დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1138-1164-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «შ. ტ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «შ.ტ- ის» მიმართ 2009 წლის 29 მაისისა და 2009 წლის 16 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო სახელფასო დავალიანების, მიუღებელი შემოსავლის, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს, სულ 230 400 აშშ დოალარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
ი.გ-სა და შპს «შ. ტ- ს» შორის 2009 წლის 16 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დაევალა ყულევის პორტის მისასვლელ არხთან ჩაძირული მიწისმწოვი გემი «სკადოვსკის» კიჩოზე განლაგებული მოწყობილობების 0-დან 40 შპანჰოულტამდე დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ნახაზის შესაბამისად, სპეცსაჭრელი აპარატით ჩამოჭრითი სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ანაზღაურების გრაფიკი დამსაქმებელმა განსაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი _ 10 000 აშშ დოლარი, მეორე ეტაპი _ 10 000 აშშ დოლარი, მესამე ეტაპი _ 10 000 აშშ დოლარი, მეოთხე ეტაპი _ 10 000 აშშ დოლარი და მეხუთე ეტაპი _ 10 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით დამსაქმებელმა იკისრა ვალდებულება, დასაქმებული უზრუნველყო საჭირო ინვენტარითა და სათანადო სამუშაო პირობებით.
2009 წლის 10 აგვისტოს დასაქმებულმა შეასრულა სამუშაოს 95%, რაც შეეხება შეუსრულებელ 5%-ს, მოსარჩელემ არაერთხელ განუმარტა დამსაქმებელს, რომ მის მიერ შედგენილი ნახაზის შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში თანამშრომელთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. მოსალოდნელი საფრთხე გამოიხატება შემდეგში: დარჩენილი გემის ძირი პორტის მისასვლელ არხთან სიღმეში _ 3 მეტრის ქვეშ, ქვიშით იყო დაფარული, რის გამოც სამუშაო ფაქტიურად ვერ შესრულდებოდა. 2010 წლის 24 მაისს მათ მიერ მოწვეული სპეციალისტის _ ი. ა-ის დასკვნის შესაბამისად, 0-დან 40 შპანჰოულტის დამუშავებამდე გემის ძირი, უამინდობასა და არასტანდარტული პროგრამის გათვალისწინებით, პორტის მისასვლელ არხთან წყლის მიმოქცევის შედეგად, ქვიშის საფარით იქნა დაფარული და მისი ამოღება საჭიროებდა სპეციფიკური ტექნიკის დანადგარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაჭრა-დამუშავება შეუძლებელი იყო და ადამიანის სიცოცხლეს საშიშროებას შეუქმნიდა. დასკვნის მიღების შემდეგ, დამსაქმებელმა დაგროვებული დავალიანების გადახდაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულებით გააუქმა 2009 წლის 16 მარტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა ისე, რომ არ გაუთვალისწინებია დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს დავალიანების და ასევე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის სანქციები. 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულებით, 2010 წლის 31 მაისს ხელშეკრულების 31.3 პუნქტის შესაბამისად, შეუსრულებელი სამუშაოდან გადახდილი თანხა შეადგენს 28 000 აშშ დოლარს. ამდენად, დამსაქმებელი მის მიერ შესრულებული სამუშაოს გადახდაზე უარის თქმის მიზნით წერილობით იტყობინება, რომ 2010 წლის 12 აგვისტოდან ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვს. ამდენად, მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2009 წლის 16 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, 40 000 აშშ დოლარი და ასევე ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% შრომითი კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რაც 2010 წლის 27 დეკემბრამდე შეადგენს 14 000 აშშ დოლარს, ხოლო, 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, განაცდური თანხა (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის თანხის 1%) და დარჩენილი დავალიანება შეადგენს 28 000 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
2009 წლის 16 მარტის ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს 40 000 აშშ დოლარი უნდა აენაზღაურებინა სამუშაოს საბოლოო შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ი. გ-მა ვერ შეძლო სამუშაოს ბოლომდე დამთავრება. 2009 წლის 29 მაისს მხარეთა შეთანხმებით გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა ჩაძირული გემის «სკადოვსკის» დაჭრას 40-დან 125 შპანჰოუტამდე და მისი ნაწილების მე-3 ნავმისადგომამდე გადმოტანას. ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლის საფუძველზე გაუქმდა ადრე არსებული ყველა უფლება და ვალდებულება. კონტრაქტის თანახმად, მოსარჩელეს გადაერიცხა თანხა 105 000 აშშ დოლარი, თუმცა, ხელშეკრულების დადებიდან გათავისუფლებამდე, მას არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია. ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ და სისტემატურად შეუსრულებლობის გამო, მას შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2010 წლის 12 აგვისტოდან და შპს «შ. ტ- ის» მიმართ გააჩნია მხოლოდ დებიტორული დავალიანება 105 000 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ეფუძნება მხოლოდ ი.გ-ის სუბიექტურ მოსაზრებას და მას არავითარი სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სარჩელზე დართული შრომითი ხელშეკრულებები წარმოადგენს ორმხრივ შეთანხმებას და ისინი ავტომატურად არ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შერულებას, ასევე სარჩელზე თანდართული განცხადება და გაანგარიშება ცალმხრივია, ეყრდნობა არა სამართლებრივი ძალის მქონე მტკიცებულებას, არამედ მოსარჩელის სურვილს, რომ შ. ტ- მა გადაუხადოს თანხა. ი. გ-ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, არ გაუფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია. 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულების პირობების არასათანადოდ შესრულების გამო, დასაქმებული, ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის საფუძველზე, ვალდებულია, აანაზღაუროს ავანსად აღებული თანხა. ი.გ-ი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და აღნიშნულმა ზიანი მიაყენა შპს «შ. ტ- ს». მოსარჩელე არ იყენებდა სამუშაოს ჩასატარებლად არსებულ ხელსაყრელ პირობებს, რაც თავისთავად იწვევდა ხელშეკრულების მოქმედების ხელოვნურად გახანგრძლივების აუცილებლობას. გარდა ამისა, 2010 წლის 22 ივნისიდან მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში, არღვევდა შრომის შინაგანაწესის. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს «შ. ტრემინალმა» დაქირავებულს შეუქმნა ყველა სამუშაო პირობა. შპს «შ. ტ- ის» მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ნათელია, ხოლო მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და კონტრაქტის 5.3 პუნქტისა და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვის გარეშე დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
ხობის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2009 წლის 16 მარტს მხარეებს: შპს ,,შ. ტ- სა» და ი. გ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 80000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 90 კალენდარული დღით და მოსარჩელემ მიიღო 40000 აშშ დოლარი. 2009 წლის 29 მაისს შპს ,,შ. ტ- სა» და ი. გ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 180000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 120 სამუშაო დღით, მოსარჩელემ კი მიიღო 117000 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს «შ. ტ- ის» ნავსადგურის უფროს ჯანი ქათამაძის წერილზე და დადასტურებულად ჩათვალა, რომ ი. გ-ი 2010 წლის 22 ივლისიდან სამსახურში არ გამოცხადებულა. აპელანტი დომინირებდა ბაზარზე და შესრულებული სამუშაოებისათვის ანაზღაურების თანხებიც ხელშეკრულებაში მის მიერ იქნა რეგლამენტირებული
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილით და განმარტა, რომ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მისი მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტი, ასევე ვერ წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, სავალდებულო იყო სამუშაოს დასრულების შემდეგ. ორივე ხელშეკრულებით მხარეები ვალდებული იყვნენ, დასაქმებულის მიერ შესრულებული ყოველი სამუშაო მიეღოთ და ჩაებარებინათ ერთმანეთისთვის შესაბამისი აქტებით, რაც აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის, ი.გუვეინმა სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ასევე სამუშაოების გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე მოპასუხისათვის მიმართვისა და მოპასუხის მხრიდან სამუშაოების გაგრძელების შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრის მოთხოვნის ფაქტი, სასამართლოს მითითებით, მხოლოდ მხარის განმარტება მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტმა ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება ვერ დაადასტურა, რის გამოც არ ჩაერიცხა მას დარჩენილი თანხა და შეუწყდა ხელშეკრულება.
პალატის მოსაზრებით, მართალია, მას ავანსის სახით თანხები გადაერიცხა მოპასუხე ორგანიზაციისგან, ამას არც თვითონ აპელანტი უარყოფს, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოს გამო მიიღო ავანსის თანხა.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს პირველი ხელშეკრულების დადების შემდგომ, როდესაც ვერ მიიღო მოპასუხე ტ- ისაგან თანხა, არ გაუპროტესტებია, პირიქით, მან ახალი ხელშეკრულება დადო მოპასუხესთან და გააგრძელა შრომითი ურთიერთობა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად, ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასააჩივრა ი. გ-იმ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რადგან სრულიად დაუსაბუთებლად გაიზიარა მოპასუხე მხარის ახნა-განმარტებანი და დაეყრდნო სპეციალისტების მიერ გაცემულ ცნობას, მაშინ, როცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად აუცილებელი იყო სპეციალური ცოდნის მქონე პირის _ ექსპერტის დასკვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.