საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003112838
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №545აპ-21 ქ. თბილისი
დ. გ., 545აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. დ–ა, ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 მაისს, თ–ში, კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გ. დ–მ გ. ფ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,039 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2019 წლის 24 მაისს, თ–ში, კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, გ. დ–ამ 1900 ლარის სანაცვლოდ გ. ფ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0396 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
გ. დ–ამ თ–ში, კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელ ბინის საძინებელ ოთახში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა - 2 ძირი - 120,19 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი, რომელიც 2019 წლის 3 ივნისს ამოღებული იქნა საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ. დ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. დ–ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;
გ. დ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად;
გ. დ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ. დ–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან- 2019 წლის 3 ივნისის, 1412 საათიდან.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 24 მაისს, თ–ში კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, გ. დ–ამ 1000 ლარის სანაცვლოდ გ. ფ–ს უკანონოდ მიჰყიდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0396 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გ. ფ–სგან.
გ. დ–ამ თ–ში, კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელ ბინის საძინებელ ოთახში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 2 ძირი - 120,19 გრამი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი, რომელიც 2019 წლის 3 ივნისს ამოღებული იქნა საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ. დ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულ გ. დ–ს ადვოკატმა დ. კ–სმა ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2019 წლის 22 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი გ. დ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ს ადვოკატმა დ. კ–მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, საჩივარში არაფერია ნათქვამი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა (ბინის ჩხრეკის ოქმი თანდართული სურათებით, ამოღებული მცენარე, ანა წივწივაძის ჩვენება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ. დ–ამ თ–ში, კ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა - 2 ძირი - 120,19 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.
10. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, 2019 წლის 24 მაისს, გ. დ–ამ 1000 ლარის სანაცვლოდ გ. ფ–ს უკანონოდ მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, თუ გ. ფ–მ გ. დ–ს დაუბრუნა ვალი, კერძოდ, 1200 ლარიდან 1000 ლარი; ვიდეო ფირზე ასახულია გ. დ–ს მიერ გადაცემული აბები წარმოადგენდა ბუპრენორფინს თუ ,,ლირიკას“.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. დ–ს მსჯავრდება და სასჯელი განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ფ–მ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წლის 22 მაისს დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა და გ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის გამოვლენა. სწორედ ამ მიზნით, ვიდეო ჩამწერი აპარატით აღჭურვილი, გამომძიებლის მიერ გადაცემული 1900 ლარით მივიდა გ. დ–ს სახლში, რომელსაც მობილური ტელეფონის საშუალებით შეუთანხმდა შეხვედრაზე. საკონტროლო შესყიდვისას პოლიციელები სადარბაზოსთან ახლოს ელოდებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს მისცა გამომძიებლის მიერ გადაცემული თანხა - 1900 ლარი (თუმცა ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ მან გადასცა მხოლოდ 1000 ლარი), რა დროსაც ვარაუდობდა, რომ გ. დ–ა ნარკოტიკულ საშუალებას მომდევნო დღეს მისცემდა, თუმცა მისდა გასაკვირად, იქვე მისცა 5 აბი. მოწმემ განმარტა, რომ გ. დ–სათვის მისაცემი ჰქონდა მხოლოდ 200 ლარი, სხვა სახის ვალი მას არ ჰქონდა. მანვე, დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, გ. დ–ს სახლიდან გამოსული პირდაპირ პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა და გადასცა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. კ–მ განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის (გ. ფ–ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება) საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. პირადი ჩხრეკისას გ. ფ–საგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება - 5 აბი სუბოტექსი. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ ნარკოტიკი შეიძინა ვინმე გ. დ–სგან, პირადი მოხმარებისათვის, 1900 ლარად. გ. ფ–მ გამოხატა თანამშრომლობის და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი. შესაბამისად, მას გადაეცა ფულადი თანხა და სათანადო აღჭურვილობა, რის შემდეგაც მან გ. დ–სგან, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და გადაიღო ჩამწერი მოწყობილობით. საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე გ. ფ–სგან ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
14. 2019 წლის 24 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, თ–ში, ფ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ფ–სგან ამოიღეს მის მიერ წარმოდგენილი პოლიეთილენის გამჭირვალე პაკეტის თავმომწვარ ნაჭერში შეხვეული 5 ცალი აბის ფორმის ნივთიერება, რაც მან შეიძინა გ. დ–სგან.
15. 2019 წლის 25 მაისის - --- დასკვნის თანახმად: 2019 წლის 24 მაისს გ. ფ–საგან ამოღებული, უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული 5 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამონატვიფრით - „B8”, საერთო წონით - 1,9886 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,0396 გრამს.
16. ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გადაღებულ ვიდეო ჩანაწერზე საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულია გ. ფ–ს მიერ ფულის, ხოლო გ. დ–ს მიერ თეთრ პაკეტში დაფასოებულ ე.წ. ,,ბაშის“ გადაცემის ფაქტი. ჩანაწერის შინაარსი ადასტურებს, რომ მოწმე და მსჯავრდებული, მათ შორის, საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებაზე.
17. 2019 წლის 17 ოქტომბრის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ გ. დ–ს ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. 2019 წლის 8 ოქტომბრის ფონოსკოპიური დასკვნის თანახმად - აუდიოგრამებში და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამაში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი) მოსაუბრე გ. დ–ს ხმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
18. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. ფ–სგან ამოღებული 5 აბი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ამოღების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში საკვლევი ობიექტის შესაფუთი მასალა აღწერილია არაერთგვაროვნად, რაც ქმნის ეჭვს მისი გამოცვლის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 24 მაისის ამოღების ოქმის თანახმად გ. ფ–საგან ამოიღეს მის მიერ წარდგენილი პოლიეთილენის გამჭირვალე პაკეტის თავმიმწვარ ნაჭერში შეხვეული 5 ცალი აბის ფორმის ნივთიერება. ამოღებული ნივთი დაილუქა და შეიფუთა ერთ ცალ პოლიეთილენის ე.წ. ფაილში და დაილუქა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის N.. ლუქით, ლუქს დაესვა თარიღი და დამოწმდა ხელმოწერებით, ხოლო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 მაისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილია უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ერთი პაკეტი, რომლის დალუქვისა და შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტი დალუქულია N.. ლუქით, ლუქზე აღნიშნულია ხელმოწერები და თარიღი - 24.05.19. მითითებულ პაკეტში აღმოჩნდა უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში გახვეული 5 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამოღების ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნის შემდგენელმა პირებმა - გამომძიებელმა და ექსპერტმა ინდივიდუალურად აღწერეს კონკრეტული ნივთი და მიუთითეს კონკრეტულ გვაროვნულ მახასიათებლებზე, ხოლო ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ მიეთითა პაკეტის თავმომწვარი მდგომარება, ვერ გახდება ნივთის გამოცვლის შესახებ ეჭვის საფუძველი, რადგან ექსპერტის განმარტებით დალუქვისა და შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; გ. ფ–ს 2019 წლის 24 მაისის გამოკითხვის ოქმის თანახმად კი გ. დ–ს მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება - 5 ცალი ,,სუბოტექსი“ - მისი თანდასწრებით დაილუქა N.. ლუქით (იგივე დაადასტურა მოწმემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას (9.01.2020. 13:15:54)); სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას დადგინდა, რომ სადავო 5 აბი ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პოლიეთილენის პაკეტს აღენიშნებოდა მილღობილობის კვალი.
19. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში არ წარმოადგინა შესაფუთ მასალაზე დანიშნული დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ჩაეტარებინა სადავო სახეობის ექსპერტიზა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
20. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს თანხაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალება გ. ფ–მ გ. დ–საგან 1900 ლარად შეიძინა, თუ 1000 ლარად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით, საზღაურით, თუ მის გარეშე. იმ პირობებში, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებით დასტურდება ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემა, ამავე დროს დაცვის მხარეც არ უარყოფს გ. ფ–სათვის 5 აბის გადაცემას (მათი მტკიცებით ,,ლირიკის“ გადაცემას) კონკრეტული თანხის ოდენობას ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
21. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
22. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. დ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
24. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი