დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.04.2022
საქმის ნომერი
3აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010142221700173573

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3აგ-22 15 აპრილი, 2022 წელი

ტ–ი ვ., 3აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით ძებნილი ვ. ტ–ი, - დაბადებული 19.. წლის 11 ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

2. ძებნილ მსჯავრდებულს - ვ. ტ–ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

3. 2021 წლის 18 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლში 2018 წლის 18 აპრილის N2152 კანონის საფუძველზე შესული ცვლილების გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულ ვ. ტ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. მსჯავრდებულ ვ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. მ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეამოწმა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა და მასალები, რის საფუძველზეც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2015 წლის 5 ივნისის განაჩენით და საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით არ უმსჯელიათ ძებნილი მსჯავრდებულის - ვ. ტ–ს ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრებზე, ვინაიდან ძებნილ მსჯავრდებულს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მის მიმართ სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

4. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. ტ–ს დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, ვინაიდან ადვოკატ - მ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის საფუძველია ვ. ტ–ს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების არარსებობა.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეებზე, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული სასამართლო მსჯელობს მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც ეხება განაჩენის გადასინჯვას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ სამომავლოდ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება შემაფერხებელი საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოსთვის, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლო არ აფასებს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ მსჯელობს ქმედების კვალიფიკაციის სისწორესა და შეფარდებული სასჯელის სამართლიანობაზე; სასამართლო ასრულებს მხოლოდ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას სასჯელის განსაზღვრის შესახებ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის N211აგ.-16 და 2022 წლის 17 მარტის N7აგ.-22 განჩინებები).

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სანდოძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე