დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.11.2021
საქმის ნომერი
2კ-445-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802221005215301

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№445I-21 ქ. თბილისი

ჩ-ი ე, 445I-21 30 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჩ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1.1. 2021 წლის 11 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ.

1.2. 2021 წლის 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ჩ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

1.3. 2021 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ე. ჩ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 11 ნოემბრამდე.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ე. ჩ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2022 წლის 11 თებერვლამდე.

2. ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2008 წლის 25 ივლისს ე. ჩ-მ, რომელმაც დაზარალებული ა. ბ. გაიცნო აღნიშნულ შემთხვევამდე 6 თვით ადრე, იგი, გარკვეული ფოტოსურათების გადაცემის მოტივით, დაიბარა საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ე. ჩ-ის თანამზრახველი. დაზარალებულის მოსვლის დროისთვის ე. ჩ. და მისი თანამზრახველი სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დაალევინეს დაზარალებულსაც. აღნიშნულის შემდგომ, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, თავდაპირველად, ე. ჩ-ის თანამზრახველმა დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, ხოლო შემდგომ - ე. ჩ-მ.

2.2. გარდა აღნიშნულისა, 2008 წლის 15 აგვისტოს ე. ჩ. კვლავ დაუკავშირდა დაზარალებულ ა. ბ-ს და განუცხადა, რომ ფლობდა მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას, რომლის გადაცემის მიზნითაც დაზარალებული ე. ჩ-ის მიერ მითითებულ მისამართზე უნდა მისულიყო. დაზარალებულის მისვლის შემდგომ, ალკოჰოლით მთვრალმა ე. ჩ-მ ბასრი და ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით ორჯერ დაამყარა დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი. ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულს აღენიშნებოდა დალურჯებები კისრის არეში, ასევე, სხეულზე აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები. ამასთან, ე. ჩ-მ დაზარალებულის მკლავზე ბასრი საგნით ამოტვიფრა ლათინური ასო - „E”.

3. ე. ჩ-ის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

3.1. 2011 წლის 9 ივნისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის N.... სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 და მე- 6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ე. ჩ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2013 წლის 22 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

3.3. 2013 წლის 11 ივლისს თ-ის რესპუბლიკის გ-ის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ე. ჩ-ს დაკავების ბრძანება.

4. 2021 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის N.... სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის გ-ის მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის N.... სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის გ-ის მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ყ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები. კასატორი აღნიშნავს, რომ ე. ჩ-ს საქართველოში ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, გააჩნია უძრავი ქონება, მოინათლა მართლმადიდებელ ქრისტიანად, ასევე იგი იდევნება თ-ის რესპუბლიკაში და შესაძლებელია, ექსტრადიციის შემთხვევაში მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. ჩ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ:

· დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე რელევანტური მტკიცებულება უშუალოდ საჩივარში გაცხადებულ საფრთხეებთან დაკავშირებით;

· ცალკეული საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ საქმის განხილვის პარალელურად ან საქმის განხილვის დასრულების შემდეგ რაიმე დანაშაულის ჩადენა, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს მის მიერ განსახილველ/განხილულ სისხლის სამართლის საქმესთან, ზეგავლენას ვერ მოახდენს აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე;

· გარდა დაცვის მხარის მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა და წარმოდგენილი არარელევანტური მასალებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ე. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის inter alia მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე;

· საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ე. ჩ-ს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება;

· ე. ჩ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს;

· ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქმის მასალების თანახმად, ამ ეტაპზე ე. ჩ-ს არ აქვს წაყენებული ბრალი საქართველოში დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვის სასამართლო ეტაპზე ვერ მოხდება ექსტრადიციის გადავადების შესახებ მსჯელობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვის, ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.

3. თ-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 11 მაისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ჩ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. მოცემულ საქმეში ე. ჩ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5.3. ე. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია თ-ის რესპუბლიკის N.... სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5.4. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში მოცემული ქმედება დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია შესაბამისად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5.5. ამასთან, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით ე. ჩ-ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნით, კერძოდ, 17 წლითა და 6 თვით (დამამძიმებელ გარემოებებში ბავშვზე სექსუალური ძალადობისათვის).

5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ე. ჩ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობა სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ჩ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.

7. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“

7.2. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ე. ჩ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

7.3. მნიშვნელოვანია, რომ ე. ჩ-ის მიმართ განხორციელებული სამართალწარმოების კანონიერება შეამოწმა თ-ის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომაც, რომელმაც საქმის ყველა გარემოების შესწავლის შედეგად პირველი ინსტანციის განაჩენი დატოვა ძალაში. ამასთან, ე. ჩ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ადამიანის უფლებების დაცვის იმ საერთაშორისო მექანიზმებით, რომელთა მონაწილეცაა თ-ის რესპუბლიკა, მათ შორის, საჩივრით მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია.

7.4. აღსანიშნავია, რომ ე. ჩ. თ-ის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოების დროს არ ესწრებოდა რამდენიმე სასამართლო სხდომას, მათ შორის - 2011 წლის 9 ივნისს განაჩენის გამოტანის სხდომას. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი მასალების თანახმად, ე. ჩ-მ მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მისივე ინტერესების დამცველი ადვოკატის თანდასწრებით მისცა ჩვენება. ამასთან, იგი პირადად იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადებულა და შემდგომ სხდომებს, მათ შორის, განაჩენის გამოტანის სხდომას, ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და სამართალწარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში ე. ჩ. სათანადოდ იყო უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ე. ჩ-მ სრულფასოვნად ისარგებლა ხსენებული განაჩენის გასაჩივრების უფლებით. კერძოდ, დაცვის მხარემ სათანადო წესით გაასაჩივრა თ-ის რესპუბლიკის გ-ის მე-3 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განაჩენი.

7.5. ამდენად, ე. ჩ. პირადად იყო ინფორმირებული სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, მისთვის ცნობილი იყო გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე და ამ პირობებში არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

7.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, განხილულ საქმეებში, რომლებიც ეხებოდა დაუსწრებლად მსჯავრდებას, სასამართლომ დაადგინა, რომ პირისთვის მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმირება ისეთი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტია, რომ ის უნდა განხორციელდეს პროცედურული და არსებითი მოთხოვნების შესაბამისად, რაც იქნება ბრალდებულის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობის გარანტია; არსებული ბრალდებისა და პროცესების შესახებ ბუნდოვანი და არაფორმალური ცოდნა არ არის საკმარისი (იხ. Somogyi v. Italy, §75, ECHR 2004-IV). თუმცა, ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ გარკვეულმა დადგენილმა ფაქტებმა შეიძლება წარმოადგინოს ცალსახა მინიშნება იმისა, რომ ბრალდებულმა იცის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობის, ბრალდების ხასიათისა და მიზეზის თაობაზე, ან არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომებში ან სურს მიემალოს სამართალდამცავ ორგანოებს. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, როდესაც ბრალდებული საჯაროდ ან წერილობით აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოში გამოძახების შესახებ უწყებაზე რეაგირებას, რომლის შესახებაც მან შეიტყო არაოფიციალური წყაროებისგან, ან როდესაც მან შეძლო თავი აერიდებინა დაკავების მცდელობისთვის (იხ. Iavarazzo v. Italy (dec.), 2001)) ან როდესაც არსებობს მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა იცის მის მიმართ მიმდინარე პროცესებისა და ბრალდების შესახებ (Vybornova v. Russia, (dec.) §29, 2019)).

7.7. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ე. ჩ-მ თვითონ თქვა უარი თავის უფლებაზე - უშუალოდ დასწრებოდა ცალკეულ სასამართლო სხდომას და პირადად დაეცვა თავი. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენიმე სასამართლო სხდომის ე. ჩ-ს დაუსწრებლად ჩატარება შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს და არ არსებობს საქმის ხელახალი განხილვის საჭიროება.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).

8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.

8.3. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ე. ჩ. მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და თხუთმეტ წელში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

8.4. ე. ჩ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის გათვალისწინებითაც ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

8.5. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (თ-ის რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. ჩ-ს უარი ეთქვა საქმის არსებით განხილვაზე ვადების დარღვევის გამო.

9.4. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაცულია ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.

9.5. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში.

11. სამართალწარმოება ერთსა და იმავე დანაშაულთან დაკავშირებით და დანაშაულის ჩადენის ადგილი:

ე. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ არის ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე და ამავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოითხოვება, საქართველოში სამართალწარმოება არ მიმდინარეობს („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლები).

12. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

12.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“

12.2. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ე. ჩ-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

12.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

12.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).

12.5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ-ის ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ე. ჩ-ის სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ვინაიდან შეიცვალა რელიგია და გახდა ქრისტიანი, რის გამოც კონკრეტული პირები ემუქრებიან. ამასთან, მისი განმარტებით, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე.

12.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ე. ჩ-ს და მისი ადვოკატის - ნ. ყ-ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა და წარმოდგენილი არარელევანტური მასალებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ე. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის inter alia მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

12.7. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თ-ის რესპუბლიკაში, ეროვნების ნიშნით ანდა რელიგიის შეცვლის გამო, დაირღვა ე. ჩ-ს რომელიმე უფლება, ან ემუქრებოდნენ მას. აგრეთვე, არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ე. ჩ-მ უფლებების დარღვევის, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ანდა მის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე მიმართა თ-ის რესპუბლიკის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, ხოლო მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს.

12.8. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. ჩ-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ე. ჩ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

12.9. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ე. ჩ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ე. ჩ-ს უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ-ს ადვოკატი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აპელირებს ე. ჩ-ს საქმის განმხილველი მოსამართლის ტერორისტული ორგანიზაციის (FETO) წევრობის ბრალდებით დაკავების თაობაზე.

13.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ ე. ჩ-ს საქმესთან დაკავშირებით რაიმე დანაშაულის ან გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, არ იკვეთება რაიმე ფაქტორის არსებობა, რაც მოსამართლისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას დააკავშირებდა ე. ჩ. და წარმოდგენილი მასალები ვერ მიუთითებენ რაიმე მოტივის არსებობაზე, რომლის საფუძველზეც მოსამართლეს შესაძლებელია, მიეღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ე. ჩ-სთან მიმართებით. ცხადია, ცალკეული საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ საქმის განხილვის პარალელურად ან საქმის განხილვის დასრულების შემდგომ რაიმე დანაშაულის ჩადენა, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს მის მიერ განსახილველ/განხილულ სისხლის სამართლის საქმესთან, ზეგავლენას ვერ მოახდენს აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით და შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მითითებული მოსამართლე, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ იმოქმედებდა ინდივიდუალური ნების საფუძველზე, ერთპიროვნულად.

14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

14.1. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ე. ჩ-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან ე. ჩ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საფრთხეს შეუქმნის ოჯახის ურღვევობის პრინციპს, რადგან მას მოუწევს შვილისა და მეუღლისაგან განცალკევებულად ცხოვრება წლების მანძილზე.

14.2. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

14.3. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოში ცხოვრობს ე. ჩ-ს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, დაცვის მხარის მითითებით, ე. ჩ-ს და მის მეუღლეს 2021 წლის 6 ნოემბერს შეეძინათ შვილი.

14.4. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ საკუთარ პოზიციაში იმსჯელა დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოცემულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ე. ჩ-ს ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და ამდენად, მისი ექსტრადიცია სრულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს. მიუხედავად თ-ის რესპუბლიკაში ე. ჩ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვისა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვა დასახული კანონიერი მიზნის პროპორციულია, კერძოდ, ე. ჩ. მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სქესობრივი დანაშაულის ორი, ცალკეული ეპიზოდის ჩადენაში, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე, სენსიტიური ხასიათის დანაშაულს, რომლის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლაც არსებითად მნიშვნელოვანია როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენციისთვის.

14.5. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თ-ის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, ე. ჩ-ს მეუღლეს შესაძლებლობა ექნება ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაუროს თ-ის რესპუბლიკაში ე. ჩ-ს მოსანახულებლად; ამასთან, ე. ჩ-ის ოჯახის სხვა წევრები ცხოვრობენ თ-ის რესპუბლიკაში. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი ექსტრადიცია მოითხოვება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის დანაშაულისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ჩ-ის მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.

15. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

16. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება ე. ჩ-ის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე და ექსტრადიცია უნდა გადავადდეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

16.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქმის მასალების თანახმად, ამ ეტაპზე ე. ჩ-ს არ აქვს წაყენებული ბრალი საქართველოში დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვის სასამართლო ეტაპზე ვერ მოხდება ექსტრადიციის გადავადების შესახებ მსჯელობა. შესაბამისად, ადვოკატ ნ. ყ-ს პოზიცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი