საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005542794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №674აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი დ, 674აპ-22 20 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით:
1.1. დ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ მ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის შუადღის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ მ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის საღამოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ლ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის საღამოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 24 მარტის ჩათვლით.
1.2. დ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ მ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის შუადღის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ მ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის საღამოს ეპიზოდი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, ასევე განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ ლ. ხ-ის მიმართ 2022 წლის 29 იანვრის საღამოს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ.თ-ი, დ-ი, მე-... მ/რაიონი, კორპუსი N..., ბინა N...-ში ყოფნისას, დ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ხ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ დედამისს - ლ. ხ-ს და ქმარს - გ. ნ-ს მოკლავდა. მ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 29 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თ-ი, დ-ი, მე-... მ/რაიონი, კორპუსი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ხ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 29 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თ-ი, დ-ი, მე-... მ/რაიონი, კორპუსი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ. გ-ა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ გამუდმებით ეჭვიანობდა ლ. ხ-ე და მიაჩნდა თავის საკუთრებად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და მ. ხ-ს, კერძოდ, ორივე მათგანს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ ლ. ხ-ა და მ. ხ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 29 იანვრის ჩათვლით, დ. გ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ გამუდმებით ეჭვიანობდა და მიაჩნდა თავის საკუთრებად, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა ლ. ხ-ს, სისტემატურად ხვდებოდა ქ.თ-ი, წ-ის გ-ის N...-ში მდებარე სამსახურთან და ქ.თ-ი, დ-ი, მე... მ/რაიონი, კორპუსი N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულმა ქმედებებმა ლ. ხ-ის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, რამაც აიძულა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, სახლიდან მარტო გასვლას ერიდებოდა, სახლში დაბრუნებისას რამდენიმე გაჩერებით შორს ჩამოდიოდა და კორპუსის უკანა შესასვლელით შედიოდა.
· 2022 წლის 29 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თ-ი, დ-ი, მე-... მ/რაიონი, კორპუსი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ. გ-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ გამუდმებით ეჭვიანობდა და მიაჩნდა თავის საკუთრებად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ხ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ შვილს - მ. ხ-ს მოუკლავდა. ლ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. გ-ის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ლ. ხ-სა და მ. ხ-ის ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ დ. გ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დ. გ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, პირველადაა სამართალში, დაზარალებულებს დ. გ-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რისი მხედველობაში მიღებითაც, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით (სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე