საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2022
საქმის ნომერი
2კ-301აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100121004625082

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №301აპ-22 ქ. თბილისი

ნ-ი თ, 301აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი თ. ნ-ი 2021 წლის მარტიდან გ-ის რაიონის სოფელ გ-ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ბ. რ-ის თანდასწრებით, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. კ-ს, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. თ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. თ. ნ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.3. თ. ნ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება, თ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის შეფარდება შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ,7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. კ-ა და მოწმე ბ. ნ-ა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. საქმის არსებითი განხილვისას თ. ნ-ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე. ,,ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19).

10. მოცემულ შემთხვევაში თ. ნ-ის ბრალეულობა დამოკიდებულია დაზარალებულისა (მ. კ-ის) და მოწმის (ბ. ნ-ის) მამხილებელ ჩვენებებზე. ისინი არიან სწორედ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები; ამიტომ, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს კი არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ვერ დგინდება თ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი