საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003000612
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №275აპ-22 ქ. თბილისი
ს.ლ. 275აპ-22 25 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
წლების განმავლობაში ლ. ს–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა–ს რაიონის სოფელ პ–ში მცხოვრებ მამას - ვ. ს–ს 2019 წლის 12 აპრილს, ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, ლ. ს–მ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე საწოლში მწოლიარე მამას მიაკითხა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ხელების ყელში მოჭერით მოუსპობდა სიცოცხლეს და მოკლავდა. სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ვ. ს–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით:
3.1. ლ. ს–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ლ. ს–ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელმაც ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ლ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
7. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ს–ის გამართლება განაპირობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან:
10. დაზარალებულმა ვ. ს–მ (ლ. ს–ის მამამ) და მოწმე ი. გ–მა(ლ. ს–ის მეუღლემ) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ლ. ს–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად წარმოდგენილი არ არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ცალსახად დასტურდება ლ. ს–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა მისი დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე. „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში ლ. ს–ის ბრალეულობა დამოკიდებულია დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებაზე. ამიტომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს კი არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, უტყუარად ვერ დგინდება ლ. ს–ის მიერ საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ვერ დგინდება მუქარის ფაქტის არსებობა და ასეთის შემთხვევაში - დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა.
13. მოწმეები გ. გ–ე, გ. მ–ე, გ. ნ–ე, მ. კ–ი, ლ. ს–ი არ არიან არც ფაქტის თვითმხილველები და არც ერთი მათგანის ჩვენება არ შეიცავს ინფორმაციას არც სავარაუდო დანაშაულის შემთხვევიდან მცირე დროში დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ხოლო „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
14. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე