კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-33-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010140422900146306

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №331-22 ქ. თბილისი

3 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2022 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ–მა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-10 მუხლზე (პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით) მითითებით მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის საფუძვლიანი და დეტალური განხილვა, რათა მიეცეს უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის ვ. ა–ს 2022 წლის 4 მაისის N..... წერილით (მიმართვით) გ. მ–ის განემარტა, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობაში მითითებული არგუმენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, მსჯავრდებულის მიმართვის საფუძველზე დაიწყოს დასრულებული საქმის ხელახალი განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს გ. მ–ს მოთხოვნა.

3. 2022 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა გ. მ–მა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის დაუსაბუთებელი განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე არ მიეცა საშუალება, დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოთხოვნის პასუხად 2022 წლის 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გადმოიგზავნა მსჯავრდებულ გ. მ–ს 2022 წლის 29 აპრილის შუამდგომლობა და 2022 წლის 4 მაისის N1/3405 მიმართვის ასლი.

5. 2022 წლის 9 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმისა და საზედამხედველო სასამართლო წარმოების გადმოგზავნის მოთხოვანით.

6. მსჯავრდებულმა გ. მ–იმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა 2022 წლის 4 აგვისტოს (№გ-1125-22) და 2022 წლის 22 სექტემბერს (№გ-1261-22 და №გ-1262-22). როგორც საკასაციო საჩივარში, ასევე - განცხადებაში გ. მ–იი უთითებს, რომ იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებას.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. მ–იის შუამდგომლობას, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-10 მუხლზე მითითებით, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვის თაობაზე, უპასუხა 2022 წლის 4 მაისის N..... წერილით (მიმართვით); საქმეში არ მოიძებნება და არც მსჯავრდებულს წარმოუდგენია საკასაციო საჩივარსა და განცხადებებში მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისი განჩინება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამისმა თანამშრომელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოთხოვნის შემდგომ, გადმოაგზავნა მითითებული თარიღის მხოლოდ წერილობითი პასუხი - მიმართვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის ვ. ა–ს 2022 წლის 4 მაისის წერილთან (მიმართვასთან) მიმართებით.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების - განაჩენის კანონიერება (ასევე - საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და 314-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი); ასევე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომლის მიმართაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.

8.1. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, კი - სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე (გარდა განაჩენისა და განკარგულებისა) გამოაქვს განჩინების სახით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი მართალია ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

9. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის ვ. ა–სის 2022 წლის 4 მაისის წერილი (მართალია საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებას, თუმცა, როგორც აღინიშნა, საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულის შუამდგომლობას თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპასუხა წერილით (მიმართვით)), რომელიც საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება - საქართველოს სსსკ-ი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის წერილის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. შესაბამისად, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც კასატორს უარი ეთქვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებაზე მის მიმართ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს კასატორის მოთხოვნა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის ვ. ა–ს წერილზე მსჯავრდებულ გ. მ–ს მიერ შეტანილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დამატებითი განცხადებით (რეგისტრაციის №გ-1262-22 22.09.2022წ) მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელებას. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4−მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია - თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე