საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2022
საქმის ნომერი
2კ-184აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120004205570

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №184აპ-22 ქ. თბილისი

ფ. გ., 184აპ-22 13 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-სა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით გ. ფ., – დაბადებული .. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 9 ნოემბრიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ფ-მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 9 ნოემბერს, შუადღის საათებში, გ. ფ-მ უკანონოდ შეაღწია .. მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მარკის ავტომანქანაში (სახ. ნომრით ) და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. ა.-გ-ს ჩანთას, მასში მოთავსებულ სხვადასხვა პირად ნივთს, ორ ცალ ვერცხლის მოოქროვილ სამაჯურს, ვერცხლის ყელსაბამს, ვერცხლის ქამარს, მობილურ ტელეფონსა და „ana hickmann-ის“ ბრენდის სათვალეს. გ. ფ-ს ქმედების შედეგად მ. ა.-გ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 87 700 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ტ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის, როგორც დაუსაბუთებლის და უკანონოს, გაუქმებას, გ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას, საიდანაც ერთ წელს მოიხდის საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი – ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, საჩივარში მითითებული მოტივებით.

5. პროკურორი ლაშა გამყრელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. ფ-ს ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მიყენებული ზიანის ოდენობა დადგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე დაყრდნობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ფ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XXV თავით გათვალისწინებული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულთა ქმედების შემადგენლობებში, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება და გაფლანგვა, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მათი ჩადენა დიდი ოდენობით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის: 177-ე და 178-ე მუხლების მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 181-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 182-ე მუხლისა და 185-ე მუხლის მე–3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 186-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი), ანუ როდესაც ნივთის (დანაშაულის საგნის) ღირებულება აღემატება 10000 ლარს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №236აპ-12 საქმეზე).

9. საყურადღებოა, რომ დაზარალებულმა მ. ა.-გ-მ დეტალურად აღწერა ყველა ნივთი, რომელთა აღწერილობა ზუსტად დაემთხვა გ. ფ-ს პირადი ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნივთების აღწერას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დადასტურდა დაზარალებულის დაინტერესება მსჯავრდებულის მიმართ.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც გ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს შეფასებით, ავტომანქანა ვერ ჩაითვლება საცავად, ვინაიდან საცავი არის მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია სხვადასხვაგვარად (სუსგ №602აპ-18). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაამართლა გ. ფ. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გ. ფ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №337აპ-20, №606აპ-20, №609აპ-21).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-სა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე