საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003314413
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №883აპ-22 ქ. თბილისი
მ–ე ა., 883აპ-22 1 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა. მ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. მ–სის ბრალეულობა ფიზიკური ძალადობის ეპიზოდშიც.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
ა. მ–სის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივის მე-.. კვარტალში არსებული სკვერის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში, ა. მ–მ ურთიერთშელაპარაკების დროს ყოფილ მეუღლეს - ნ. ს–სს მარჯვენა ხელი მოქაჩა და მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ე. მ–ე. აღნიშნული ქმედებით ნ. ს–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 19 ოქტომბერს, 11:26 საათზე, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლებაში, .. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ყოფნის დროს, ნ. ს–ს, ტელეფონზე საუბრის დროს, ყოფილი სიძე, ა. მ–სე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
- 2019 წლის 20 ოქტომბრის, დილის საათებში, ქ. თ–ში, ლ–ს დასახლებაში, .. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ყოფნის დროს, ა. ს–ს, ტელეფონზე საუბრის დროს, ყოფილი სიძე, ა. მ–სე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ „სანამ ყველას არ ჩაგხოცავთ, არ დაწყნარდებითო“, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ა. მ–სე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ. ს–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარი; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (არჩილ სეფაშვილის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 (ორი ათას სამასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, (2019 წლის 28 ოქტომბრიდან - 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით) შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
ა. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს. ასევე, გაუქმდა დაზარალებულად ცნობილ პირებთან ა. მ–სის კომუნიკაციის, მიახლოებისა და მათ საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების აკრძალვა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. მ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ა. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა. მ–სის ბრალეულობა ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში, კერძოდ:
9. დაზარალებულმა ნ. ს–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, რის გამოც მის მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: არასრულწლოვანი მოწმე ე. მ–ე გამოკითხვის ოქმში, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ არის ცნობილი, განმარტავს, რომ მას არ დაუნახავს მამის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და აცხადებს, რომ მამას დედა არ უცემია. ნ. ს–ის მიმართ ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით დაზარალებულები ნ. ს–ი და ა. ს–ი განმარტავენ, რომ მათ ნ. ს–საგან იციან, რომ თავიანთ შვილსა და სიძეს ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ ფიზიკური ძალადობის ფაქტის შემსწრე არცერთი მათგანი არ არის, ისევე როგორც მოწმეები, პოლიციის მუშაკები - უ. ხ–ი და ა. ს–ი, რომლებმაც დაადასტურეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა, ხოლო რაც შეეხება ა. მ–სის მიმართ გაცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რომელშიც, მართალია, მითითებულია დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მაგრამ ვერ დგინდება, თუ რაში გამოიხატა კონკრეტული ქმედება, და, ამასთან, მხოლოდ ეს მტკიცებულება საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ძალადობის ეპიზოდში ა. მ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე