საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.05.2022
საქმის ნომერი
2კ-260აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100121005160676

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-22 ქ. თბილისი

ს-ე გ, 260აპ-22 30 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

1.1. გ. ს-ე, - დაბადებული ... წლის .... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 სექტემბრიდან იმავე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.

1.3. გ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ზ-ს რაიონის სოფელ ზ-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ს-მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორივე ხელი მოუჭირა კისერში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ-ს, რის შემდეგაც ადგილზე მყოფ მეუღლის მამას - ჯ. კ-ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში. აღნიშნულით ჯ. კ-მ და ი. კ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ზ-ს რაიონის სოფელ ზ-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ს-ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: დაზარალებულების - ი. კ-ა და ჯ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ე. კ-ს გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..., №.... დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ს-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

7.2. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ. ს-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის გამოც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი