა შემთხვევითობით (გაშველების დროს შემთხვევის ადგილზე იყო სიბნელე, ო. ბ–ს მოქნეული ხელ-ფეხი შემთხვევით მოხვდა მას), დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც შექმნიდა ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ან/და საკმარისი იქნებოდა დაზარალებულის ჩვენების გაუზუარებლობისთვის.
23. დ. ს–ს მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დ. ს–მ დაკითხვისას განმარტა, რომ გ. რ–ს ცემის შემდეგ, ო. ბ–ი ცოლ-ქმარს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით - ,,თავებს დაგაჭრით, დაგხოცავთ“. მანვე მიუთითა, თუ რატომ იყო მსჯავრდებულის მუქარა მისთვის რეალური და შიშის მომგვრელი - განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ მუქარა განხორციელდა გ. რ–ს ცემისთანავე, მოწმემ მიუთითა, რომ ო. ბ–ს აქვს კრიმინალური წარსული, არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, მთვრალი კი უკიდურესად აგრესიულია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ლ. ს–ს (გამომძიებელი) განმარტებას, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას გ. რ–ი გადაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ო. ბ–ი უკვე დაკავებული იყო მან ვერ შეძლო დ. ს–ს გამოკითხვა, ვინაიდან დ. ს–ე არც ტელეფონზე პასუხობდა და არც კარს აღებდა, რადგან იყო შეშინებული (01:27:40).
24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დღეს მოქმედი რედაქციით ო. ბ–ს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ჩადენილი დანაშაული (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს. მითითებული დანაშაულის ჩადენისას ო. ბ–ი იყო ნასამართლობის არმქონე (ნასამართლობა გაქარწყლებული), რის გამოც მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, რომლის თანახმადაც: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ო. ბ–ს სასჯელის ნაწილი, რომელიც განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.
25. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ო. ბ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ¼-ით უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის N........ გადაწყვეტილებით 11 თვითა და 12 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 16 დღით.
27. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც - სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა მინიმალური ხანგრძლივობა) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
29. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
30. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე