დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.10.2011
საქმის ნომერი
ას-1265-1285-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1265-1285-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “თ. ს. კომპანია”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე შპს “თ. ს. კომპანიის” მიმართ, რომლითაც იგი მოითხოვდა მოპასუხე დაწესებულების 2011 წლის 28 ივნისის ¹01/3-4-807 ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 79-85).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა (ტომი I, ს.ფ. 88-99).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-სა და შპს ,,თ. ს. კომპანიას” შორის 2010 წლის 1 აპრილს დაიდო შრომითი ხელშეკრულება; შპს ,,თ. ს. კომპანიის” გენერალური დირექტორის 2010 წლის 28 ივნისის 01/3-4/807 ბრძანებით, მოსარჩელე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე 2010 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (საამქროს უფროსი).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კნონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო სამართლებრივი საკითხის – შრომითი ხელშეკრულების მოშლა, გადაწყვეტა არ ექცეოდა კანონით დადგენილი რაიმე სპეციალური მოწესრიგების ფარგლებში და მხარეთა შორის სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა მოწესრიგებულიყო მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა მხარეთა შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დათქმაზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ამდენად მხარეთა შორის 2010 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტშივე მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ ამ ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებზეც, კერძოდ მხარეებმა გამოავლინეს ნება, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელებულიყო საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი იყო სამართლებრივად შეფასებულიყო გ. ხ-თან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და მისი სამართლებრივი ბუნება, რამდენადაც შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის სამართლებრივი ბუნების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, თუ კონკრეტულად რომელი ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცეოდა სადავო საკითხის გადაწყვეტა.

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შრომის სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის თაობაზე გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელი თავისი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და შესაბამისად კაპიტალური ტიპის საზოგადოებას, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს მოგებაზე ორიენტირებულობას, იგი არ შეიძლება შეზღუდული ყოფილიყო მუშაკების თავისუფალ არჩევანში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა (ხელშეკრულების მე-8 პუნქტი) ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით სწორედ იმ გარემოებაზე მიანიშნებდა, რომ დამსაქმებელმა წინასწარვე შეათანხმა დასაქმებულთან ხელშეკრულების მოშლის გზით ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა დამსაქმებლის უფლებამოსილება _ სადავოდ გახდილი, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 36-46).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტი და 38-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანება არის ბათილი გარიგება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება კანონს, კანონით დადგენილ წესებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონის დარღვევაში იგულისხმება ის, რომ 2010 წლის 28 ივნისის ¹ 01/3-4/408 ბრძანებაში შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე, ხოლო თუ რა გახდა შრომითი ურთიერთობის მოშლის სამათლებრივი ან თუნდაც ფაქტობრივი საფუძველი, ბრძანებიდან არ დგინდება. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცული უნდა იქნეს ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ 2010 წლის 28 ივნისის ¹01/3-4/807 ბრძანება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (ტომი II, ს.ფ. 48-57).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ. ხ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.