საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.02.2023
საქმის ნომერი
2კ-1271აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100121005326735

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1271აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი ბ, 1271აპ-22 8 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, საღამოს, ქ. თ-ი, გ-ის ქუჩა №...-ში მდებარე ვ. ბ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბ. მ-ა ხელების ზურგის არეში დარტყმებით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი დედის - ვ. ბ-ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

· 2021 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, ქ. თ-ი, გ-ის ქუჩა №...-ში მდებარე ვ. ბ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბ. მ-ა კარის დაკეტვის მცდელობისა და შემდეგ ძალადობისას ყვირილის გამო, კარის მიხურვისას დაზარალებულის სხეულზე მიწოლით, ხოლო მოგვიანებით ხელების ყელისა და კისრის არეში მოჭერით, ფიზიკურად იძალადა თავისი დედის - ვ. ბ-ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენით:

2.1. ბ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის სექტემბრის ბოლოს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, ბ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 ნოემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ბ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაშიც და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) ბ. მ-ის ბრალდების ეპიზოდები:

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით (დაზარალებულ ვ. ბ-ა და მოწმეების - დ. მ-ის, ვ. წ-ის ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, №.... შეტყობინებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, №307 სამედიცინო ბარათითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. მ-ის მიერ თანაცხოვრების ბოლო წელიწად-ნახევარში ფსიქოლოგიური ძალადობისა და 2021 წლის 16 ნოემბერს, ფიზიკური ძალადობის ნაწილში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის სექტემბრის ბოლოს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) ბ. მ-ის ბრალდების ეპიზოდი:

7.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამავე დროს, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება დედა.

7.2. დაზარალებულმა ვ. ბ-ა დაადასტურა, რომ ბ. მ-ა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, ზურგზე დაარტყა ხელი, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებულმა აჩვენა ის ადგილი სახლში, სადაც მან ზემოაღნიშნული ქმედება ჩაიდინა. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ე. ა-ის, ლ. ა-ისა და ნ. კ-ის ჩვენებები ამ მიმართებით ირიბი შინაარსისაა, ვინაიდან ისინი არ არიან ძალადობის უშუალო თვითმხილველები, ადასტურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სისწორეს და ამ დროს დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას გადმოსცემენ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

7.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ვ. ბ-ის ჩვენება და მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი დამოუკიდებელი მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი - დაზარალებული. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთი ნეიტრალური, ალტერნატიული წყაროსაგან მოპოვებული პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც შემავსებელი შინაარსის იქნებოდა ბ. მ-ის ქმედების აღნიშნული ეპიზოდის დასადასტურებლად (მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან მოწმის ჩვენება).

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბ. მ-ის მხრიდან დედის მიმართ 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბ. მ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედების ნამდვილად ჩადენაში.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი