საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2022
საქმის ნომერი
2კ-139აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121004569531

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №139აპ.-22 13 მაისი, 2022 წელი

ბ–ა პ., №139აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 14 აპრილს პ. ბ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ. ბ–ამ, ეჭვიანობის მოტივით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით სცემა ჯ. ს–ს, რომელსაც პ. ბ–ს ყოფილი მეუღლე - ლ. ა–ე გადაჰყავდა ტაქსით. აღნიშნული ქმედებით პ. ბ–ამ ჯ. ს–ს თავისა და სახის არეში მიაყენა სხეულის დაზიანებები ჰემატომისა და სისხლნაჟღენთების სახით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.3. 2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის მოტივით, პ. ბ–მ ჯერ ფიზიკურად იძალადა ჯ. ს–ზე, ხოლო შემდეგ ხელთ ნაქონი იარაღის - პისტოლეტისმაგვარი საგნის დამიზნებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2021 წლის 4 მარტის N.... შემაკავებელი ორდერით პ. ბ–ს აეკრძალა ყოფილ მეულესთან - ლ. ა–სთან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის - მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც შეიძლება იგი იმყოფებოდეს. მასვე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - სატელეფონო, სოციალური ქსელის ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით. მიუხედავად ამისა, პ. ბ–ამ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა, კერძოდ, 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 15:51 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების ტელეფონის ნომრიდან - ....., დაურეკა ლ. ა–ეს მობილურ ტელეფონზე, სიმბარათის ნომრით - ....., რითაც დაამყარა აკრძალული სატელეფონო კომუნიკაცია და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:

პ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან დაემატა 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ასევე - 6 თვე და საბოლოოდ პ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;

მსჯავრდებულ პ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 4 მარტიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. დ–მ და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 17 იანვარს მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. დ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და დაზარალებულის წერილობითი თანხმობა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მოსაზრებით, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის განესაზღვრა 2 წელზე ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა პ. ბ–სათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს შეუფარდეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისა და რეციდივის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განესაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა - 1 წელი, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.“ საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენს, რომლითაც პ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მეუღლის - ლ. ა-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობისათვის და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი და ყოფილი მეუღლის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაულები. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასთან დაკავშირებით და ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია დანიშნული სასჯელის შემცირება. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება-მონანიების, მტკიცებულებების უდავოდ ცნობისა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებით დაზარალებულის თანხმობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით განესაზღვრა მსჯავრდებულს სასჯელი ნაწილობრივი და არა - სრულად შეკრების წესის გამოყენებით.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ–სიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე