საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100121004486942
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №829აპ-21 ქ. თბილისი
გ-ა ი, 829აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. გ-ს, - დაბადებულს …. წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 16 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, მ-ის მესამე გასასვლელი, კორპუს №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ი. გ, რომელიც მთვრალი იყო ალკოჰოლური სასმლით, ოჯახის წევრს, დედას - ა. ფ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ღამე მძინარეს დაახრჩობდა, რაც ა. ფ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით:
2.1. ი. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.2. ი. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2.3. ი. გ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ი. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ი. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
7. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. ფ-მ განმარტა, რომ 2021 წლის 16 თებერვალს მას ი. გ. არ დამუქრებია; ი-მა გაიკეთა ფეხის ოპერაცია, რის შემდეგაც იყო ცუდად, ნარკოზის გამო ჰქონდა ჰალუცინაციები, ტკივილისგან უმისამართოდ ყვიროდა, რის გამოც მას ეშინოდა და ყოფილა შემთხვევა, რომ ამის გამო მას ღამე მეგობარ ი. ე-ნ გაუთენებია. 2021 წლის 27 თებერვალს ი. გ. იყო ნასვამი და მათ სიტყვიერი კამათი მოუვიდათ თამბაქოსთან დაკავშირებით. შვილმა თამბაქო ძირს გააბნია, რაც მას არ მოეწონა და ი-ს მოუწოდა, თავად აეგროვებინა. ამის შემდეგ მან ი. გ-ს მოსთხოვა ტელეფონი, რაც შვილმა არ გადასცა და დააგდო ძირს. მოწმის განმარტებით, ი. გ-ს ქმედებებით გაღიზიანებულმა გამოუძახა პოლიციას.
8. სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ნაწილი, რომელშიც ა. ფ. ამხელდა თავის შვილს მუქარის ჩადენაში. მოწმე აღნიშნულ ჩვენებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ი. გ. მას გაგუდვით არ დამუქრებია და არც ფიზიკურად უძალადია, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არის სიმართლე, რითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ. ა. ფ-მ დამატებით განმარტა, რომ ი. გ. ჰალუცინაციის დროს მასზე არ ძალადობდა, ის ტკივილის გამო ყვიროდა, რაც მას აშინებდა. მოწმის განმარტებით, მათ ოჯახში არსებულ უთანხმოებას, კერძოდ, ტელეფონის გადაგდების ფაქტს, შეესწრო მეზობელი ი. ე. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ მას ბრალდებულის ყვირილის არ შეშინებია. რაც შეეხება მუქარას, ბრალდებული არ დამუქრებია, შესაბამისად, ის ვერ აღიქვამდა ბრალდებულის მუქარას რეალურად. გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობასთან მიმართებით კი განმარტა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მას შეიძლება გაბრაზებისგან არარსებული ფაქტები ეთქვა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. ე-ა განმარტა, რომ არის დაზარალებულის მეგობარი. შემთხვევის დღეს, 2021 წლის თებერვალში (დღეს ვერ იხსენებს), იმყოფებოდა ა. ფ-ნ სტუმრად, ისხდნენ სამზარეულოში და საუბრობდნენ, ხოლო ი. გ. იმყოფებოდა სხვა ოთახში და ა. ფ-ს ტელეფონით ვიღაცას ხმამაღლა ესაუბრეობდა. ა. ფ. შევიდა ი-ნ და სთხოვა, თავისი ტელეფონი დაებრუნებინა, რის შემდეგაც ი. გ-მ ტელეფონი გაისროლა და დააგდო ძირს, რასაც მოჰყვა კამათი. ა. ფ. გამოვიდა სამზარეულოში. ი. გ-ს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და რკინის დამხმარის მეშვეობით შეეძლო მოძრაობა. იგი ა. ფ-ს გამოჰყვა სამზარეულოში, ცალი ხელი მოჰკიდა მხარზე და აჯანჯღარებდა, რის გამოც იგი გაშველების მიზნით მათ შორის ჩადგა და სიტუაცია განმუხტა. ი. გ-ს ა. ფ-ის არ დაურტყამს. ამის შემდეგ ა. ფ-მ სთხოვა, დაერეკა პოლიციაში. მოწმემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ა. ფ-ს ტელეფონი დამტვრეული იყო, მან, ა-ს თხოვნით, საკუთარი მობილურიდან დარეკა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტამდე 2 კვირით ადრე ა. ფ-ს გადმოცემით იცის, რომ მას და ი. გ-ს მოუვიდათ სიტყვიერი კამათი ბინის გაყიდვის თემაზე.
10. სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ნაწილი, რომელსაც ი. ე. დაეთანხმა და განმარტა, რომ მუქარის შესახებ ინფორმაცია მას ა. ფ-ს გადმოცემით ჰქონდა, პირადად ი. გ-ს მიერ ა. ფ-ს მიმართ მუქარის ფაქტს არ შესწრებია.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ. მ-მა განმარტა, რომ არის დაზარალებულის მეზობელი. 2021 წლის თებერვალში (დღეს ვერ იხსენებს) იმყოფებოდა სახლში, აივანზე, რა როდესაც მის მეზობელთან მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ა. ფ-ან ჩასვლისას, ბინასთან დახვდა სხვა მეზობელიც, ა. ფ-ს ახლო მეგობარი, სახელად ი. (გვარს ვერ იხსენებს). ა. ფ-ს რომ ჰკითხა, თუ რატომ იყო სასწრაფო დახმარება მისული, ა-მ უთხრა, რომ ი. გ. იყო ცუდად, ნარკოზის გამო ჰქონდა ჰალუცინაციები და ყვიროდა, ამიტომ სურდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც ვერ ახერხებდა თანხის არქონის გამო. მოწმის განმარტებით, მას სხვა დროს ი. გ-სა და ა. ფ-ს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ არ სმენია. არც ზემოხსენებულ დღეს ყოფილა მათ შორის კონფლიქტი.
12. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც იგი აღწერდა ა. ფ-ს ნაამბობს შვილის მხრიდან მუქარის თაობაზე. მოწმე არ დაეთანხმა აღნიშნულ გამოკითხვის ოქმს და განმარტა, რომ ა. ფ-ს გადმოცემით იცის, რომ ი. გ. ოპერაციის შემდეგ არის არაადეკვატური ტკივილების გამო, ამიტომ ა. ხანდახან ღამის გასათევად მეზობელთან რჩება. ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა კი ახსნა იმით, რომ გამოძიებაშიც მან იგივე ჩვენება მისცა; რატომ არის სხვაგვარი ინფორმაცია ასახული გამოკითხვის ოქმში, არ იცის. მას გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ვინაიდან არ ჰქონდა სათვალე და ისე მოაწერა ხელი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ა. ფ-ს მასთვის არ უთქვამს, რომ მას ეშინია ი. გ-სი ი. მას დახრჩობით არ დამუქრებია. ა. ფ-ს ეშინია ი. გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული ვითარების გამო, ვინაიდან მას ოპერაციის შემდეგ ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, გამომდინარე აქედან - ჰალუცინაციები და ღამით ყვიროდა.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით არ იკვეთება მუქარის ფაქტის ჩადენა ი. გ-ს მხრიდან. სასამართლოში დაკითხულ, დაზარალებულ ა. ფ-ს ჩვენება აშკარად არათანმიმდევრულია, ამასთან, დაზარალებულმა არ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არამედ მისცა სასამართლოს ჩვენება და უარყო მუქარის ფაქტი.
14. რაც შეეხება სასამართლოში დაკითხული მოწმეების - ი. ე-ა და ნ. მ-ს ჩვენებებს, ისინი ვერ გამოდგება ი. გ-ს მამხილებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე უარყვეს ი. გ-ას მხრიდან ა. ფ-ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტი, ამასთან, მიუთითეს, რომ ა. ფ. შეშინებული იყო არა რაიმე სახის მუქარით, არამედ ი. გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელსაც ჰქონდა ჰალუცინაციები და ღამე ყვიროდა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ს. ღ-ს, გ. დ-ა და ს. მ-ს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ისინი ი. გ-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ მუქარის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულ ა. ფ-ნ მიღებულ ინფორმაციას.
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
17. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ი. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა.
18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე