გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-814-1451-03 4 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-ის“ წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 1998წ. 6 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ¹4/98 166000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი თანხა.
2000წ. 4 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ¹ Д/00-0023. ამ ხელშეკრულებით ბანკმა მსესხებელზე სესხის გადასაცემად გამოყო საკრედიტო ხაზი _ 110000 აშშ დოლარის ოდენობით, ექვსი თვის ვადით.
შემდგომში დამატებით გაფორმდა სხვა საკრედიტო ხელშეკრულებები ¹Д/00-002302,3,4,5,6.
ამ ხელშეკრულებებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი წლიური 24%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან დღეის მდგომარეობით დასაფარია ძირითადი თანხა _ 210320 აშშ დოლარი, პროცენტი _ 16528 აშშ დოლარი, სულ 226848 აშშ დოლარი.
ბანკის მიერ გაცემული კრედიტები უზრუნველყოფილია იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით, რომლითაც დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი აქტივები.
მოსარჩელის განცხადებით, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებებისა, 2000წ. 27 აპრილს გასცა საბანკო გარანტია 250000 აშშ დოლარით. იმავე დღეს გაფორმდა ხელშეკრულება ¹27ა/04 საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, გარანტიის გასაცემ თანხას უნდა დაერიცხოს ყოველთვიურად 0,5%. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული პროცენტი უნდა დაერიცხოს სს „თ-ის“ ლიკვიდატორის დანიშვნამდე პერიოდისათვის (2001წ. 5.03), რაც შეადგენს 12500 აშშ დოლარს. მოსარჩელემ გადაიხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა _ 250000 აშშ დოლარი მოპასუხის სასარგებლოდ, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხა დარიცხულ პროცენტთან (12500 აშშ დოლარი) ერთად.
მოსარჩელემ საბოლოო ჯამში მოითხოვა 489348 აშშ დოლარი და მოპასუხის იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
მოპასუხემ შეპასუხება არ წარმოადგინა, იგი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. მოპასუხეს მთავარი სხდომის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საქმის მასალებში არ მოიპოვება სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული 1998წ. 6 მაისის ¹ჩ 98/06 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული 1998წ. 6 მაისის ¹ჩ 98/06-01 საკრედიტო ხელშეკრულება. ასევე საბანკო გარანტიაში მითითებული საკრედიტო ხელშეკრულება დადებული „ვ-სა და „ს-ს“ შორის.
კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კრედიტის გაცემის (გადარიცხვის) დამადასტურებელი საბუთები, არ გამოუყენებია მოსამზადებელი ეტაპი და არც მთავარი სხდომის დანიშვნამდე განუცხადებია შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმის მასალებზე დართვის შესახებ. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 623-ე, 867-ე მუხლები, სსკ-ის 102, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ს“ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-ის“ ლიკვიდატორმა _ თ. გ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 203-ე, 205-ე, 206-ე მუხლებით და დაევალებინა მოსარჩელისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა. ამასთან, თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ არ განიხილა სრულად და ობიექტურად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მხოლოდ ამის შემდეგ, აძლევს სასამართლო იურიდიულ შეფასებას დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ გამოიყენა სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ამავე კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
აღნიშნულის გარდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მტკიცებულებები 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განეხილა ყოველხმრივ, სრულად და ობიექტურად. სსკ-ის 222-ე მუხლის შესაბამისად, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ, მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.