საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.12.2022
საქმის ნომერი
2კ-912აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003490391

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №912აპ-22 ქ. თბილისი

ლ-ი ი, 912აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის, მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ი-ა და ფ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენით:

დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - დავით კაპანაძის შუამდგომლობა.

დამტკიცდა პროკურორ დავით კაპანაძესა და ბრალდებულ თ. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

თ. ს-ი, - დაბადებული ... წლის .... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

თ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და თ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ი. ლ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

ი. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ლ-ის, ვ. მ-ა და თ. ს-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ი. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ლ-ა და ვ. მ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ლ-ის, ვ. მ-ა და თ. ს-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ი. ლ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 2 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 5 დეკემბრიდან - 2020 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

ვ. მ-ი, - დაბადებული .... წლის .... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ლ-ის, ვ. მ-სა და თ. ს-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ლ-ა და ვ. მ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ლ-ის, ვ. მ-ა და თ. ს-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ვ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 2 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 5 დეკემბრიდან - 2020 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ლ-ა და ვ. მ-ა ჩაიდინეს:

- ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების მიზნით;

- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (ორი ეპიზოდი);

მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის მაისში შპს „შ-ის“ (ს/ნ .....) ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა - ი. ლ-ა და ვ. მ-ა, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და მასში არარსებული, ე.წ. „ჩათვლების“ ხელოვნურად შეტანის გზით, შპს „შ-ს“ შეუქმნეს დღგ-ს 997 880 ლარის ყალბი აქტივი. აღნიშნული აქტივის საბაჟო ოპერაციებში გამოყენებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ შპს ,,ს-ოს“ (ს/ნ ....) დირექტორს და 50% წილის მფლობელ თ. ს-ს და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, შესთავაზეს ყალბი აქტივის საბაჟო ოპერაციებში გამოყენება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შპს ,,ს-ს“ დირექტორმა თ. ს-ა, შპს ,,შ-ის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა - ი. ლ-ა და ვ. მ-ა, სხვა პირებთან ერთად, გამოყენების მიზნით, 2018 წლის 10 სექტემბრიდან - 2018 წლის 29 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში, დაამზადეს საწვავის ფიქციურად მიწოდება-უკან დაბრუნების ამსახველი არაერთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტი, მათ შორის - ინვოისები და 21 ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნომრებით: #ეს 524769; 524856; 524965; 525055; 525180; 525214; 525544; 525674; 525806; 525839; 526064; 526369; 537801; 537989; 538088; 538213; 538302; 538305; 538323; 538400 და 538954, რომელთა მიხედვითაც, შპს „ს-მ“, საბაჟო საწყობის რეჟიმში, შპს „შ-ს“ თითქოს, მიაწოდა - 1 244 084 ლარად ღირებული 802 109 ლიტრი განუბაჟებელი ნავთობპროდუქტები, რაც განბაჟდა ამ უკანასკნელი საზოგადოების ყალბი აქტივის გამოყენებით (აქციზი - 265 715 ლარი და დღგ - 271 763 ლარი), რის შემდგომაც იგივე ნავთობპროდუქტები, განბაჟებული სახით, სრულად დაუბრუნდა იმპორტიორ კომპანია შპს ,,ს-ოს.“ ასევე შპს ,,შ-ის“ შექმნილი ყალბი დღგ-ს აქტივიდან შპს ,,ს-ე“ მიწოდებული საქონლის განბაჟებისას დამატებით გამოიყენეს 82 272 (აქციზი - 42 800 ლარი დღგ - 39 472 ლარი) ლარის ყალბი აქტივი, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს ჯამურად მიადგა - 619 750 ლარი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის მაისში შპს ,,შ-ის“ (ს/ნ ....) ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა - ი. ლ-ა და ვ. მ-ა, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და მასში არარსებული, ე.წ. „ჩათვლების“ ხელოვნურად შეტანის გზით, შპს „შ-ს“ შეუქმნეს 997 880 ლარის ყალბი აქტივი. აღნიშნული აქტივის საბაჟო ოპერაციებში გამოყენებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ 2018 წლის ივნისიდან - 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საბაჟო ოპერაციებსა და მიმდინარე გადასახადებში ყალბად შექმნილი აქტივიდან გადაიხადეს - 155075.63 ლარი, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით:

მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-სა და მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი ი. ლ-სა და ვ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა ვ. მ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე (თავისუფლების აღკვეთა 4 წლით) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის გავრცელება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ჯარიმის შემცირება. საკასაციო საჩივრის თანახმად, ვ. მ-ი აღიარებს ბრალს და ნანობს ჩადენილ ქმედებას. ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან. მტკიცებულებები გახადა უდავოდ. აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. არ არის ნასამართლევი. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ ვ. მ-ის მიერ თავდაპირველად დუმილის უფლების არჩევა და მხოლოდ არსებითი განხილვის სტადიაზე ბრალის სრულად აღიარება არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო მოთხოვნებს.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ი-ა და ფ. ს-ა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა ი. ლ-ის სასიკეთოდ და მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა (საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1/3-ით). საკასაციო საჩივრის თანახმად, ი. ლ-ს დუმილის უფლება არ გამოუყენებია. იგი მზად იყო გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის. დაცვის მხარე გამოძიებისა და საქმის განხილვის სტადიაზე ჩადენილ ქმედებას სადავოდ არ ხდიდა, უბრალოდ, ითხოვდა მის სწორად შეფასებას. ზიანის აუნაზღაურებლობასთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი. ლ-ი პანდემიიდან, საზღვრების ჩაკეტვისა და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვერ ჩაერთო სათანადო ბიზნესაქტივობებში. დაცვის მხარის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სწორად დაკვალიფიცირდა ი. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით.

6. ბრალდების მხარეს დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტი, მოწმეთა ჩვენებები), ადასტურებს ი. ლ-ა და ვ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, რომლებიც აღიარეს ბრალდებულებმა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ი. ლ-სა და ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გავრცელება და სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან კასატორებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ნორმის ყველა წინაპირობა არის გამოკვეთილი.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ი. ლ-სა და ვ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №888აპ-21, №982აპ-22 და №305აპ-21 გადაწყვეტილებები), კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყველა ზემოდასახელებული პირობის ერთობლივად არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო არ არის მოკლებული შესაძლებლობას - დანიშნოს თავისუფლების აღკვეთა, მისი ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე (დანაშაულის მოტივის მიზნის, მოვალეობათა დარღვევის ზომისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით).

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონკრეტულ წინაპირობებთან მიმართებით, საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას მოიხმობს, კერძოდ - 2022 წლის 29 მარტის N1082აპ-21 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც: ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, გამოიყენა დუმილის უფლება, რის შემდეგაც გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი და მხოლოდ არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე, კერძოდ, ი. ჯ-ს ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს, მან კვლავ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც არ იქნა მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის).

12. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ზემოხსენებული საქმის მსგავსად, როგორც წინასასამართლო სხდომაზე, ისე საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე ი. ლ-სა და ვ. მ-ს არ უცნიათ თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ამასთან, არაერთი მოწმის დაკითხვის/მტკიცებულებათა კონკრეტული ნაწილის გამოკვლევის შემდეგ ცნეს მათი დარჩენილი ნაწილი უდავოდ, აღიარეს დანაშაული, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ზემოხსნებული სისხლის სამართლის საქმის ანალოგიურად, ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად.

13. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ყველა წინაპირობა გამოკვეთილი არ არის, საკასაციო სასამართლო დამატებით მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მასშტაბს (რამდენიმე ეპიზოდი), მიყენებული ზიანის ოდენობას და საბოლოოდ მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის, მსჯავრდებულ ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ი-სა და ფ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი