საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003180737
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1062აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი ი, 1062აპ-21 14 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძისა და მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით:
1.1. ი. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.
1.2. ი. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ბრალდებულის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, 2000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ი. მ-ს (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ა-ე, ჭ-ს ქუჩა N...., ს.კ..... (2019 წლის 17 სექტემბრის 12/028-19წ.განჩინება).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ა-ი, ჭ-ს ქ. N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ი. მ-ა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. კ-ს, კერძოდ, ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა მას მარცხენა მხრისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი. მ-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ი. მ-ს შეფარდებული სასჯელის უცვლელად დატოვება.
4.2. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ი. მ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
6. საკასაციო სასამართლო კასატორის - ადვოკატ გ. დ-ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულ ი. მ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.
7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი. მ-ს ლ. კ-ი არ უცემია და თითქოს, გასაჩივრებული განაჩენი ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებსა და არასათანადოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
8. დაზარალებულ ლ. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ი. მ-ს მეუღლეს - ლ-ს ჰქონდა მისი ვალი, რომლის მოსათხოვად იგი რამდენჯერმე მივიდა მათ სახლთან, თუმცა - უშედეგოდ. 2019 წლის 19 ივლისს იგი თავის ქალიშვილთან - ნ. ე-ნ ერთად კვლავ მივიდა ი-ს სახლთან, ი. და ლ-ი გარეთ იდგნენ, ღობეს აკეთებდნენ. მან ლ-ს მოსთხოვა ვალი, რაზეც ლ-მ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ლ-მ უთხრა, რომ თანხა დაებრუნებინა, რაზეც ი-ა გაბრაზდა, შევარდა სახლში, აიღო ნაჯახი და წამოვიდა მისკენ დასარტყმელად. მის შვილს - ნ-ს შეეშინდა, რის გამოც ლ-მ შვილს გამოართვა ტელეფონი, რათა დაერეკა პოლიციაში. ამასობაში ი-მ ნაჯახი დააგდო და ფიცარი აიღო ხელში, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა მას მარცხენა მხარეს, ხოლო ლ-ი იგინებოდა. შემდეგ ი-მ ფიცარი დააგდო და ლ-ს ურტყამდა ხელს, ასევე მუცლის არეში ფეხი ორჯერ დაარტყა. აღნიშნულის შედეგად ლ-მ ტანზე მიიღო დალურჯებები და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
9. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ნ. ე-ა.
10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ლ. კ-ი და მოწმე ნ. ე-ი აღწერენ შემთხვევის მომენტში არსებულ მდგომარეობას თანმიმდევრული პერიოდულობით და კონფლიქტის მონაწილე და თვითმხილველი მოწმის ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებითი აცდენა არ არსებობს.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №.. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (ლ. კ-ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე, ყველა ერთად აღებული, ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა (ექსპერტიზაზე წარდგენილი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები - ნაკერის გარღვევის სახით, განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მაისურის წინა მხარეს არსებული დინამიკური ფორმის დაშრევებული კვალი თავისი ფორმით და სახით მსგავსია ფეხსაცმლის ძირის ფრაგმენტის პროტექტორის მიერ დატოვებული კვალისა, სადაც მკაფიოდ არაა გამოსახული პროტექტორების სახე) და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს გამომძიებლების, ექსპერტებისა და თარჯიმნის ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე (გამომძიებლები - ლ. ზ-ე და გ. გ-ე, ექსპერტ-კრიმინალისტები - ლ. ნ-ე და კ. კ-ი, თარჯიმანი მ. კ-ი) და მიაჩნია, რომ ცალსახად დასტურდება ი. მ-ა და ლ. კ-ს შორის 2019 წლის 19 ივლისს კონფლიქტის ფაქტი, რა დროსაც ლ. კ-ა მიიღო სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული დაზიანება დაზარალებულს მიადგა არა რაიმე საგნის ზემოქმედებიღ, არამედ - ხელ-ფეხის დარტყმით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტი, რომ არ არის ჩატარებული ი. მ-ს ფეხსაცმლის პროტექტორზე ექსპერტიზა, რათა დადასტურებულიყო დაზარალებულის მაისურზე არსებული ფეხსაცმლის კვალის იგივეობა, არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს, ვინაიდან ცემისას ფეხის დარტყმის ფაქტი დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ლ. კ-ს მაისურზე ფეხსაცმლის კვალის წარმოშობის რაიმე ალტერნატიულ გზაზე კი დაცვის მხარეს არ მიუთითებია.
12. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, სასამართლოში მოწმის დაკითხვის წესის დარღვევით დაზარალებულისა და მისი შვილის დაკითხვის თაობაზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასახელებული მუხლი მოთავსებულია თავში, რომელიც გულისხმობს საქმის არსებით განხილვას სასამართლოში. მუხლში აღწერილია სასამართლოში მხარისა და მოწმის გამოცხადების წესები, კერძოდ, მე-5 ნაწილის თანახმად, გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. დასახელებული დანაწესის შინაარსიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, მიიღოს ზომები იმისათვის, რათა მოწმედ გამოძახებულ პირებს ერთმანეთთან არ ჰქონდეთ კონტაქტი სასამართლოს შენობის გარეთ და აღნიშნული დისტანცირების დაცვა გააკონტოლოს ერთი თვის განმავლობაში. კანონმდებლის მიზანია მათი იზოლირება დასაკითხ დღეს სასამართლოში გამოცხადებისას. შესაბამისად, დაზარალებულისა და მისი შვილის დაკითხვა სასამართლოში ერთი თვის შუალედით, არ შეიძლება ჩაითვალოს სსსკ-ის 228-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევად.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ი. მ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ამიტომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედებების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ი. მ-ა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირველადაა სამართალში), საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. მ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძისა და მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი