დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1319-1339-2011 28 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ-ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა « ... 44» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-ლმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა « ... 44-ის» მიმართ ნ. ჩ-ისათვის კომერციულ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა « ... 44-ის» 2008 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტლებების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეები 1988 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინება შეწყდა 1991 წელს. თბილისის საბურთალოს რაიონის 1992 წლის 18 ნოემბრის ¹18.30.444 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნება დაერთო, მისი საცხოვრებელი კორპუსის საერთო ეზოს შესასვლელთან 20 კვ.მ სავაჭრო მაღაზიის მოწყობაზე. მანამდე კი, 1992 წლის 28 სექტემბერს, თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენბლობის მთავარი სამმართველოს მიერ გაიცა თანხმობა აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. მოსარჩელის მიერ აშენებული მაღაზიის ფართი ფაქტობრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაკავებული ჰქონდა მოპასუხეს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო გადაწყვეტილებებით მოხდა აღნიშნული ფართის, ასევე სარდაფის მიკუთვნება ნ. ჩ-ისათვის, რაც უკანონოა, რადგან ამ გადაწყვეტილებებით ამხანაგობამ ჩ-ს საკუთრებაში გადასცა მ. ს-ლის მფლობელობაში არსებული სარდაფი და მაღაზია. ნ. ჩ-ი არ არის ამხანაგობის წევრი, ამიტომ მისთვის საკუთრებაში სადავო ფართების გადაცემა მართლსაწინააღმდეგოა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სარჩელში მითითებული გარემოება, რომ კრების მოწვევისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები უსაფუძვლოა, კრება მოწვეულ იქნა «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და გადაწყვეტილებაც ფართის გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია, სადავო ქონება წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას და მან მართებულად განკარგა იგი. მ.ს-ლის სახელზე გაცემული დოკუმენტები კანონშეუსაბამოა, ამასთან, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღურიცხაობის გამო მოთხოვნა ხანდაზმულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ლის სარჩელი ნ. ჩ-ისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ იბა « ... 44-ის» 2008 წლის 8 სექტემბრის კრების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ს-ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ერთი პირის საწარმო «მირიანის» მესაკუთრე მ.ს-ლს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს წერილის თანახმად, ნება დაერთო მისი საცხოვრებელი კორპუსის (მდებარე ...ის ქ¹44-ში) საერთო ეზოს შესასვლელთან, ხელმარცხნივ მოეწყო 20 კვ.მ-მდე სავაჭრო მაღაზია, რისთვისაც მხარეს უნდა დაეკვეთა პროექტი და შეეთანხმებინა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოსთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის პირველი მოთხოვნისთანავე აღნიშნული ობიექტი აღებული იქნებოდა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების გარეშე აშენდა 18,95 კვ.მ სავაჭრო ფართი. მ. ს-ლი და ნ. ჩ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988-1991 წლებში. როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინების შემდეგ გარკვეული პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, ჯერ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მისი გაყიდვის შემდგომ სადავო ფართში. მსარეები არ დავობენ, რომ სადავო ფართს 1996 წლიდან ფლობს ნ. ჩ-ი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2008 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ. ჩ-ს საკუთრებაში გადაეცა მის მფლობელობაში არსებული 6.13 კვ.მ სარდაფი (კრების ოქმი ¹2), ხოლო ამავე თარიღის გადაწყვეტილებით (კრები ოქმი ¹3) ნ. ჩ-ს საკუთრებაში გადაეცა ეზოს ფართი 24 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია 18,95 კვ.მ კომერციული ფართი. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 16 მარტის ¹ლეგ – 3203 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ.ჩ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქ¹44-ში მდებარე კორპუსზე უნებართვოდ მიშენებული შენობა-ნაგებობა, ამავე ბრძანების საფუძველზე, სადავო ფართი 2009 წლის 16 ივლისს საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ჩ-ის საკუთრებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი, ნ. ჩ-ისა და ნ. ს-ლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹44-ში მდებარე 20 კვ.მ ფართი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ისა და ნ. ს-ლის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 16 მარტის ¹ლეგ – 3203 ბრძანებაBბათილად იქნა ცნობილი მ. ს-ლის საჩივრის საფუძველზე. არც მ. ს-ლი და არც ნ. ჩ-ი გასაჩივრებული ოქმების მიღების დროისთვის ბმა « ... 44-ის» წევრები არ იყვნენ. ნ. ჩ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 718 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრებში და საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლით და განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 90-იან წლებში აპელანტისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აშენებული სადავო შენობა არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, იგი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენდა და მასზე ინდივიდუალური საკუთრების უფლება მ. ს-ლს ან ნ. ჩ-ს (სადავო კრების გადაწყვეტილებამდე) მოპოვებული არ ჰქონიათ. ასევე არ ჰქონიათ მხარეებს ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში, ან/და 90-იან წლებამდე დადგენილი წესით სარგებლობის უფლებით გადაცემული. «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა, ობიექტური პირობით _ მრავალბინიანი საცხივრებელი სახლის არსებობითაა განპირობებული, ხოლო ამხანაგობის წევრობა უკავშირდება პირის მიერ ინდივიდუალური საკუთრების საგანზე – ბინაზე ან საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების არსებობას. ამხანაგობის წევრთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა დაკავშირებულია პირის უფლების არსებობასთან ბინაზე (და არა მიწის ნაკვეთზე). ბინაზე საკუთრების შეძენა არის პირველადი, რაც ავტომატურად წარმოშობს საერთო საკუთრებაზე უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან მ. ს-ლს ზემოაღნიშნული აქტებით უფლება მოპოვებული ჰქონდა მიწის ნაკვეთზე, იგი ითვლება ამხანაგობის წევრად. უნდა აღინიშნოს, რომ მ.ს-ლს, როგორც საქართველოს კანონით «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იუირიდიული პირების სარგებლობაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ საქართველოს კანონის» მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, სადავოდ არ გაუხდია სარეგისტრაციო ჩანაწერი მისთვის დამაგრებული მიწის ნაკვეთის ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ასევე არ შედავებია ამხანაგობას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლების დადგენის მოთხოვნით. მის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ კრების გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც ამხანაგობამ მესამე პირზე განკარგა წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი. იმ ვითარებაში, როდესაც დავის განხილვის დროისთვის მიწის ნაკვეთი კვლავ ამხანაგობის საკუთრებად არის აღრიცხული, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების სავალდებულობის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ამხანაგობის მიერ საერთო საკუთრების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელე წარმოადგენს არა იმ პირს, რომელსაც ჰქონდა ამხანაგობის წევრად გახდომის მატერიალური საფუძველი, არამედ პირს, რომელსაც ამჟამად ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრებთან ერთად საერთო საკუთრების უფლების (საზიარო უფლების) მოპოვების მატერიალური საფუძველი გააჩნდა და რომლის რეალიზაციაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლით სადავო შენობის მიმართ და იგი მიჩნეულ იქნა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ამხანაგობამ განკარგა ნ. ჩ-ის სახელზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ არის ამხანაგობის წევრი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არც იმ კუთხით შედავების უფლება აქვს, კრებამ გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კანონით დადგენილი ქვორუმის დაცვით. პალატის მოსაზრებით, კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის თაობაზე შედავების უფლება აქვს იმ ამხანაგობის წევრს, ვისი უფლებაც დარღვეულ იქნა და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა.
იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამხანაგობის წევრი არაა და მას არც ამხანაგობის წევრობის უფლების მოპოვების მატერიალური საფუძველი გააჩნია, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მისი მოთხოვნაც ნ. ჩ-ისთვის სარდაფის გადაცემის თაობაზე კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც. აღნიშნული ფართი წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას თანახმად «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტისა. შესაბამისად, ამხანაგობა უფლებამოსილი იყო, განეკარგა სადავო უძრავი ქონება და ამ განკარგვაზე შედავების უფლებაც მხოლოდ ამხანაგობის წევრებს გააჩნიათ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ლმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფდილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ განჩინება დაამყარა ერთადერთ არგუმენტს _ ვინაიდან მ.ს-ლი არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა « ... 44-ის» წევრს, მას არ გააჩნია ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე დავის უფლება. სასამართლო სწორად ადგენს იმ გარემოებას, რომ არც მ.ს-ლი და არც ნ.ჩ-ი ამხანაგობნის წევრები არ არიან, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არაა საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება არ შეიძლება შეეხებოდეს მისი არაწევრი მესამე პირის უფლებებს. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მ.ს-ლის მიერ აშენებული ფართი მოსარჩელის სარგებლობაში იმყოფებოდა, ხოლო მოგვიანებით ნივთი გადავიდა მოპასუხის უსაფუძვლო მფლობელობაში, რომელსაც ფართის ფლობის არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა მანამ, ვიდრე მოპასუხემ ბათილი გარიგების საფუძველზე არ მოახდინა ადმინისტრაციული აქტით ფართის ლეგალიზაცია. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარი მხოლოდ იმ საფუძვლით ეთქვა, რომ მ.ს-ლის, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა არ იყო უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
სასამართლოს არ გამოუკვლევია ის საკითხი, სადავო ფართი წარმოადგენდა თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა « ... 44-ის» წევრთა საერთო საკუთრების საგანს. მითითებული საკითხის კვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სადავო ფართი «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განკარგოს ეს ქონება. მითითებული გარემოება ადასტურებს მ. ს-ლის შედავების უფლებას. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის საკითხიც, რომ ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მ.ს-ლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ფართის ლეგალიზაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი მ.ს-ლის, როგორც დაინტერესებული მხარის, საჩივარი კასატორის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის წინაპირობაა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» და «ი» ქვეპუნქტები. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც აშენდა სადავო ფართი, უტყუარად ადასტურებს ქონებაზე მ.ს-ლის უფლების არსებობის ფაქტს. აღნიშნული აქტების საფუძველზე დასტურდება ისიც, რომ ლეგალიზაციაზე უფლებამოსილი პირი მ.ს-ლია და მას დავის საგანთან მიმართებით მატერიალური მოთხოვნა გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ლი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტით, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-ლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ს-ლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.