საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.05.2022
საქმის ნომერი
2კ-130აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100120004232723

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №130აპ.-22 10 მაისი, 2022 წელი

გ–ა რ., 130აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით რ. გ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. გ–ას მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 6 დეკემბრიდან.

1.2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ–ამ ჩაიდინა: პოლიციელზე თავდასხმა, ე.ი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, .........ს ქუჩა №...-ში მდებარე ყოფილი ............... ტერიტორიაზე, რ. გ–ა არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ............. მთავარი სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ. .........) ათეულის მეთაურ ლ. შ–ს და დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

- სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვალის განაჩენით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ. გ–ა 2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე ყოფილი ............. ქარხნის ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რა დროსაც იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ............. მთავარი სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამმართველოს, სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ. .........) ათეულის მეთაურ ლ. შ–ს, რომელსაც დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: რ. გ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

2.2. რ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. გ–ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. გ–ას მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 6 დეკემბრიდან.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 29 დეკემბერს პროკურორმა მირანდა მუმლაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა რ. გ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ ლ. შ–ს ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ. ნ–ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ცივი იარაღითა და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით.

4. შესაგებელი:

4.1. 2022 წლის 4 იანვარს მსჯავრდებულ რ. გ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. მ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა რ. გ–ას მიერ პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, რ. გ–ას ქმედებაში არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი - პოლიციის თანამშრომლის - ლ. შ–ს ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა რ. გ–ამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელ - ლ. შ–ს, რომელიც ცდილობდა, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც მოჰყვა მისი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ–ას ბრალეულობა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე