საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004226840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №894აპ-21 ქ. თბილისი
ჯ-ი გ, 894აპ-21 10 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჯ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ჯ-მა იძალადა მეუღლეზე - ი. ა-ზე, თავისივე არასრულწლოვანი შვილის, 2003 წლის 22 მარტს დაბადებულ ნ. ა-ას თანდასწრებით და არასრულწლოვან გერზე - ნ. ა-ზე. კერძოდ, გ. ჯ. ი. ა-ას სწვდა თმაში, ათრია თმით და მარცხენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი. გ. ჯ-ის ძალადობით, მისი თითოეული ქმედებით ი. და ნ. ა-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ნ. ა-მ ასევე მიიღო დაზიანება მკლავის არეში.
· 2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ჯ. ნ. ა-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, გ. ჯ. ნ. ა-ს, მასზე ძალადობის დროს და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა და დაჩეხავდა დანით“, რა დროსაც ნ. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ჯ. ი. ა-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, გ. ჯ. ი. ა-ს, მასზე ძალადობის დროს და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა და დაჩეხავდა დანით“, რა დროსაც ი. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ჯ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახამად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 25 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ჯ. და ი. ა. იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ი. შ-ას არასრულწლოვან შვილთან - ნ. ა-ნ ერთად. 2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ჯ. ნ. ა-ას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, გ. ჯ. ნ. ა-ას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა და დაჩეხავდა დანით“, რა დროსაც ნ. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· გ. ჯ. და ი. ა. იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ი. ა-ას არასრულწლოვან შვილთან - ნ. ა-ნ ერთად. 2020 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ჯ. ი. ა-ას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, გ. ჯ. ი. ა-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით დაემუქრა, რომ ,,არ აცოცხლებდა და დაჩეხავდა დანით“, რა დროსაც ი. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
4.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
4.3. გ. ჯ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4.4. გ. ჯ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
4.5. გ. ჯ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. გამართლებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. კასატორი - ანა კვიჟინაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს გ. ჯ-ის მიერ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
10. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ა-ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და გ. ჯ-ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
13. დაზარალებულმა ნ. ა-მ, მართალია, სასამართლოს მისცა ჩვენება, თუმცა განმარტა, რომ ი. ა-მ და გ-მა ცოტა იკამათეს. როცა მივიდა მათ გასაშველებლად გ-ა მხოლოდ გასწია გვერდზე, რა დროსაც თმებზე შემთხვევით მოუხვდა ხელი, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია. დედამისსა და გ-ს შორის ფიზიკურ კონტაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი არ ახსოვს.
14. გ. ჯ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორების მისვლისას კარი თავად გაუღო და მის კითხვაზე მიიღო პასუხი, რომ გამოძახება იყო მე-9 სართულიდან. ისინი შევიდნენ სახლში, ნ. ა-ა ცალკე ოთახში გაიყვანეს სალაპარაკოდ, ხოლო ორივე პატრულ-ინსპექტორი დაჯდა მის გვერდით და ლაპარაკობდნენ. მისი მხრიდან მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში კარსაც არ გააღებდა.
15. დაზარალებულებმა - ი. ა-მ და ნ. ა-მ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადეს უარი.
16. მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - დ. გ-სა და ზ. ბ-ის, ასევე გამომძიებელ ლ. ი-ის ჩვენებებტა მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ისინი არ ყოფილან ფაქტის უშუალო შემსწრენი. მათ ძალადობასთან დაკავშირებული გარემოებები იციან დაზარალებულ ი. ა-ს მოყოლის შედეგად, რომელმაც თავის მხრივ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ხსენებული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და არ არიან ამ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
17. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ა-ს, მან სასამართლოს განუმარტა, რომ გ. ჯ-ს და ი. ა-ას შორის კამათის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებას, თუმცა ჯ-ს დედამისი თმით არ უთრევია და არც ფიზიკური შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი. ასევე მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე განმარტა, რომ გ. ჯ-ა გაწევის მიზნით მოკიდა მას ხელი, რის შედეგადაც ტკივილი არ განუცდია.
18. საქმეში წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერები, რომლებიც გაცემულია 2020 წლის 25 ნოემბერს. შემაკავებელი ორდერის N...... ოქმში, მე-12 კითხვაზე: „მოძალადემ მოგაყენათ შეურაცხყოფა, დაგაშანტაჟათ ან/და დაგამცირათ?“ პასუხად მონიშულია „კი“, თუმცა არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატა აღნიშნული, მიყენებულია თუ არა 2020 წლის 25 ნოემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა და განიცადა თუ არა ტკივილი ი. ა-მ. ანალოგიურად, მე-13 კითხვაზე: „მოძალადემ თქვენზე იძალადა?“, პასუხად მონიშულია „კი“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული როდის განხორციელდა ძალადობა და რაში გამოიხატა იგი. ანალოგიური ვითარებაა N....... შემაკავებელი ორდერის ოქმთან დაკავშირებითაც, რომელიც გამოცემულია ნ. ა-ს დასაცავად. სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ჯ-ს მხრიდან ნ. ა-სა და ი. ა-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს.
22. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
24. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
26. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ა-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და გ. ჯ-ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
27. გ. ჯ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორების მისვლისას კარი თავად გაუღო და მის კითხვაზე მიიღო პასუხი, რომ გამოძახება იყო მე-9 სართულიდან. ისინი შევიდნენ სახლში, ნ. ა. ცალკე ოთახში გაიყვანეს სალაპარაკოდ, ხოლო ორივე პატრულ-ინსპექტორი დაჯდა მის გვერდით და ლაპარაკობდნენ. მისი მხრიდან მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში კარსაც არ გააღებდა.
28. მოწმეები - დ. გ. და ზ. ბ. წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს იმ ნაწილში, სადაც ისაუბრეს მათი თანდასწრებით განხორციელებულ ქმედებებზე და აღწერეს გამოძახების ადგილზე არსებული ვითარება. მოწმეთა ჩვენებებით, გ. ჯ. პოლიციელთა თანდასწრებითაც დაემუქრა ი. და ნ. ა-ს დანით აჩეხვით. დაზარალებულები იყვნენ ძალიან შეშინებულები და ითხოვდნენ შემაკავებელი ორდერის გაცემას. გ. ჯ. ადგილზე დააკავეს. პოლიციის თანამშრომლები უთითებენ, რომ გ. ჯ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის განხორციელების ფაქტს, უფრო მეტიც, მოწმე ლ. ი-მ აღნიშნა, რომ გ. ჯ. მოგვიანებით მისი თანდასწრებითაც აცხადებდა, რომ თუ არ დააკავებდნენ, მომავალში იძალადებდა ნ. და ი. ა-ზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის პარალელურად, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში არსადაა მითითებული მუქარის ფაქტების შესახებ და როგორც დაკავების, ისე ჩხრეკის მიმდინარეობის აღწერისას მითითებულია მშვიდ ვითარებაზე, დაკავების და ჩხრეკის წინააღმდეგობის გარეშე გაწევაზე.
29. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ნ. ა-მ არ დაადასტურა პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით გ. ჯ-ს მიერ განხორციელებული მუქარისა და შედეგად შიშის განცდის ფაქტები და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მისვლის დროს ის სხვა ოთახში იმყოფებოდა.
30. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს შემაკავებელი ორდერის ოქმებზე, რადგან სხვა მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა მუქარის ფაქტებზე, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების გარდა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. კითხვაზე: „ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს თქვენს შვილს ან/და სხვა ახლობელს“ პასუხად მონიშნულია „არა“, კითხვაზე: „მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“ პასუხად მონიშნულია „არა“.
31. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, სადაც უთითებენ, რომ დაზარალებულები იყვნენ შეშინებულები, ეჭვს არ ბადებს, თუმცა, გამოსარკვევია საკითხი თუ როდის განიცადეს მათ ეს შიში, პოლიციის თანამშრომელთა მისვლამდე თუ მისვლის შემდეგ, თუ ორივე შემთხვევაში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს არ შეუძლია აღადგინოს იქ არსებული ვითარება პოლიციის თანამშრომელთა მისვლამდე, თუმცა, ფაქტია, რომ ნ. ა-ს დასჭირდა მეზობელთან ჩასვლა და დახმარების თხოვნა. ეს გარემოება მიუთითებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობაზე, რაც თავად ნ. ა-მ დაუკავშირა მანამდე არსებულ კონფლიქტს. თუმცა, მათი ემოციური მდგომარეობა პოლიციის თანამშრომელთა მისვლისას უპირობოდ არ გულისხმობს, რომ ი. და ნ. ა-ა განიცადეს შიში პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით განხორციელებული მუქარის დროს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი. ა. და ნ. ა. ითხოვდნენ შემაკავებელი ორდერის გამოცემას, არ მიუთითებს მუქარისა და შიშის განცდის ფაქტზე.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ჯ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
33. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
34. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი