საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001598800
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №458აპ-22 ქ. თბილისი
კ. ზ.458აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ზ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
1.3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
1.4. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
1.5. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
1.6. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
1.7. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2016 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:40 საათზე, თ–ში, გ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან ახლოს არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე, ზ. კ–მ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფსიქიკური ზემოქმედებით, იარაღის სახესთან დემონსტრირებით, აიძულა ავტობუსის მძღოლი - ზ. ჭ–ე დაეძრა ავტობუსი და გაუჩერებლად განეგრძო სვლა.
2.2. 2014 წლის 11 ივნისს, ერთი მხრივ, ლ. დ–ს და, მეორე მხრივ, ააიპ „............ის კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ. კ–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზ. კ–სე იღებდა ვალდებულებას ლ. დ–ის კ–ში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ. კ–სა და ლ. დ–სის მოლაპარაკების შესაბამისად, ზ. კ–სეს კანადაში გამგზავრების გარდა, უნდა უზრუნველეყო ლ. დ–ის ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა, ვინმე ლ. კ–ს დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ლ. დ–მა 2014 წლის 11 ივნისს, ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ ანგარიშზე გადარიცხა 8 760 ლარი. ზ. კ–ს განზრახული ჰქონდა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას, ისარგებლა ლ. დ–ს ნდობით და 8 760 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2.3. 2014 წლის 19 ივნისს, ერთი მხრივ, გ. ა–ს და, მეორე მხრივ, ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ. კ–სეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზ. კ–სე იღებდა ვალდებულებას გ. ა–ს კ–ში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ. კ–სა და გ. ა–ის მოლაპარაკების შესაბამისად, ზ. კ–ს კ–ში გამგზავრების გარდა უნდა უზრუნველეყო გ. ა–ს ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა, ვინმე ლ. კ–ს დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, გ. ა–მა 2014 წლის ივნისში 2 000 ლარი და ს–ს მოქალაქის პასპორტი გადასცა ზ. კ–ს. განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ზ. კ–მ ისარგებლა გ. ა–ს ნდობით და 2000 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2.4. 2015 წლის 27 იანვარს, ერთი მხრივ, ლ. ნ–სა და ნ. ხ–ს და, მეორე მხრივ, ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ. კ–სეს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, ზ. კ–სე იღებდა ვალდებულებას ლ. ნ–ს და ნ. ხ–ს კ–ში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ. კ–სა და აღნიშნული პირების მოლაპარაკების შესაბამისად, ზ. კ–ს კანადაში გამგზავრების გარდა, უნდა უზრუნველეყო მათი ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა, ვინმე ლ. კ–ს დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ნ. ხ–მ 2015 წლის 27 იანვარს 7 000 აშშ დოლარი და 1 975 ლარი გადარიცხა ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ ანგარიშზე. ზ. კ–ს განზრახული ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულების თანხას, ისარგებლა მათი ნდობით და 7 000 აშშ დოლარი და 1 975 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2.5. 2015 წლის 20 თებერვალს, ერთი მხრივ, ნ. ღ–სა და მ. მ–ს და, მეორე მხრივ, ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ. კ–ს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას ნ. ღ–ს ა–ს .... შტატებში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ნ. ღ–მ 2015 წლის 20 თებერვალს ზ. კ–სეს შესაბამისი ხელწერილით გადასცა 2 500 ევრო. ზ. კ–სეს განზრახული ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ისარგებლა ნ. ღ–ს ნდობით და 2 500 ევრო საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2.6. 2015 წლის 3 ივლისს, ერთი მხრივ, გ. მ–სა და, მეორე მხრივ, ააიპ საქართველოს ...........კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ. კ–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზ. კ–სე იღებდა ვალდებულებას გ. მ–ს კ–ში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ. კ–სა და გ. მ–ს მოლაპარაკების შესაბამისად, ზ. კ–სეს კ–ში გამგზავრების გარდა, უნდა უზრუნველეყო გ. მ–ს ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა, ვინმე ლ. კ–ს დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, გ. მ–მა 2015 წლის 3 ივლისს ააიპ საქართველოს ........... კავშირის“ ანგარიშზე გადარიცხა 5 000 აშშ დოლარი. ზ. კ–ს განზრახული ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ისარგებლა გ. მ–ს ნდობით და 5 000 აშშ დოლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2.7. 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..............ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N................ საქმეზე, ზ. კ–ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2016 წლის 27 ივლისს მოწმის სახით გამოიკითხა ზ. კ–ე. ინფორმაციის მიცემამდე იგი გაფრთხილდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ზ. კ–მ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ „ა–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „თ–თან“, რესტორნის სამმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ. კ–მ იგივე დაადასტურა 2016 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულის სტატუსით ინფორმაციის მიცემისას. გამოძიებისას არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენაში სამი პირის მონაწილეობა, რის გამოც ორი მათგანის მიმართ შეწყდა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ერთის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ზ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ზ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი;
3.3. ზ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. დ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;
3.4. ზ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 ლარი;
3.5. ზ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ია 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ღ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;
3.6. ზ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;
3.7. ზ. კ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 500 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 ლარი;
3.8.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ლ. დ–ს, გ. ა–ს, გ. მ–ს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი;
3.9. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ ზ. კ–ს განემარტა საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ყანდიაშვილმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: ზ. კ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო მსჯავრდებულმა ზ. კ–მ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ზ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვილების შეტანას: ზ. კ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო მსჯავრდებული ზ. კ–ე - უდანაშაულოდ ცნობას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ზ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ თითოეულ ქმედებაში, ხოლო მსჯავრდებული - გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეების პოზიციებს, კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებას ზ. კ–ს სრულად უდანაშაულობის შესახებ, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებას ზ. კ–ს მიერ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (აბსოლუტურად იდენტურ; შეცვლილია მხოლოდ საჩივრის სათაური - ,,საკასაციო“) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო მსჯავრდებულმა კვლავაც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მოითხოვა სრულად გამართლება.
9. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-0ს 301-ე მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული და კასატორმა უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა და საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთერთი გარემოების არსებობა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. კ–ს ნაწილობრივ გამართლება, ხოლო ნაწილობრივ მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, როგორც მსჯავრდებულ ზ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველ ნაწილში გამართლების, ისე საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ზ. ჭ–ს, მოწმეების - მ. ხ–სა და ი. ს–ს ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, (იძულების ეპიზოდი); დაზარალებულების - ლ. ნ–ს, ნ. ხ–ს, გ. ა–ს, ნ. ღ–ს ჩვენებებით, დაზარალებულების - ლ. დ–სისა და გ. მ–ს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაკითხვის ოქმებით, მოწმეების - ი. ნ–ს, ნ. რ–ს, თ. ე–ს, ა. ნ–ს, გ. მ–ს, გ. ბ–ს, ნ. ფ–ს ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმით, ამავე მოწმის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის 2016 წლის 7 ოქტომბრის ოქმით, 2015 წლის 27 იანვრის N....., 2015 წლის 27 იანვრის N......, 2014 წლის 19 ივნისის N......., 2015 წლის 3 ივლისის N........, 2014 წლის 11 ივნისის N......, 2015 წლის 20 თებერვლის N........ ხელშეკრულებებით, ,,....... ბანკის“ სალაროს შემოსვლის ორდერებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, ა–ი შტატების საელჩოდან მოპოვებული ინფორმაციით (თაღლითობა; 5 ეპიზოდი) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. კ–ს მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტის - რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში - დასადასტურებლად.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ზ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, რესტორან „თ–ში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 ივლისს მოწმის სახით გამოკითხვისას ზ. კ–მ განმარტა, რომ რესტორნის სამმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ. კ–მ იგივე დაადასტურა 2016 წლის 28 სექტემბერს. ზ. კ–სე ორივე შემთხვევაში გააფრთხილეს ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, აღნიშნული გაფრთხილების ბოლოს ორივე გამოკითხვის ოქმზე ფიქსირდება მისი ხელმოწერა.
12.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ ზ. კ–მ გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია უდანაშაულო პირების პასუხისგებაში მიცემისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს ვარაუდს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ ზ. კ–ე მოქმედებდა უდანაშაულო პირთა მხილების განზრახვით და ადგილი არ ჰქონია მის კეთილსინდისიერ შეცდომას მოვლენების და ფაქტების აღქმაში (მისი ჯანმრთელობის მდგომარეობდან ან/და ალკოჰოლის ზემოქმედებიდან გამომდინარე).
12.2. ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ყურადღებას ამახვილებს გ. ბ–ს ჩვენების მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც მოწმემ განმარტა, რომ ის ზ. კ–ს მიერ გონების დაკარგვის ფაქტს არ შესწრებია და აღნიშნულის შესახებ ანამნეზში მიუთითა პაციენტის გადმოცემით. სასამართლო მოწმის ჩვენებას აანალიზებს მთლიანობაში და მიუთითებს, რომ გ. ბ–მა დაკითხვისას განმარტა, რომ ზ. კ–ს შემოწმებისას დაუდგინა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი; ტვინის შერყევისას, სუბიექტური ჩივილებიდან გამომდინარე, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტს ჰქონდეს გაორება და ერთი საგანი მოეჩვენოს ორად. მოცემულ შემთხვევაში პაციენტი იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ფონს; ზ. კ–ს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჰორიზონტალურ ნისტაგმს (თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა). ნისტაგმის ფონზე ზოგადად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საგნების გაორებას, ეს არის პაციენტის სუბიექტური ჩივილი; ზოგადად, ტვინის შერყევას შესაძლებელია ახასიათებდეს მეხსიერების დაქვეითებაც. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ზ. კ–ს მიერ გონების დაკარგვას, გაორებას ან/და ზოგადად მის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც ამას აღწერს მკურნალი ექიმი, კატეგორიულად შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მას გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას განზრახული ჰქონდა უდანაშაულო პირების მხილება. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, ინციდენტის ხანგრძლივობას, ინტენსივობას, იმ ფაქტს, რომ რესტორანში, მათ შორის, უშუალოდ კონფლიქტის ადგილას, ნამდვილად იმყოფებოდნენ ტ. ტ–ი და გ. ქ–ე და მათ კონფლიქტის მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს გარკვეული სახის, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ ზ. კ–თან; ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია და არ არის წარმოდგენილი რესტორნის დარბაზის დათვალიერების ოქმი, ვერ დგინდება რესტორნის დარბაზის კარსა და რესტორნის შესასვლელ კარს შორის მანძილზე (რაზეც აპელირებს ორივე მხარე ).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
14. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო მოხოვნას ზ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოთხოვნის დასაბუთებისთვის პროკურორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა არ აანაზღაურა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი და თავს არ ცნობს დამნაშავედ.
14.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს; დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის N51აპ-19 განჩინება).
14.2. მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება ან/და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას. არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 იანვრის N641აპ-20 განჩინება). ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება, კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არარსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებელად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის N932აპ-09 განჩინება;
2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება).
15. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ზ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ფაქტი ან მტკიცებულება რაც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის არაეფექტურობაზე, მათ შორის მაგალითად, მსჯავრდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელებაზე, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთერთი გარემოების - საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ასევე არ დგინდება - გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ზ. კ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი