საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.02.2022
საქმის ნომერი
2კ-810აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001995335

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №810აპ-18 ქ. თბილისი

ც. ბ. 810აპ-18 23 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბერის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ც. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ც–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 26 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. ბ. ც–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 26 ივლისს ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ტელეკომპანია „....ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ. ც–მ რამდენიმე დარტყმით სცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ზ. კ–ს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2016 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ც. ჯ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ბ. ც–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. ჯ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - ც. ჯ–ს მიეცა 5 - დღიანი ვადა საჩივრის ხარვეზის შესავსებად.

8. მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ც. ჯ–ი დაზუსტებული საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ბ. ც–ს გამართლებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ზ. კ–ს ჩვენება თანხვედრაშია როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებთან. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა დაზარალებული დაეკითხა მოწმის სახით ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში და მიეღო მისთვის სასურველ კითხვებზე პასუხები; ასევე არ დასტურდება დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება ან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენებების მიცემა და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ან/და საკმარისი იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებების გაუზიარებლობისთვის.

12. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ზ. კ–მ მიუთითა, რომ 2016 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „..........ის“ თოქშოუში მონაწილეობდა დაძაბულ დისკუსიაში ს. ბ–სთან ერთად. ეთერის დასრულების შემდეგ, ეზოში ჩასულს შეხვდა ნაცნობი და ისაუბრეს დაახლოებით ხუთ წუთს. ამ დროს მასთან მივიდა ს. ბ–ე და დაუწყო საქმის გარჩევა, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. ს–ს შემოუერთდა შვიდი-ათი ადამიანი, მათ შორის - ბ. ც–იც. დაზარალებულის განმარტებით, მასა და ს–ს შორის საუბარი იყო დაძაბული, რა დროსაც თანმხლები პირები შესციცინებდნენ ს. ბ–ს და ელოდნენ მის მინიშნებას, თუ რა დავალებას მისცემდა მათ. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ნათელი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა და ვინაიდან მარტო იყო, მოერიდა სიტუაციის დაძაბვას და წავიდა მანქანისაკენ, თუმცა შეკრებილები მას უკან გაჰყვნენ, თავს დაესხნენ და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჩხუბში განსაკუთრებით აქტიურობდა ბ. ც–ი და მამამისი, ბ–მ მოქაჩა და ძირს დააგდო, აგრეთვე ხელით არაერთხელ დაარტყა, სცემა, რა დროსაც დაუზიანდა მუხლი, იდაყვი და თავი, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბ. ც–მ მის მიმართ ძალადობის ჩადენისას დაუხია პერანგი, რაც მან (დაზარალებულმა) გამოძიებას წარუდგინდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მომხდარი კონფლიქტი გადაიღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა და დღემდე ატვირთულია „.....ზე“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიდეოჩანაწერის ნახვა, რომელშიც ასახულია მის (დაზარალებულის) მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი.

13. 2016 წლის 26 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად(მხარეებმა უდავოდ ცნეს 2018 წლის 26 ივნისის სხდომაზე), დათვალიერდა მოწმე ზ. კ–ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი პერანგი, რომელსაც წინა, მარჯვენა გვერდი აქვს დაზიანებული, კერძოდ, მოხეული აქვს მთელ სიგრძეზე პერანგის ნაწილი. დათვალიერების შემდეგ პერანგი ამოიღეს და დალუქეს სათანადო წესით.

14. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნის თანახმად, ზ. კ–ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება, ქსოვილის განცალკევების სახით, წარმოქმნილია გახევით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ. ს–მ.

15. სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით, ზ. კ–ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები ნაჭდევების სახით მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ. კ–ს 2016 წლის 26 ივლისს გაეწია სასწრაფო - სამედიცინო დახმარება, პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და თავბრუსხვევას, დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმა.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. ქ–მ.

16. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნის თანახმად, მოქალაქე ბ. ც–ს სასამართლო - სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ. ბ–მ.

17. მოწმის სახით დაკითხვისას თ. ე–მ განმარტა, რომ 2016 წლის 26 ივლისს, „...........ის“ ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ, ტელეკომპანიის ეზოში დაფიქსირდა ა.ბ–სა და ზ.კ–ს შორის ჩხუბის ფაქტი. ვინაიდან მომხდარ ფაქტში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნულის თაობაზე პატაკით ხელმძღვანელობას მიმართა. მისი (მოწმის) ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაზარალებულად ზ. კ–ა იქნა ცნობილი. მოწმემ აღნიშნა, რომ ჩხუბში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს მათი ვინაობა.

18. მოწმის სახით დაკითხვისას დ. ყ–მ დაადასტურა ბ. ც–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა წარმოადგინა ჩხუბის დროს დაზიანებული პერანგი. მანვე განმარტა, რომ დაათვალიერა ტელეკომპანია „...........ის“ სამეთვალყურეო კამერებისა და მოწმე მ. კ–ს მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები ყველა მოწმის, მათ შორის ბ. ც–ს თანდასწრებით.

19. მოწმის სახით დაკითხულმა ზ. თ–მ განმარტა, რომ მუშაობს ტელეკომპანია „.......“-ს უსაფრთხოების სამსახურში. 2016 წლის 26 ივლისს ტელეკომპანიის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ზ. კ–ა და ს. ბ–ე. გადაცემის დასრულების შემდეგ ხსენებული პირები ჩავიდნენ ტელეკომპანიის ეზოში და ხმამაღალი საუბარი დაიწყეს, რის გამოც მივიდა მათთან თხოვნით, რომ დაეტოვებინათ ტელევიზიის ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ს–მ და ზ–მ განაგრძეს ჩვეულებრივი საუბარი, შემდეგ კი ისევ დაიძაბა სიტუაცია და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთხელ მივიდა მათთან და ჩაერია. ზ–სა და ს–ს გარდა, სხვა პირებიც იყვნენ, მოულოდნელად ვიღაცამ ხელი ჰკრა ზ. კ–ს, ეს უკანასკნელი გაიყვანეს და ცოტათი მოშორდნენ ტერიტორიას, თავად კი მათ არ გაჰყოლია. მოწმის ჩვენებით, შემდეგ ნახა ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იყო ძიძგილაობა და შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ზ. კ–ა მისთვის უცნობმა პირმა წააქცია.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. ე–ი, ზ. თ–ე და დ. ყ–ი - არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენებები თავიანთი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ამასთან, მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს (ზ. თ–ე და დ. ყ–ი), სადაც მოწმეები მიუთითებენ სისხლის სამართლის საქმეზე დაუშვებლად ცნობილი ვიდეოჩანაწერის შინაარსზე, საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

21. კასატორი ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ უარი თქვა ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული ყველა თვითმხილველი მოწმის დაკითხვაზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ და იყვნენ იმის თვითმხილველები, თუ რა მოხდა რეალურად შემთხვევის ადგილზე და მათი ჩვენების საფუძველზე ან საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ან დაწყებული უნდა შეწყვეტილიყო. კასატორის მტკიცებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვაილსწინებული უფლება.

22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოცემულ მსჯელობას და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩნება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სამართალწარმოების შეჯიბრებითი მოდელის პირობებში „მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე ბრალდების მხარემ სრული მოცულობით გაუცვალა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე დაადასტურა დაცვის მხარემ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის წსს სხდომის ოქმი), თუმცა თავად დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე თავის მტკიცებულებათა ნუსხაში არ მიუთითა იმ პირთა მოწმედ დაკითხვაზე(მ. ვ–ე, ა. ბ–ე, ზ. ე–ე და მ. ა–ი), რომლებზეც უთითებს კასატორი და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ბ. ც–ს უდანაშაულობას ამტკიცებდა(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის წსს სხდომის ოქმი 13:39:48-13:40:42). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაკითხ პირთა სიიდან სხვა მოწმეებთან ერთად მოხსნა მ. ვ–ე, ა. ბ–ე, ზ. ე–ე და მ. ა–ი(საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე), სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ით დადგენილ სტანდარტს, რადგან არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები (დაცვის მხარისთვის აღნიშნულ მოწმეთა შესახებ ცნობილი იყო და ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოეთხოვა მათი დაკითხვა არსებით სასამართლო სხდომაზე).

23. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „თუ სსსკ-ის 83-ე მუხლი უზრუნველყოფს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის და სასამართლოს ინფორმირებას მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ იმ პირობებში, როდესაც მხარის უფლებაა წარდგენილი მტკიცებულებებიდან თავად განსაზღვროს რომელი მტკიცებულებების გამოკვლევა სურს არსებითი განხილვის სხდომაზე, მაშინ (სსსკ-ის 83-ე მუხლის დანაწესისგან განსხვავებით) წინასასამართლო სხდომაზე მხარემ მკაფიოდ უნდა მიუთითოს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაბარებელ პირთა და გამოსაკვლევ მტკიცებულებათა - მათ შორის ... პირის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ““( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 28 ივლისის განჩინება საქმეზე N 158აპ-20) , რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, საქმის წინასასამართლო სხდომის ეტაპზე დაცვის მხარეს არ მიუთითებია, რომ მას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სურდა ბრალდების მხარის კონკრეტული მოწმეების დაკითხვა.

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ც. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე