საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005212013
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №415აპ-22 ქ. თბილისი
შ. ზ. 415აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 18 ივლისს, შუადღის საათებში, ზ. შ–ი თ–ში, .......ს ხეივანზე მდებარე კლინიკა „.......ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - 7,41 გრამ გამომშრალ „მარიხუანას“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი;
ზ. შ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია თათიაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. შ–სათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ზ. შ–ს ადვოკატმა ი. კ–მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
6.1. ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
6.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 თვით და ჯარიმა - 2000 ლარი;
ზ. შ–ს საპატიმრო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის გამოცხადებიდან და სასჯელის აღსრულების მიზნით დაკავებულ იქნა სხდომის დარბაზში;
6.3. ზ. შ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. შ–ს ადვოკატმა ი. კ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ზ. შ–სათვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის - 2000 ლარის დანიშვნას, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენების გარეშე.
7.1. ამასთან, ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. დაცვის მხარის მტკიცებით საქმის არსებითი განხილვის დროს პროკურორს დასკვნით სიტყვაში არ უხსენებია სასჯელის კონკრეტული სახე - თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის განსაზღვრის წესი; პროკურორს არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდგომ, რომლითაც დაცვის მხარემ სასჯელის სახედ და ზომად ითხოვა ჯარიმა - 2000 ლარის დანიშვნა, დაუფიქსირებია მსგავსი მოთხოვნა, მან საერთოდ არ ისარგებლა რეპლიკის უფლებით. ამ პირობებში კი სასჯელის დამძიმება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის დანაწესს.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ზ. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის გაუქმებას და მისთვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმის - 2000 ლარის დანიშვნას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზ. შ–მ უკანონოდ შეიძინა და 2021 წლის 18 ივლისს ინახავდა 7,41 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ „მარიხუანას“. ასევე, მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თ–ს სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ - მ. ყ–ს წერილის თანახმად, აღსრულებულია (ტ.1; ს.ფ. 51); გარდა ამისა, ზ. შ–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 11 ივლისიდან 2015 წლის 14 ივლისის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში. განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა კი ამოიწურა - 2021 წლის 12 დეკემბერს (ტ.1; ს.ფ.45).
11. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. შ–მ 2021 წლის 18 ივლისს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე მითითებით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის უკანონობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ: ,,გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17) შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება“ (იხ. საქართველო უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის N419აპ-17 განაჩენი).
13. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს წარედგინა, მათ შორის, 2021 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობა, რომელსაც ხელს აწერს, მათ შორის, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. შუამდგომლობის თანახმად, კი პირობებს შორის, რომლებზეც შეთანხმდნენ მხარეები, არის: საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის საკითხი. აღნიშნულის მსგავსად საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა შემდეგი: ,,ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს მიმართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც პროკურორი ითხოვდა სწორედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი წესით განსაზღვრას. მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების პირობების დაზუსტება მითითებული წესით სასჯელის შეფარდების ნაწილში, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა და მოითხოვა საქმის არსებითად განხილვა. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს თავისი პოზიცია ისედაც ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობასა და სასამართლო სხდომაზე (იხ. საქართველო უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის N419აპ-17 განაჩენი).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება - არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ-15, №733აპ-16, №349აპ-17).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“(იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, II-22)
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ზ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე