საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003117925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №713აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი ა., 713აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ე. ო–ის - საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ა–სა და ე. ო–ს ბრალეულობა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებების მიხედვით; ბრალდების მხარის მოსაზრებით, ა. ა–სმა და ე. ო–მა სს „.... ბანკს“ წინასწარი შეთანხმებით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით მიაყენეს არა იმ მომენტში, როდესაც თანხა დაირიცხა შპს “.....................ს“ ანგარიშზე, არამედ - ა. ა–ის მიერ ბანკიდან თანხის გატანის მომენტიდან, რაც მათ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ა. ა–სსა და ე. ო–ს ბრალად დაედოთ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით;
ა. ა–ს ასევე ბრალად დაედო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა. ა–სისა და ე. ო–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 9 იანვარს სს ,,.... ბანკ ს–ს“ მიუვიდა ორი ინდივიდუალური საგადასახადო დავალიანება, შპს “.....................ს“ (ს/კ ..........) სახელზე გახსნილ ანგარიშზე - ............... ფულადი თანხის ჩარიცხვის თაობაზე. ორივე დავალიანებაში ანგარიშზე ჩასარიცხ თანხად მითითებული იყო ერთი და იგივე ფულადი თანხა - 135 000 აშშ დოლარი. ვინაიდან მითითებულ პერიოდში ელექტრონული საბანკო სისტემა მუშაობდა შეფერხებით, სს „.... ბანკ ს–ს“ თანამშრომელმა ა. თ–მ გადაამოწმა ა–ლ სს ,,.... ბანკში“ ნამდვილად იყო თუ არა გათვალისწინებული შპს „............სათვის“ მეორე - 135 000 აშშ დოლარის ანგარიშზე ჩარიცხვა. იმავე დღეს ა–ი „.... ბანკის“ თანამშრომელი ი. ვ–ი დაუკავშირდა შპს „.................ის“ დირექტორს - ა. ა–სს, იმის გასარკვევად, ელოდებოდა თუ არა კომპანია მეორე - 135 000 აშშ დოლარის ანგარიშზე ჩარიცხვას, რაზეც მან უარი განაცხადა. ი. ვ–მა აღნიშნული საუბრის შესახებ აცნობა ა. თ–ს. 2017 წლის 10 იანვარს სს „.... ბანკ ........ს“ თანამშრომელმა ა. თ–მ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეატყობინა ა–ლ სს „.... ბანკს“, რომ კლიენტი არ ელოდებოდა 135 000 აშშ დოლარის განმეორებით ჩარიცხვას და კვლავ სთხოვა აღნიშნული საკითხის დაზუსტება. მიუხედავად ამისა, ა–მა ბანკმა დაადასტურა, რომ შპს “..............ს“ ანგარიშზე დამატებით უნდა ჩარიცხულიყო ფულადი თანხა - 135 000 აშშ დოლარი. ა–ი სს „.... ბანკისაგან“ დასტურის მიღების შემდეგ, შპს “...........ს“ ანგარიშზე - ............. გადაირიცხა მეორე საგადასახადო დავალიანებით გათვალისწინებული ფულადი თანხა - 135 000 ამერიკული დოლარი.
2017 წლის 10 იანვარს შპს “.....................ს“ დირექტორმა ა. ა–მა ამავე კომპანიის დამფუძნებელ ე. ო–სთან წინასწარი შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა იცოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დამატებით ჩარიცხული ფულადი თანხა არ იყო მათთვის განკუთვნილი და მისი განკარგვა არ შეეძლოთ, ბანკის სალაროდან ნაღდი ფულის სახით გაიტანეს, 3 ჯერ - 90 000 აშშ დოლარი, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2017 წლის 9 იანვარს კანონიერად მიღებული თანხის - 135 000 აშშ დოლარის ნაწილს, დანარჩენი 30 000 აშშ დოლარი კი იყო მეორედ შეცდომით ჩარიცხული 135 000 აშშ დოლარის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, იმავე დღეს, ანგარიშზე დარჩენილი თანხიდან მოტყუებით, დამატებით გაიტანეს 103 650 აშშ დოლარი. ჯამურად, ა. ა–მა და ე. ო–მა 2017 წლის 9 და 10 იანვარს სს „.... ბანკიდან“ სრულად გაიტანეს შპს “.....................ს“ საბანკო ანგარიშზე ................ ჩარიცხული ფულადი თანხა - 270 000 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ, ა. ა–მა გამოტანილი თანხა სრულად გადასცა ე. ო–სს, საიდანაც ნაწილი, დაახლოებთ 233 000 აშშ დოლარი, ე. ო–სმა კვლავ დაუბრუნა ა. ა–სს, რათა მას მოეხდინა თანხის ელექტრონულ ვალუტაში კონვერტაცია, რის შემდგომაც ა. ა–მა ე. ო–ს ხელზე გადასცა კონვერტირებული ფულადი თანხა - 500 000 ლარი. ზემოთ ხსენებული თანხიდან 460 000 ლარი ე. ო–სმა იმავე პერიოდში ნაწილ-ნაწილ შეიტანა სს „........ ბანკში“ გახსნილ შპს „.........ის“ ანგარიშზე, როგორც დამფუძნებლის შესატანი საწესდებო კაპიტალში.
მოგვიანებით, 2017 წლის 27 იანვარს, სს „.... ბანკში„ გაირკვა, რომ შპს “.....................ს“ ანგარიშზე ............... 135 000 აშშ დოლარის განმეორებით გადარიცხვა გამოწვეული იყო საბანკო სისტემის გაუმართაობით-ტექნიკური შეცდომით. 2017 წლის 30 იანვარს ა–მა ბანკმა ოფიციალურად აცნობა ა. ა–სს მომხდარის შესახებ და მოსთხოვა შეცდომით ჩარიცხული 135 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ა. ა–სმა და ე. ო–სმა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს არამართლზომიერად მიღებული ფულადი თანხა, რითაც ა–ლ სს „.... ბანკს“ მიადგა დიდი ოდენობით - 135 000 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი, რაც 2017 წლის 10 იანვარს მოქმედი ოფიციალური სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 371 925 ეკვივალენტ ლარს.
- 2019 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს N........ განჩინებით გაიცა ნებართვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, კერძოდ, შპს “.....................ს“ ყველა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ოფისიდან ან შესაბამისი უფლებამოსილი პირისგან დოკუმენტების ამოღების თაობაზე. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შპს “.....................ს“ მოქმედ დირექტორსა და დოკუმენტურად კომპანიის ერთადერთ უფლებამოსილ პირს - ა. ა–სს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, გაეცნო და გადაეცა 2019 წლის 2 აპრილს. ამასთან, განჩინების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 30 დღე. 2019 წლის 2 აპრილს და 9 აპრილს ა. ა–სს მიეცა წინადადება, აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ა. ა–სმა განზრახ არ შეასრულა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილება და არაერთი გაფრთხილების შემდეგაც კი თავი აარიდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით:
ა. ა–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
ა. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
ა. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 მარტიდან - 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.
ე. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
გაუქმდა ე. ო–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ ე. ო–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ტ. ნ. ო–უ ა–ს საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებაზე - მდებარე მისამართზე: ქ. თ–ი, მ–ს გამზირი N.., ბინა N.. (ს/კ N.................) და ქ. თ–ი, მ–ს გამზირი N.., ბინა N.. (ს/კ N...........) 200 000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე.
გაუქმდა ა. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით ა. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განჩინებით ა. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ე. ო–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ქ. თ–ი, წ–ს სატყეო ტერიტორია (ნაკვეთი N........) (საკადასტრო კოდით: N..........) და ა. ო–სის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ქ. თ–ი, წ–ს სატყეო უბანი (ნაკვეთი N........) (საკადასტრო კოდით: N..........) 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს ,,.........იის“ (ს/კ .........) სახელზე სს ,,.... ბანკ .....ში“ გახსნილ N................ მულტისავალუტო საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის - N............. და N................. დადებული ყადაღა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ და მსჯავრდებულ ა. ა–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–მ.
- ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ა–სა და ე. ო–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
- დაცვის მხარემ მოითხოვა ა. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცლად გამამართლებელი განეჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 მარტიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.
ე. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ა. ა–სის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ე. ო–ს - სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულ ა. ა–ის ქმედება სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ხოლო ბრალდების დანარჩენ ნაწილებში ა. ა–ი და ე. ო–ი კანონიერად გაამართლა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ა. ა–სისა და ე. ო–სის ქმედებებში არ დასტურდება, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა. ა–სმა მოატყუა ბანკის სს „.... ბანკის“ თანამშრომლები, არც შპს ,,.............ას“ ანგარიშზე თანხის დარიცხვის და არც მისი ანგარიშიდან გატანის დროს. თვითონ სს ,,.... ბანკ ს–ს“ თანამშრომლების, მოწმეების - ა. თ–მის, ი. ვ–ს, ნ. კ–სა და სს „.... ბანკ ა–ს“ თანამშრომლის, მოწმე მ. მ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ ,,..........ს“ ანგარიშზე ბანკისაგან თანხა მეორედ დაერიცხა არა ა. ა–სის მიერ ბანკისათვის მიწოდებული ცრუ ინფორმაციისა და ბანკის მოტყუების შედეგად, არამედ - აღნიშნული ვითარება გამოიწვია სს „.... ბანკის“ მიერ დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ და იმ პირობებში, როდესაც ბანკისათვის ცნობილი იყო, რომ კლიენტი არ ელოდებოდა მეორე ჩარიცხვას, მას მაინც ჩაერიცხა თანხა. რაც შეეხება ა. ა–სის მიერ ანგარიშიდან თანხის გატანის მომენტს, არც ამ ნაწილში დასტურდება, რომ ა. ა–სმა მოატყუა ბანკის თანამშრომლები. მოწმე ნ. კ–ს ჩვენებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. ა–სს ბანკიდან თანხის მეორედ გატანისას არ უკითხავს, თუ რა თანხა ჰქონდა ანგარიშზე დარჩენილი, ხოლო მესამედ გატანისას იკითხა ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა, რის შესახებაც თანხის გატანის წინ, ზოგადად კითხულობენ ბანკის კლიენტები. აღნიშნული გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ობიექტური მხრივ გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ა–სმა, ე. ო–სთან წინასწარი შეთანხმებით მოატყუა ბანკის წარმომადგენლები და რომ, მოტყუების შედეგად, შპს “.....................ს“ ანგარიშზე განმეორებით დაირიცხა თანხა, რომელიც ა. ა–სმა ამავე მეთოდით გაიტანა ანგარიშიდან, ხოლო ე. ო–სის ქმედებაში საერთოდ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ე. ო–სთვის ცნობილი იყო, რომ შპს “...............ს“ ანგარიშზე სს „.... ბანკ ა–დან“ დამატებით და შეცდომით გადაირიცხა თანხა.
10. ამასთან, ა. ა–ის ქმედებაში დასტურდება თვითნებობის ნიშნები, ვინაიდან იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ა. ა–სათვის ცნობილი იყო, რომ გარდა 135.000 აშშ დოლარისა, კომპანიის ანგარიშზე არ უნდა გადმორიცხულიყო სხვა თანხა, ა. ა–სმა, მას შემდეგ, რაც ბანკიდან თანხის მესამეჯერ გატანისას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ანგარიშზე კიდევ იყო თანხა დარჩენილი (რომლის დარიცხვა ამ ანგარიშზე მოხდა მისი მხრიდან საამისოდ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისა, თუ სხვა მსგავსი ძალისხმევის გარეშე), ჩათვალა, რომ მას უფლება ჰქონდა ის გამოეტანა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–991–ე მუხლების ნორმების დანაწესიდან და სს ,,.... ბანკსა“ და შპს “...............ს“ შორის 2016 წლის 28 ივნისს დადებული „იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო, ანგარიშზე თანხის დამატებით ჩარიცხვის შესახებ, იმ ვითარებაში, როდესაც არ ელოდებოდა აღნიშნულს, დაუყოვნებლივ ეცნობებინა ბანკისთვის და ეს თანხა უკან დაებრუნებინა კანონიერი მფლობელისათვის, რაც არ შეასრულა.
11. რაც შეეხება ა. ა–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების შპს ,,...........ის“ ყველა ფაქტობრივ ფლობაში არსებული ოფისიდან ან შესაბამისი უფლებამოსილი პირისგან, შპს ,,..................ის“ საბუღალტრო და სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაციის ამოღების შესახებ გაცემის მომენტისათვის, არ დგინდება არათუ ის ფაქტი, რომ ა. ა–სისათვის რეალურად ხელმისაწვდომი იყო კომპანიის დოკუმენტაცია, არამედ - საერთოდ არსებობდა თუ არა მატერიალური სახით სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული დოკუმენტაცია, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ - ა. ა–სის ჩვენებით, კომპანია „მ–ს“ საერთაშორისო ჯგუფის გენერალური დირექტორის - თ. ა–ს ჩვენებითა და ა. ა–სის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დგინდება შემდეგი: იმის გამო, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი თ. ა–სი ა. ა–სის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, თ. ა–სმა 2017 წლის მეორე ნახევარში მას შეუჩერა ,,...........ის“ დირექტორის უფლებამოსილება, ხოლო კომპანია რეალურად აღარ მუშაობდა, თუმცა აქტიური იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაგრამ ის, ფაქტობრივად „მძინარე’’ კომპანიას წარმოადგენდა. შპს “...............ს“ ოფისი მდებარეობდა ქ. თ–ში ს–ს დაღმართი N..-ში, რომელიც 2018 წლის ზაფხულში დაიხურა, რასაც ადასტურებს როგორც აღნიშნულ პირთა ჩვენებები, ასევე - ა. ა–სის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომლის მიხედვით, ა. ა–სის მითითებით საგამოძიებო ჯგუფი გავიდა ქ.თ–ში, ს–ს დაღმართის N..-ში, ერთ-ერთი შენობის მე-.. სართულზე, სადაც ა. ა–სის განმარტებით, მისი მუშაობის პერიოდში განთავსებული იყო შპს “...............ს“ოფისი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატრების მომენტისათვის იქ აღმოჩნდა სრულიად სხვა კომპანიის ბანერები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე