საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002640331
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №322აპ-22 ქ. თბილისი
ი-ი ა 322აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
1.1. ა. ი-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 აგვისტოდან.
1.3. ა. ი-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-ა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით ა. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
· აღნიშნულის შემდეგ ა. ი-ა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით, საერთო წონით 0,6932 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. აღნიშნული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ა. ი-ა თ-ი, ფ-ს დასახლებაში მდებარე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაწილ-ნაწილ გაასაღა, კერძოდ: 2018 წლის 27 ივნისს 2 ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული, 0,0912 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 140 ლარად გაასაღა მოქალაქე გ. ლ-ე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 14 ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული, დიდი ოდენობით, საერთო წონით 0,602 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ კვლავ გ. ლ-ე 500 ლარად გაასაღა 2018 წლის 29 ივნისს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატ რ. რ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ა. ი-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ი-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში, ესენია: მოწმეების - გ. ლ-ს, ზ. ც-ს, ი.. გ-ს, გ. ტ-ის, გ. კ-ა და სხვათა ჩვენებები, პატაკები, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები, ამოღების ოქმი, დაკავების ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ვიდეოჩანაწერი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპლექსური ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ რ. რ-ს პოზიციას, რომ მოწმე გ. ლ-ის ჩვენება არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების წარმოდგენის, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება გ. ლ-ს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაფიქსირებულა; მან ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხები გასცა ყველა შეკითხვას, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ:
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ. ლ-მ დაადასტურა, რომ ხშირად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ ასად იბრაგიმოვისგან, მათ შორის - 2018 წლის 27 და 29 ივნისს. მათი შეხვედრის ადგილი მდებარეობდა ფონიჭალაში, ერთ-ერთი ქუჩის ჩიხში, სადაც ვერავინ ხედავდა. 2018 წლის 27 ივნისს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად წაიყვანა მეგობარმა ზ. ც-მ. თ-ი დაბრუნებისას სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა გააჩერეს, რის გამოც სცადა ნარკოტიკის გადაყლაპვა, კერძოდ, 15 პაკეტიდან 13 გადაყლაპა, 2 პაკეტი კი ამოიღეს, კერძოდ, 1 ცალი ავტომანქანიდან, 1 ცალი კი - მისი პირის ღრუდან.
9. 2018 წლის 27 ივნისს ფ-ი, ერთ-ერთ ჩიხში ნარკოტიკის შესაძენად გ. ლ-ის მიყვანის ფაქტი დაადასტურა ასევე ზ. ც-მ და განმარტა, რომ მივიდნენ ფ-ი, ცენტრალური გზიდან გ-ს ან ც-ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩიხში. მანვე დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ თ-ი მათი შეჩერებისა და 2 პაკეტი ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი.
10. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა გ. ლ-ის ასფალტზე დაწვენისას პირიდან გადმოვარდნილი პოლიეთილენის პაკეტი, ე.წ. ჩეკი.
11. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-ი, კ-ს ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელი ფერის ,,ნისანის“ ფირმის ,,მარჩის“ მოდელის (მარჯვენასაჭიანი) ავტომანქანის (სახ.....) წინა მარცხენა - მგზავრის სავარძლიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.
12. საქმეზე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ. ლ-ს პირადი ჩხრეკისას მისი პირის ღრუდან ამოღებული, მოყვითალო პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით 0,0829 გრამი (ობ. N2), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, წონით - 0,0510 გრამს. ზ. ც-ს ავტომანქანიდან ამოღებული, მომწვანო პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება, წონით 0,0668 გრამი (ობ. N1), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, წონით 0,0402 გრამს.
13. მოწმე გ. ლ-მ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 ივნისს ა. ი-ან შესახვედრად წავიდა ვიდეოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი და შეიძინა 14 ცალი პაკეტი ნარკოტიკული საშუალება.
14. საქმეზე უდავოდ ცნობილი კომპლექსური ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად კი, პოლიეთილენის ნაჭერში 14 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით ნოტიო მდგომარეობაში - 1,32 გრამი, წარმოადგენს ერთნაირ ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლის მქონე კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, საერთო წონით გამოშრობის შემდეგ 1,11 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობა - 0,602 გრამია.
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე - ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა წერილობით მტკიცებულებებს. ამდენად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. პირიქით, მოწმე გ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ კარგად იცნობს ა. ი-ს, რომლისგანაც ხშირად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ადასტურებს გ. ლ-ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ 29 ივნისს მას ნარკოტიკი სწორედ ა. ი-ა გადასცა. ამავე ჩვენებასთან შინაარსობრივად თანხვდენილია და ადასტურებს მოწმე ზ. ც-ს ჩვენება და ფარული ჩანაწერები. ბრალდების ვერსიას ამყარებს ჩხრეკის ჩასატარებლად მისვლისას ა. ი-ის გაქცევის მცდელობის ფაქტიც.
16. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს, კერძოდ:
17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის (ან თუნდაც რამდენიმე ასეთის), ჩატარების შემთხვევაში, რაიმე ისეთი ინფორმაციის მოპოვების ალბათობა, რაც არსებულ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებს კიდევ უფრო ცხადს გახდიდა, არ არსებობდა. საგამოძიებო ექსპერიმენტი შესაძლოა, ჩატარებულიყო მოწმეების - გ. ლ-ს ან ზ. ც-ს მონაწილეობით, იმის დასადგენად, მართლაც მიუთითებდნენ თუ არა ეს პირები იმ ადგილს, სადაც, მათი ჩვენებებით, ასად იბრაგიმოვი ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებებს. დაცვის მხარის მოსაზრებით გამოდის, რომ აღნიშნულით შესაძლებელი იქნებოდა ამ პირების ჩვენების უტყუარობის შემოწმება. რეალურად, მოწმე ზ. ც-ს ჩვენების თანახმად, გ. ლ-ე ჩამოვიდა მისი ავტომობილიდან, ის დატოვა მანქანაში, წავიდა და ცოტა ხანში დაბრუნდა. ანუ ც-ს არ უნახავს არც რეალიზატორი და არც ნარკოტიკის გადაცემის ადგილი. შესაბამისად, ვარაუდი იმისა, რომ ც-ნ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შემთხვევაში რაიმე ღირებული ინფორმაცია დამატებით იქნებოდა მოპოვებული, უსაფუძვლოა. გ. ლ-ს ჩვენების თანახმად, ა. ი-ი მას ნარკოტიკს გადასცემდა თავისი საცხოვრებელი ბინის მახლობლად მდებარე ჩიხში, ქუჩაში. ეს ნიშნავს, რომ გასაღება ხდებოდა საჯარო ადგილზე და ამასთან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ. ლ-ნ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ერთადერთი ინტერესი შესაძლოა ყოფილიყო ის, აჩვენებდა თუ არა იგი ქუჩის კონკრეტულ ნაწილს - ჩიხს, სადაც ხვდებოდა ი-ს ნარკოტიკების გამოსართმევად. საქმის მასალების თანახმად, უდავოდ ასევე დადგენილია, რომ გ. ლ-მ კარგად იცოდა ხსენებული ტერიტორია და ყველა შემთხვევაში შეეძლო მიეთითებინა იმ საჯარო სივრცეზე, რომელსაც თავის ჩვენებაში გულისხმობდა.
18. რაც შეეხება ფონოსკოპიურ ექსპერტიზას, საგამოძიებო ექსპერიმენტისაგან განსხვავებით, ამ მტკიცებულებას მართალაც შეეძლო „არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დარჩენილ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებზე“ დამატებით ღირებული ინფორმაცია მიეცა. თუმცა რეალურად მის მოპოვებაზე ბრალდების მხარეს უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, ბრალდების მხარემ მისი ჩატარების მიზნით სცადა ა. ი-ს ხმის ნიმუშის მიღება, მაგრამ აღნიშნულზე თვითონ დაცვამ (ბრალდებულმა) განაცხადა უარი.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასად იბრაგიმოვის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების თაობაზე - კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი