საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002916317
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №373აპ-22 ქ. თბილისი
ა. დ., 373აპ-22 11 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას, შესაბამისად, სასამართლომ დ. ა-ს ქმედება არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე; კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ი. გ-სა და ექსპერტ რ. ზ-ს ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ დ. ა-ს მიერ მოპარული ტელეფონის ღირებულება შეადგენდა - 200 ლარს და, შესაბამისად, გამოკვეთილი იყო დაზარალებულისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი; მხოლოდ ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა გ. ჩ-მა ვერ განსაზღვრა მობილური ტელეფონის ღირებულება, საეჭვოს ვერ გახდის ექსპერტ რ. ზ-ს მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
1.1 მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. დ. მიიჩნევს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს და საკასაციო შესაგებლით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ა-ს ბრალად დაედო ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 1 თებერვალს, .. დ. ა. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 200 ლარად ღირებულ, ი. გ-ს კუთვნილ, „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ბათუმის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით დ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 15 დღით თავისუფლების აღკვეთა დ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 დღით და ჯარიმა - 2 000 ლარი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 1 თებერვალს, .. დ. ა. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი. გ-ს კუთვნილ, „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ დ. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილი იყო ბრალად შერაცხული ქმედების - ქურდობის ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენა, როგორიც არის - იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XXV თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება - 150 ლარს ზევით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე დ. ა-ს ედავებოდა ი. გ-ს კუთვნილი 200 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის ქურდობას, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, მობილური ტელეფონის ღირებულებასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: დაზარალებულ ი. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ,,ჰუავეის“ მოდელის მეორეული ტელეფონი შეიძინა 200 ლარად, რომელიც 2019 წლის 1 თებერვალს მოჰპარეს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის - „HUAWEI Ascend, model: HUAWEI G6-L11“, რომელიც განკუთვნილია „ჯეოსელის“ ქსელისთვის, საბაზრო ღირებულება, ფაქტობრივი (ფიზიკური) მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 200 ლარს; მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ. ზ-მ აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევის ფარგლებში, ნივთის ღირებულების დადგენისას, იხელმძღვანელა კომპანია ,,ჯეოსელის“ გაყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, მითითებული მოდელის, ახალი ტელეფონის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით - 300 ლარს; საყურადღებოა, რომ დ. ა-სათვის ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენილია 2019 წლის 1 თებერვალს, ხოლო საექსპერტო დასკვნა გაიცა - 2019 წლის 14 თებერვალს, მაშინ, როდესაც კომპანია ,,სილქნეტის“ შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა გ. ნ-მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვალში ,,ჯეოსელისა“ და ,,სილქნეტის“ ქსელები იყო გაერთიანებული და 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, მობილური ტელეფონი - „HUAWEI Ascend” model: HUAWEI G6-L11“ ,,სილქნეტის“ ქსელში, გაყიდვების საიტზე განთავსებული არ ყოფილა; და ბოლოს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის - გ. ჩ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 მარტს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიიღეს მოთხოვნა მობილური ტელეფონის - „HUAWEI Ascend” model: HUAWEI G6-L11“ საბაზრო ღირებულების დადგენის თაობაზე, მაგრამ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ შესაბამის ბაზარზე ანალოგიური მდგომარეობის მობილური ტელეფონის ყიდვა/გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიეს, ვერც შესაფასებელი მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება განსაზღვრეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დგინდება მოპარული მობილური ტელეფონის ღირებულება აღემატებოდა თუ არა - 150 ლარს და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არამედ - მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი ქურდობის - დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და, შესაბამისად, შერაცხული კვალიფიკაციით დ. ა-ს მსჯავრდება კანონიერია.
12. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი