საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.12.2022
საქმის ნომერი
2კ-801აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100115792042

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №801აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი

პ–ო ი., №801აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით ი. პ–ს (პირადი ნომერი: ...........) ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

1... წელს ქ.თ–ში დაბადებული მ. ი–ი 1... წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ. მ–ში, სადაც წამოიწყო კომერციული საქმიანობა. 1.. წელს მან მუშაობა დაიწყო რ–ს ფედერაციის „ე–ი“ კორპორაციის რეგიონულ დირექტორად, რომლის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა ი. პ–მო.

1997 წელს მ. ი–იი საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გაემგზავრა ქ.ე–ში, სადაც შეხვდა ს–ს ატომური ელექტროსადგურის განყოფილების უფროსს - ვ. ბ–ს და ს–ს ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რეგისტრაციაში გაატარეს ერთობლივი საწარმო A-K, რომლის დამფუძნებლები 50%-50%-ით გახდნენ ს–ს ატომური ელექტროსადგური და რ–ს ფედერაციის სს „ე–ი“ კორპორაცია. საწარმოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა ვ. ბ–სი, ხოლო მ. ი–ი - მის მოადგილედ.

1998-1999 წლებში ელექტროენერგიის ს–სთვის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომელშიც სუბიექტების სტატუსით მონაწილეობდნენ ს–ს მხრიდან - სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, შპს „ს–ო“, შპს „ს...“, შპს „ს–ა“ და შპს „ს–ს ე–ი“, ....ს მხრიდან კი - ენერგეტიკის სამინისტრო, შპს „ა–ო“, ერთობლივი საწარმო ......., კერძოდ:

1998 წლის 24 ივლისს და 11 აგვისტოს გაფორმდა №... და №....... ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სომხეთის მხარემ საქართველოს 1998 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით მოაწოდა ელექტროენერგია. არცერთი აღნიშნული კონტრაქტი პროდუქციის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაკისრებას არ ითვალისწინებდა და ფაქტობრივად წარმოადგენდა უპროცენტო კრედიტს.

1999 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტამდე კი ს–ს ელექტროენერგია მოეწოდებოდა 1998 წლის 31 დეკემბერს და 1999 წლის 15 თებერვალს გაფორმებული №.. და №........ ხელშეკრულებების საფუძველზე, თუმცა წინა პერიოდის ხელშეკრულებების პირობებისაგან განსხვავებით, დასახელებულ კონტრაქტებში უკვე ჩაიდო საჯარიმო სანქციების გავრცელების პირობაც, შესაბამისად, 0,1% და 10%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღესა და კვარტალზე.

სულ 1998 წლის აგვისტოდან - 1999 წლის მარტამდე პერიოდში ზემოხსენებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ა–მ“ ს–ს მოაწოდა 172,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. მითითებულ სამეურნეო-საფინანსო ოპერაციებზე, „ა–ს“, A–T, A–C, A–K-ს და სკ „ს–ს“ შორის 1999 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა შემაჯამებელი ურთიერთშედარების აქტი №...., რომლითაც შპს-ს დავალიანება განისაზღვრა 4394068 აშშ დოლარით. დავალიანების განსაზღვრისას სრულად იქნა გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

ს–ს რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურების არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შპს „ს–მ“ აღნიშნული დავალიანების დაფარვა 2001 წლის 19 იანვრამდე ვერ მოახერხა, ზემოხსენებული გარემოებით ისარგებლა მ. ი–მა, რომელმაც „ე–ი“ კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ ი. პ–სთან ერთად გადაწყვიტა, ს–ს მხარისგან თაღლითურად მიეღო და მიეთვისებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით 1998-1999 წლებში ს–ს რესპუბლიკიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური.

დანაშაულებრივი განზრახვის აღსასრულებლად, მ. ი–იმა 2001 წლის 19 იანვარს ამჯერად, როგორც რ–ს ფედერაციის „ე–ი“ კორპორაციის რეგიონალურმა დირექტორმა, „არმენერგოსთან“ გააფორმა შეთანხმება „ს–ს“ ვალის, კერძოდ კი - 4394068 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული შეთანხმება საკმაოდ ბუნდოვნად განსაზღვრავდა შუამავალი ორგანიზაციის - „ე–ი“ კორპორაციის როლს ვალის ამოღების ნაწილში და პრაქტიკულად ვერ ასაბუთებდა ......... ურთიერთობებში ასეთი სუბიექტის ჩართვის აუცილებლობას, ს–ს სათბობ-ენერგეტიკის იმჟამინდელმა მინისტრმა უკრიტიკოდ გაიზიარა შეთანხმების შინაარსი და 2001 წლის 21 იანვარს დაამტკიცა იგი ხელმოწერით. მეტიც, მითითებული შეთანხმების 6.3 და 6.4 პუნქტებში ჩაიდო ს–სათვის კაბალური, აშკარად წამგებიანი პირობა, რომლის თანახმად, ქართული მხარე არ იხსნიდა ს–ს მხარის წინაშე პასუხისმგებლობას „ე–ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი. ანუ, თუ შუამავალი ორგანიზაცია ქართული მხარისაგან ვალის ამოღების შემდეგ ს–ს მხარეს არ აუნაზღაურებდა თანხებს, დავალიანების გადახდის ვალდებულება ისევ ს–ს რჩებოდა.

უფრო მეტიც, 2001 წლის 31 იანვარს, ანუ ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმებიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ინიციატივით „ს–სა“ და „ე–ი“ კოორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, ი. პ–ს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლითაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დ. მ–მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, თავისი ხელმოწერით დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი და აღიარა არა 4394068 აშშ დოლარის, არამედ, 2343503 აშშ დოლარით მეტი ოდენობის დავალიანების არსებობა, მაშინ, როცა ს–ს მხარესთან 2001 წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმება არავითარ დამატებით საჯარიმო სანქციას არ ითვალისწინებდა და ეხებოდა მხოლოდ 4394068 აშშ დოლარის ოდენობის ვალს.

2001 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ზემოხსენებული შეთანხმებით განისაზღვრა, რომ „ს-ის“ მიერ აღიარებულ და უკანონოდ გაზრდილ დავალიანებას 2002 წლის მარტამდე ს–ს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან შესაბამისი ჩათვლების განხორციელების გზით ფაქტობრივად გადაიხდიდა შპს „ს–ა“. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა 2001 წლის 23 თებერვლიდან 2002 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, 48 საგადასახადო დავალებით „ენერგომანქანათმშენებელ“ კორპორაციას მის მიერვე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე გადაურიცხა 6777737 აშშ დოლარი.

თავის მხრივ, შუამავალი ორგანიზაციის - „ე–ი“ კორპორაციის ხელმძღვანელებმა - მ. ი–იმა და ი. პ–მ ისარგებლეს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის, დ. მ–აას დანაშაულებრივი უმოქმედობით, რაც გამოიხატა იმაში, რომ დ. მ–აა უგულებელყოფდა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის N1213 განკარგულებით დადგენილ ვალდებულებას, გაეკონტროლებინა ს–ს ენერგოსისტემის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესრულება და რეაგირების გარეშე ტოვებდა ს–ს რესპუბლიკიდან მიღებულ წერილობით შეტყობინებებს „ე–ი“ კორპორაციის მიერ გრაფიკის შესაბამისად თანხების გადაუხდელობის შესახებ. დ. მ–აას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ჩადებული იმ უკანონო პირობით, რომლის თანახმად, სომხეთის მხარისათვის ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ს–ს მხარის წინაშე თანხების გადახდის ვალდებულება მაინც ს–ს რჩებოდა, 2002 წლის 19 მარტიდან 2002 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში „ა–ს“ აუნაზღაურეს მხოლოდ 439500 აშშ დოლარი, ანუ საერთო თანხის (4394068 აშშ დოლარი) დაახლოებით 10 %, დარჩენილი თანხა - 6338237 აშშ დოლარი კი მიითვისეს, საიდანაც 2343503 აშშ დოლარი იყო დ. მ–ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად ზედმეტად გადახდილი თანხა, ხოლო დანარჩენი - ს–ს მხარისგან მიღებული მომსახურების საფასურისათვის გადასახდელი თანხა. მითვისებული თანხის ნაწილი მ. ი–იმა და ი. პ–მომ გაანაღდეს გაერთიანებული ...... ბანკის მ–ს ფილიალში, ნაწილი კი გადარიცხეს უცხოეთის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი. პ–მო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე მხარეს, მ. ი–ის და ი. პ–ს, სოლიდარულად დაეკისრათ ჩადენილი დანაშაულის შედეგად ს–ს ფინანსთა სამინისტროსთვის მიყენებული დიდი ოდენობით - 2343503 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ზიანის ანაზღაურება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. ი–იმა და ი. პ–მ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე, მსჯავრდებული მ. ი–იი ითხოვდა საქმის არსებითი განხილვისას მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებზე მიღებული განჩინებების გაუქმებას.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. პ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გადაგზავნა.

3.3. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულ ი. პ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, მისთვის არ გადაუგზავნიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ნათარგმნი ასლი, რითაც დაირღვა მისი უფლებები. ამასთან, იგი თავს იკავებს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის შპს „ს-ის“ სამართალმემკვიდრე, თუმცა მოცემულ საქმეზე არის დაზარალებული, რადგან საქართველოსთვის მიყენებული ზარალი (შპს „....“ სახით) ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიყენებულ ზარალად. სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში „ე–ს“ ექნება საფუძველი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვოს, რათა მან ცნოს დავალიანება - 29 მილიონი აშშ დოლარი. ამასთან, მას, როგორც „ე–ის“ აღმასრულებელ დირექტორს, მოუწევს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „ე–ისადმი“ დავალიანების საკითხების დარეგულირება. კასატორი ასევე უთითებს, რომ არ შეიძლება მოცემულ საქმეზე დაზარალებული იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რადგან შპს „ს“-ის დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალად აღიარება ნიშნავს შპს „ს-ის“ ვალის სახელმწიფო ვალად აღიარებას. სახელმწიფო ვალის აღიარება კი შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულების, მთავრობის დადგენილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმეს არ დაურთო შპს „ს-ის“ გაკოტრებისა და 2010 წლის 6 აპრილის ლიკვიდაციის მასალები, სადაც ჩამოთვლილია ლიკვიდაციის მომენტისთვის „ს-ის“ ყველა კრედიტორი და დებიტორი. შპს „ს-ს“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ვალის დაფარვასთან. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის N..., 2000 წლის 19 ოქტომბრის N..., 2001 წლის N.. განკარგულებისა და „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2001 წლის 9 იანვრის N.. დადგენილების საფუძველზე „ე–სთან“ ანგარიშსწორებები განხორციელდა შემდეგნაირად: ა) „ს–ის“ მიერ ს–ს ტერიტორიაზე გაყიდულ ყოველ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში ჩართული იყო სპეციალური კომპონენტი 0,003 ლარი; ბ) „ს–ს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ მიერ „ა“ პუნქტის მექანიზმით 1 წლის განმავლობაში დაგროვილი თანხების ოდენობაზე „ს–ის“ მიერ ელექტროენერგია გადაეცა „ს–ს რკინიგზას“; გ) ს–ს რკინიგზამ მოახდინა ანგარიშსწორება „ე–სთან“ საქონლის ტრანსპორტირების უფლების მინიჭებით; დ) „ე–მ“ თავისი უფლებები გადაზიდვაზე მინუს დისკონტით დაუთმო „ს–ს“. შპს „ს-ს“ კი ვალების გადახდა და დაფარვასთან არ ჰქონდა კავშირი, გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იყო ხელშეკრულებების მხარე და გადახდის გარანტი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ორი იურიდიული პირი: „ს–ი“ და „ს–ს რკინიგზა“ და არა - შპს „ს“ და ს–ს ფინანსთა სამინისტრო.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

5.2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებს, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა ი. პ–მოს ბრალეულობა, კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაზარალებულის სტატუსით ჩართვა განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მ. ი–იის და ი. პ–მოს დანაშაულებრივი ქმედებით ზიანი განიცადა საქართველოს სახელმწიფომ. კერძოდ, 1998 წლის 24 ივლისის, 1998 წლის 11 აგვისტოს, 1998 წლის 31 დეკემბრისა და 1999 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 1998 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ს–ს მხარემ 1998 წლის 24 ივლისის და 1998 წლის 11 აგვისტოს ხელშეკურლებების საფუძველზე ს–ს მოაწოდა ელექტროენერგია. ამასთან, 1999 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე ს–ს ელექტროენერგია მოეწოდებოდა 1998 წლის 31 დეკემბერს და 1999 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან, აღსანიშნავია, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელის, გ. ბ-ძის და მოწმეების - დ. მ–აასა და ვ. ღ–ს ჩვენებებით, ასევე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მასალების სრულყოფილი კვლევით, 2004 წლის 26 იანვრის სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნითა და ს–ს მხარის მიერ 1999 წლის 23 თებერვლის, 26 თებერვლის, 2 მარტის, 3 მარტის, 2000 წლის 11 იანვრისა და 12 ივნისის წერილებით დგინდება, რომ 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტამდე „ა–ს“ მიერ ს–სთვის მოწოდებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 172,9 მილიონი კილოვატი საათი, გადასახდელი თანხის მოცულობა კი, ყველა ხარჯის ჩათვლით, იყო 4394068 აშშ დოლარი. 2000 წლის ივნისის მდგომარეობით, ს–ს რესპუბლიკის წარმომადგენლები ქართული მხარისგან ითხოვდნენ დავალიანების საჯარიმო სანქციების გარეშე ანაზღაურებას, რაც დასტურდება „ს–ს“ გენერალური დირექტორის - ე. ჩ–ს, მოწმეების - ვ. ბ–სის, ლ. ე–სა და გ. ა–ს დაკითხვის ოქმებით. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ე–ი“ კორპორაციის 2000 წლის 27 მარტის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანიის დირექტორად დაინიშნა ი. პ–ო, ხოლო მ. ი–ი იყო კომპანიის რეგიონული დირექტორი. 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმებით, 2004 წლის 26 იანვრის სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - დ. მ–აას, ვ. ღ–ს ჩვენებებითა და გ. ა–სა და ლ. ე–ს დაკითხვის ოქმებით კი დგინდება, რომ 2001 წლის 19 იანვარს „ე–ი“ კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა, მ. ი–იმა, დახურულ სააქციო საზოგადოება „ა–სთან“ გააფორმა მოთხოვნის უფლების დათმობის შეთანხმება, რის საფუძველზეც „ა–მ“ დაუთმო „ე–ლ“ კორპორაციას ვალის - 4394068 აშშ დოლარის „ს–სგან“ ან ს–ს მთავრობისგან მოთხოვნის უფლება. ს–ს სათბობ - ენერგეტიკის მინისტრ დ. მ–აას 2001 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით კი დამტკიცდა 2001 წლის 19 იანვრის შეთანხმება, რომლის მიხედვით, „ს–-ის“ მიერ აღიარებულ დავალიანებას 2002 წლის მარტამდე, ს–ს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან შესაბამისი ჩათვლების განხორციელების გზით აანაზღაურებდა შპს „ს–ა“. ამავე შეთანხმებაში გაიწერა, რომ ქართული მხარე „ე–ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი ს–ს მხარის წინაშე არ იხსნიდა პასუხისმგებლობას. 2001 წლის 7 თებერვალს ი. პ–მომ „ს–ს რკინიგზასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაიწერა „ს–ს რკინიგზის“ მიერ 2001 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით, 2001 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2002 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით გადასაზიდი ტვირთების თანხობრივი მოცულობები. განცხადებებით კი დადგენილია, რომ ი. პ–მო შპს „ს–ს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორსა და შპს „ს–ის“ გენერალურ დირექტორს სთხოვდა, შეესრულებინათ ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო მომსახურება და თანხა გადაერიცხათ „ე–ის“ ანგარიშზე. მოწმე დ. ჯ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული „ე–ი“ კორპორაციის წარმომადგენელი მ. ი–იი, რომელმაც მას გააცნო „ე–ის“ დირექტორი ი. პ–მო, რომლის ხელმოწერითაც იგზავნებოდა წერილები კონკრეტული ოდენობის თანხების ჩარიცხვის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „..... რკინიგზის“ გენერალური დირექტორის - ა. ჩ–ს წერილითა და ჩვენებით, ს–ს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის - დ. ჯ–ს წერილითა და ჩვენებით, 2002 წლის 18 იანვრის შედარების აქტით, „ს–ის“ გენერალური დირექტორის - დ. ხ–ს, „ს–ის“ ბუღალტრის - მ. მ–ს, მინისტრ დ. მ–აას ჩვენებებით, ასევე მოწმე გ. მ–ს დაკითხვის ოქმებით და 2004 წლის 26 იანვრის სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ „........ რკინიგზამ“ სრულად შეასრულა „ე–ი“ კორპორაციის წინაშე ნაკისრი ვადლებულება და „ს–მ“ „ე–ს“ გადაურიცხა 6,7 მილიონი აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი „ს–მ“ საქართველოს რკინიგზისგან მიიღო ტვირთების გატარების უფლება. მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ „ე...... კორპორაციას“ ....მა მხარემ სრულად აუნაზღაურა ს–ს რესპუბლიკიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური და „..........-ს“ „ე–ს“ მიმართ არ ერიცხებოდა დავალიანება. მოწმეების - დ. მ–აას, გ. ა–ს, ლ. ე–ს ჩვენებებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კვლევითა და 2004 წლის 26 იანვრის სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შუამავალმა ორგანიზაციამ, „ე–ა კორპორაციამ“ სომხურ მხარეს გადაუხადა მხოლოდ 439500 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა ანაზღაურებული არ არის. ამასთან, ს–მა მხარემ ს–ს აცნობა, რომ შუამავალი კომპანია „ე–ი“ ვალს არ ანაზღაურდება და მოითხოვდნენ დავალიანების ძირითადი თანხის ანაზღაურებას. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ს–ი მხარე ს–საგან ითხოვდა მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას. ამასთან, ს–ი მხარისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა უნდა მომხდარიყო საჯარიმო სანქციების გარეშე, „ა–მ“ დათმო ვალის მოთხოვნის უფლება 4394068 აშშ დოლარის ფარგლებში, საჯარიმო თანხის მოთხოვნის გარეშე და ს–ი მხარის მხრიდან არ დაფიქსირებულა საჯარიმო სანქციების მოთხოვნა. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კვლევით, არაკანონიერად იქნა ცნობილი საჯარიმო სანქციების განსაზღვრა, ვინაიდან ირკვეოდა, რომ არ არსებობდა დოკუმენტურად დადასტურებული გაანგარიშება, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საჯარიმო სანქციების დარიცხვის საფუძველი. მას შემდეგ, რაც ......ი მხარის მიერ ს–ს რესპუბლიკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ჩაერთო „ე.ი“ კორპორაცია და „ა–თან“ გაფორმდა შეთანხმება „ს–ს“ ვალის - 4394068 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ, მისი წარმომადგენლების - მ. ი–სა და ი. პ–ს აქტიური მცდელობით გაფორმდა ქართულ მხარესთან ს–ს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ამ შეთანხმებების შედეგად ქ–მა მხარემ იკისრა როგორც საჯარიმო სანქციების, ასევე - შუამავალი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ს–ს მხარის წინაშე არსებული დავალიანების კვლავ ს–ს მიერ გადახდის ვალდებულებები. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ ეს წარმოადგენდა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის ნაწილს და შეთანხმებები გაფორმდა მოტყუებით, რა დროსაც მ. ი–იმა და ი. პ–მომ ისარგებლეს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის - დ. მ–აას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით. გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა ქართული მხარისათვის აშკარად საზიანო პირობებით ხელშეკრულების გაფორმებაზე „–“ კორპორაციასთან, მან არ გააკონტროლა ს–ს ენერგოსისტემის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის შესრულება, რის შედეგადაც, როგორც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ „ს–ს“ მიერ გადახდილი როგორც ძირითადი, ასევე საჯარიმო სანქციის თანხები მთლიანად მოექცა „..... კორპორაციის“ ანგარიშზე, რომელსაც კორპორაციის დირექტორთა საბჭოს 2001 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სრულად აკონტროლებდნენ გენერალური დირექტორი ი. პ–მო და რეგიონული დირექტორი მ. ი–იი, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი პირები, რომ ს–ი მხარისთვის გადაეხადათ 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის მარტამდე ს–სთვის მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური, რაც მათ არ შეასრულეს. მ. ი–იმა და ი. პ–მომ საკუთარი სურვილისამებრ განკარგეს „....... კორპორაციის“ ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხები და 2002 წლის 19 მარტიდან - 2002 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში „ა–ს“ აუნაზღაურეს მხოლოდ 439500 აშშ დოლარი, ანუ საერთო თანხის (4394068 აშშ დოლარი) დაახლოებით 10%, დარჩენილი თანხა - 6338237 აშშ დოლარი კი მიისაკუთრეს. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კვლევით, საბანკო დოკუმენტაციითა და სავალუტო გასავლის ორდერებით დადგინდა, რომ „ე– კორპორაციის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ხელზე გაჰქონდათ მ. ი–ისა და ი. პ–მოს, ან მათივე დავალებით აღჭურვილ პირებს, მათ შორის - გ. ხ–სა და გ. მ–ს, რაც ასევე დადასტურდა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით. თანხის ნაწილი მ. ი–იმა და ი. პ–მომ გადარიცხეს უცხოეთის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე.

5.3. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენი, რომლითაც ი. პ–მო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, არის კანონიერი.

5.4. კასატორი ასევე უთითებს, რომ იგი თავს იკავებს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლში მითითებულია, რომ ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი კი განმარტავს, რომ „ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან“. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ი. პ–მო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არის ძებნილი პირი და დღემდე არ გამოცხადებულა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში იმ მიზნით, რომ მოეთხოვა მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება, არ არსებობს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენების საფუძველი.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

5.8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. პ–მოს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე