საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005108759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1010აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე ბ, 1010აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ-ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 22:40 საათზე, თ-ი, ვ-ას გამზირის მე-... კვარტლის №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ბ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ლ-ის კუთვნილ „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანის მაყუჩის კატალიზატორს, რითაც დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განაჩენით:
ბ. ბ-ე, - დაბადებული .. წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ბ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განაჩენი.
4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოწმე ხ. ხ-ს განმარტება შემთხვევის ადგილზე სხვა პირის არარსებობის თაობაზე. პოლიციელი მოწმეები: გ. გ-ა, ბ. ჯ-ი და ვ. მ-ი უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ. ისინი 112-ში შესული შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ხუთ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, შეაჩერეს და გაჩხრიკეს პირი, რომელსაც ხელში ეჭირა მეტალის საგანი და სწრაფად მიემართებოდა მათი მიმართულების საწინააღმდეგოდ.
5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მოწმე ხ. ხ-ს განმარტება შემთხვევის ადგილზე სხვა პირის არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მოცემულ მითითებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ. ხ-ას ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, იგი სახლიდან გავიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს გაჩერებული „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომანქანასთან შენიშნა საეჭვოდ ჩაცუცქული მამაკაცი (რომელიც ჩურჩულით საუბრობდა); მას ხელში ტელეფონი ეჭირა, თუმცა საუბრობდა თუ არა, ზუსტად არ იცის. სახლში მისვლისთანავე დარეკა 112-ში და უთხრა გადაემოწმებინათ, ხომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. იმ პირის ამოცნობა, რომელიც შემთხვევის დღეს შენიშნა, არ შეუძლია. დაახლოებით 5 წუთი მოანდომა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრას, სახლში დაბრუნებასა და პოლიციაში დარეკვას. პოლიცია დაახლოებით 5 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. იგი ეზოშიც მარტო იმყოფებოდა და პოლიციის მისვლამდეც არავის გადაადგილება კორპუსის მიმდებარედ არ შეუნიშნავს. შემდეგ დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები ერთ მამაკაცს ესაუბრებოდნენ. მოწმემ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ფაქტი, რომ მანქანასთან ჩაცუცქული პირი იყო ის, რომელსაც შემდეგ პოლიციელები ესაუბრებოდნენ. შესაბამისად, ხ. ხ-ს ჩვენება არ ადასტურებს ქურდობაში უშუალოდ ბ. ბ-ის მონაწილეობის ფაქტს, ვინაიდან მას, ერთი მხრივ, არ შეუძლია მოცემული პირის ამოცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეს მუდმივად არ უდევნებია თვალყური საეჭვო მამაკაცისათვის, ვინაიდან როგორც მინიმუმ, მას გარკვეული დრო დასჭირდა საცხოვრებელ ბინაში დაბრუნებისათვის.
9. რაც შეეხება პოლიციის თანამშომლების - გ. გ-ს, ბ. ჯ-ა და ვ. მ-ის ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო მათი შეფასების ნაწილში ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დასახელებულ მოწმეთა მიერ მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ კატალიზატორი (რომლის ამოღება ვერ მოხერხდა), სამართალდამცავების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მოხსნა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ამავე ტერიტორიაზე შეჩერებულმა ბ. ბ-მ. ამასთან, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ქანჩგასაღებზე იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მიუთითებს ბ. ბ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი