დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.10.2011
საქმის ნომერი
ას-1371-1388-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1371-1388-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ე, კ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება

დავის საგანი –კანონიერი საფუძვლის გარეშე ოჯახში მყოფი ბავშვის გამოყვანა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-ემ და კ. გ-ამ სარჩელი აღძრეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წინააღმდეგ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი უკვე 7 წელია შეუღლებულები არიან, ხოლო 2009 წლის 5 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. 2009 წლის 1 მარტს თავინათ ეზოში იპოვეს მიტოვებული ჩვილი. ამ დროის მანძილზე ზრდიან ბავშვს, რომელსაც ყველა პირობა შეუქმნეს ნორმალური აღზრდისათვის. 2010 წლის 29 იანვრიდან მოსარჩელეები აყვანილნი არიან შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით 2009 წლის 1 მარტს დაბადებული ნ. ლ-ე აღიარებულ იქნა მიტოვებულად. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ნ. ლ-ეს მიენიჭა გასაშვილებლის სტატუსი და შეტანი იქნა გასაშვილებელი ბავშვების ერთიან რეესტრში. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებმა მოსარჩელეებს უარი უთხრა ბავშვის შვილად აყვანაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა 2009 წლის 1 მარტს დაბადებული ნ. ლ-ის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ბავშვის სახელად ე. გ-ას, დაბადების თარიღად კი 2009 წლის 1 მარტის განსაზღვრა, ბავშვის მშობლებად 1980 წლის 1 ნოემბერს დაბადებული ნ. შ-ისა და 1978 წლის 23 იანვარს დაბადებული კ. გ-ას დაფიქსირება მოითხოვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ ასევე აღძრა სარჩელი სასამართლოში ნ. შ-ისა და კ. გ-ას მიმართ, ოჯახში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი ბავშვის გამოყვანის მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 4 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას ნ. შ-ემ აცნობა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ იქნა მდედრობითი სქესის ახალშობილი. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ლ-ე აღიარებულ იქნა მიტოვებულად. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ ნ. ლ-ეს მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები იმყოფებიან მშვილებელთა რეესტრში აღრიცხვაზე, ბავშვს თავისთან ამყოფებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. შ-ისა და კ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; Aარასრულწლოვანი ნ. ლ-ე, დაბადებული 2009 წლის 1 მარტს, გაშვილებამდე დარჩა ნ. შ-ისა და კ. გ-ას ოჯახში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის გაჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, გადწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოახერხებდა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვისთვის უკეთესი პირობების შექმნას და რა გავლენას მოახდენდა მასზე მშვილებლებისაგან მოშორება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 16 ივნისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების განცხადების საფუძველზე ნ. ლ-ე, დაბადებული 2009 წლის 1 მარტს, აღიარებულ იქნა მიტოვებულად. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ნ. ლ-ის დაბადების თარიღად მითითებული იყო 2009 წლის 1 მარტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. გ-ა და ნ. შ-ე აყვანილი არიან შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე. ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის წერილზე დაყრდნობით დადასტურებულად ცნო, რომ სოფელ ...ში მცხოვრებ კ. გ-ას საცხოვრებელი სახლის ეზოში დატოვებული ჩვილის ბიოლოგიური მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა. 2010 წლის 15 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოცმუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, მიიჩნია, რომ კ. გ-ასა და ნ. შ-ეს ოჯახში საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების თაობაზე მიეცათ რეკომენდაცია, რათა ისინი აყვანილი ყოფილიყვნენ აღრიცხვაზე მშვილებელთა რეესტრში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. შ-ე და კ. გ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 5 მარტიდან. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის შესაბამისად, კ. გ-ა რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სასამართლო სხდომაზე მიწვეული ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტებას, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ახსნა-განმარტებას, რომ, ოჯახიდან წამოყვანის შემთხვევაში, ბავშვი განთავსებული იქნებოდა ბავშვთა სახლში ან მიმღებ ოჯახში, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვი კრიტიკულ ასაკშია, იგი წელიწადზე მეტია ცხოვრობს ნ. შ-ესთან და კ. გ-ასთან, სპეციალისტის კონსულტაციით მისთვის სამყაროს შემეცნებას სწორედ ამ ადამიანების შემეცნებით მიეცა დასაბამი, ბავშვის დაცილება ამ ოჯახური გარემოდან კი მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენდა მის ფსიქიკაზე და მიიჩნია, რომ ნ. ლ-ის დაცილება მშვილებლებისაგან ვერ იქნებოდა უსაფრთხო ბავშვისათვის.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეუძლებელია კანონის მოთხოვნის შესრულება. დაუშვებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით კონკრეტულმა მშვილებელმა პირებმა მოიპოვონ შვილად აყვანის უპირატესი უფლება, რითაც დაცული იქნება “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონით დადგენილ მშვილებელ პირთა დაკმაყოფილების რიგითობის პრინციპი. სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია, შესაბამისად, იქმნება ისეთი არასასურველი მდგომარეობა, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიმართ, მაგრამ მასზე უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. ბავშვის გაშვილების სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონის მე-17 მუხლით, რომელიც განმარტავს მშვილებელი კანდიდატებისათვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების იმპერატიულ პრინციპებს. Aამ ნორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მოპასუხეები განხილულ იქნენ, როგორც ნ. ლ-ის მშვილებელი კანდიდატები. Mმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი შვილად ასაყვანად უნდა შესთავაზონ მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულ მშვილებელ პირებს, რიგის მიხედვით. Mმოპასუხეები კი, დარეგისტრირებული არიან 2010 წლის 2 თებერვალს და სიაში მათი ნომერია 1180. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომელიმე მშვილებელთან დაიწყოს და წარიმართოს ნ. ლ-ის გაშვილების საქმე, კერძოდ, გაუმართლებელია მშვილებელმა კანდიდატმა გასაშვილებელი ბავშვი მოინახულოს მოპასუხეების ოჯახში, ჩაუტაროს მას საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, მის მიმართ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ გასცეს დადებითი დასკვნა, გაიმართოს შვილად აყვანის სასამართლო პროცესი და სხვა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრება მიტოვებულად აღიარებული ბავშვის გაშვილებამდე მოპასუხეებთან დარჩენის თაობაზე, არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ Mსოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.