საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100121004762763
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №676აპ-22 ქ. თბილისი
ფ-ი ა. 676აპ-22 20 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ფ-ს, - დაბადებულს .. წლის … აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. ა. ფ-ა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 15 მაისამდე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გზით ფსიქოლოგიურად, ხოლო 2021 წლის 15 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რ-ი, დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე, მათ დროებით მფლობელობაში არსებულ სახლში, მუშტების ხელების, მხრებისა და სახის არეში არაერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ს. მ-ე. ა. ფ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ს. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ა. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ა. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
2.3. ა. ფ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ფ-ა ჩაიდინა ძალადობა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ა. ფ-ა 2021 წლის 15 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ რ-ი, დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე ს. მ-ს სახლში, მუშტების ხელების, მხრებისა და სახის არეში არაერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა ს. მ-ე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ფ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
7. კასატორის მიერ დავის საგნად ქცეულ საკვანძო საკითხთან მიმართებით - იყვნენ თუ არა მსჯავრდებული ა. ფ-ი და დაზარალებული ს. მ-ა თუნდაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან მუდმივად ეწეოდნენ თუ არა ერთიან საოჯახო მეურნეობას - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511 , 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. აღნიშნული მუხლი განმარტავს ოჯახის წევრის ცნებას. ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ფ-ს ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა.
8.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ს. მ-მ განმარტა, რომ ა. ფ-ი ხანდახან მიდიოდა მასთან და რჩებოდა, ეხმარებოდა საკვები პროდუქტებით, უხდიდა კომუნალურ გადასახადს და ჰქონდათ სქესობრივი კავშირი.
8.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს: ის ფაქტი, რომ ა. ფ-ი დაქორწინებული იყო სხვა პირზე, უპირობოდ არ გამორიცხავს პარალელურად სხვა პირთან ოჯახური ურთიერთობის ქონას. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ა. ფ-ს მიერ გარკვეული პროდუქტის შეძენა და ზრუნვა ს. მ-ე ვერ აქცევს მას ოჯახის წევრად. მოწმეები - ვ. ფ-ი და გ. თ-ე ჩვენებებში უთითებენ, რომ მათ ა. ფ-ა და ს. მ-ს ურთიერთობის შესახებ არაფერი სმენიათ და არ იცნობენ დაზარალებულს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ა. ფ-ს ჰყავს ოჯახი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ფერმაში, მათთვის გამოყოფილ სახლში. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, თავად ს. მ-ს ჩვენებაც კი არ მიუთითებს არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნაზე ან მუდმივად ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებაზე. დაზარალებულის განმარტებით, იგი ქორწინებაში არ იმყოფებოდა ა. ფ-ნ, მასთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, არ იცნობს მის მშობლებს, ასევე არ იცის, სად მუშაობდა იგი.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ ა. ფ-ი და ს. მ-ა მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული პერიოდულად რჩებოდა დაზარალებულის სახლში, რა დროსაც იგი პროდუქტს ყიდულობდა, ზრუნავდა მასზე და ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, თუმცა აღნიშნული გარემოებები მიუთითებს არამყარ, არამუდმივ, პერიოდულ ურთიერთობებზე.
10. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია ს. მ-ა და ა. ფ-ს ისეთი ურთიერთობის შესახებ, რაც დამახასიათებელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახის წევრად არ მოიაზრებს პარტნიორებს, რომლებსაც ერთმანეთთან გააჩნიათ სქესობრივი ურთიერთობა და რომლებიც მუდმივად არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ის გარემოება, რომ ს. მ-ს გარკვეულ დოკუმენტებში მითითებული აქვს მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნება ა. ფ-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი მხოლოდ თავად დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ა. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ა. ფ-ა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი), ასევე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ა. ფ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე