დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1031-1062-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ზ. ბ-ი (მოპასუხე)
2. მ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი _ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ზ. ბ-ების მიმართ და “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქ¹3/5-ში მდებარე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ 85 კვ.მ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა თანხის გადახდის სანაცვლოდ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. გ-ის სარჩელი, თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჟ. გ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა ¹3/5-ში მდებარე, მ. და ზ. ბ-ების საკუთრებაში არსებული სახლის 83,4 კვ.მ ფართის მესაკუთრედ მ. და ზ. ბ-ებისათვის 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა, ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მ. ბ-მაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ზ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამოკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი _ საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ზ. ბ-ის წარმომადგენელ მარიკა ნ-ს და 2011 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ მამას, ვ. ნ-ს (იხ. ტ.II, ს.ფ.195,205), საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული რწმუნებულების საფუძველზე (რომლის მოქმედების შეწყვეტაც საქმის მასალებით არ დასტურდება) მარიკა ნ-ის უფლებამოსილების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2011 წლის 10 ივნისის ჩათვლით (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.110-111). რაც შეეხება მ. ბ-ისათვის კორესპოდენციის გადაცემის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ დოკუმენტებზე: სააპელაციო პალატის 2010 წლის 8 ნოემბერის გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ...ის ქ¹5-ში მ.ბ-ს პირველად გაეგზავნა 2011 წლის 10 თებერვალს და სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ადრესატს შეტყობინება არ ჩაბარდა, შეტყობინების ბარათზე არსებული კურიერის მინაწერის თანახმად, მეზობლის განცხადებით გადასულია აღნიშნული მისამართიდან (იხ. ტ.II, ს.ფ.207-209), სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ს განმეორებით გაეგზავნა 2011 წლის 23 თებერვალს სააპელაციო პასუხში მითითებულ შემდეგ ალტერნატიულ მისამართზე _ ქ.თბილისი, ა....ის მე-8 კორპუსი, III სადარბაზო, ბინა ¹71, სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების თანახმად, მითითებულ მისამართზე მცხოვრებმა დიასახლისმა განმარტა, რომ წერილი მის ოჯახს არ ეკუთვნოდა, აღნიშნული შეტყობინება 2011 წლის 9 მარტს გაეგზავნა მ. ბ-ის წარმომადგენელ დ. მ-ს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.317) მისამართზე ქ.თბილისი, ...ის ქ¹5 და საქმეში არსებული კურიერ ნ.კ-ის მიერ 2011 წლის 18 მარტს შედგენილი აქტის თანახმად, კურიერმა შეტყობინება დატოვა “რკინის ნაცრისფერ მთავარ კარზე 2011 წლის 10 მარტს” თუმცა შეტყობინებას ადრესატი არ გამოეხმაურა (იხ. ტ.II, ს.ფ.214-217, 220-222). საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ ანალოგიური შეტყობინებები ეგზავნებოდა ზ. ბ-საც და სასამართლომ 2011 წლის 24 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გზავნილის გადაცემა ზ.ბ-ისათვის დაავალა საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს III განყოფილებას, თუმცა ვერც ამ წესით გახდა შესაძლებელი ზ. ბ-ის ინფორმირება, რადგანაც სახლი იყო დაკეტილი და მეზობელ თ.ბ-ის განმარტებით ადრესატი სხვა მისამართზეა გადასული (იხ. აქტი, ტ.II, ს.ფ.231).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისა და საკასაციო საჩივრის შეტანის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რედაქციის თანახმად იწყებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის მიმართ საკასაციო საჩივრის შემოტანის ვადის დენა დაიწყო მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მ.ნ-ის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის გადაწყვეტილების გადაცემის დღის მომდევნო დღიდან _ 2011 წლის 10 თებერვლიდან (სსსკ 60.1) და ამოიწურა 2011 წლის 10 მარტს, ზ.ბ-მა კი საკასაციო საჩივრით სასამართლოს თავდაპირველად 2011 წლის 23 ივნისს მიმართა (იხ.ტ.II, ს.ფ. 274), რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა. რაც შეეხება მ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. დასახელებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი სასამართლოს ავალდებულებს, შეტყობინება გაუგზავნოს მხარეს იმავე ან მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე დამატებით ერთხელ მაინც. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. საქმის მასალებით დასტურდება რა უწყების გაგზავნა, როგორც მ.ბ-ის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე, ისე სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართსა (სააპელაციო პასუხში მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე) და მ.ბ-ის ადვოკატ დ.მ-ის მისამართზე (სასამართლოს გადაწყვეტილების მე-3 გაგზავნის ვალდებულება არ ეკისრებოდა) საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ბ-ის მიმართ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის თუნდაც სასამართლო უწყების მესამედ _ დ.მ-ისათვის გაგზავნისა და ადრესატის მიუკითხაობის დღის მომდევნო დღიდან ათვლის შემთხვევაში, მაინც დარღვეულია გასაჩივრების ვადა, რადგანაც, კურიერის აქტის თანახმად, მან შეტყობინება ადრესატს დაუტოვა 2011 წლის 10 მარტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის შემოტანის ვადა ამოიწურა 2011 წლის 11 აპრილს, მ. ბ-მა კი სასამართლოს საკასაციო საჩივრით თავდაპირველად 2011 წლის 4 ივლისს მიმართა (იხ. ტ.II, ს.ფ.298), რაც ასევე მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში მითითებულ მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დარღვევის თაობაზე, ასევე მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რადგანაც მხარეთა მისამართების შეუცვლელობა და მათი ნამდვილობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გზავნილების გაგზავნისას არ დასტურდებოდა, რაც გამორიცხავს მხარეთა მოსაზრებას სასამართლო შეტყობინების ჩაბარების მარეგულირებელი სხვა ნორმების გამოყენებისა თუ სატელეფო შეტყობინების გზით მხარეთა ინფორმირების თაობაზე, ვინაიდან ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის სამოქალაქო უფლების დაცვის ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული უფლების მხოლოდ პასიური რეალიზება, არამედ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ნების თავისუფლებაზე დამყარებული სამოქალაქო უფლებით სარგებლობისათვის უფლების ადრესატი ვალდებულია, თავადვე მოახდინოს ამ უფლების რეალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, რომელმაც არ მოახდინა საკუთარი უფლების დაცვა, შემდგომში ვერ შეძლებს მის განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები არიან იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ ჩააბარა მათ გადაწყვეტილება და საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა მათ მიმართ არაა ამოწურული, რადგანაც საქმის მასალებით მითითებულის საწინააღმდეგო გარემოება უტყუარად დასტურდება, ამასთანავე, კასატორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო ვადის დაცვის თვალსაზრისით, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ. და მ. ბ-ებს საპროცესო ვადა არ დაურღვევიათ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხარეებმა არ გამოიყენეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლება და არ გაეცნენ საქმის მასალებს, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ კასატორები დაეთანხმნენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ან პროცესუალური ეკონომიის პრინციპის საპირისპიროდ, ცდილობენ გააჭიანურონ სამართალწარმოება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის დანაწესი (სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა) თავისთავად მოიაზრებს მხარისათვის გადაწყვეტილების ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მითითებული ნორმით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმთავრეს დებულებას, რომლის ძალითაც მხარეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას დავის აღძვრისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების თაობაზე (აღნიშნული წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას), ამასთან ამავე კოდექსის მე-4 მუხლი მხარის მოთხოვნისა და შუამდგომლობის საფუძვლიანობის დადასტურების ტვირთს თავადვე მოთხოვნისა თუ შუამდგომლობის ავტორს აკისრებს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. და მ. ბ-ებმა მათი სადავოდ ქცეული უფლება ჯეროვნად არ დაიცვეს და დროულად არ გამოიყენეს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც მათი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის 70% _ 70 ლარი, ასევე უნდა დაუბრუნდეს მ. ბ-ს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. კასატორ ზ. ბ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70 ლარი. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. კასატორ მ. ბ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩიება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.