საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100122005689373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე N1220აპ.-22 23 მარტი, 2023 წელი დ-ე ზ. , 1220აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ, ზ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 9 მარტიდან.
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
1.3. პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების (მოწმეების - შ. ა-ის, ლ. წ-ისა და დ. ზ-ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N- და N- დასკვნების) გაანალიზების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზ. დ-ე არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას და ძალადობის გამოყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციის მუშაკებს - ლ. წ-სა და დ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ლ. წ-ეს მარცხენა ხელის წინა მხარესა და მტევანზე, ხოლო პატრულ-ინსპექტორს დ. ზ-ს მარჯვენა ხელის წინა მხარესა და მტევანზე უკბინა, რის შედეგადაც მათ მიიღეს დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის შემადგელობას.
2.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს. სასამართლომ სასჯელის შეფასებისას მხედველობაში მიიღო ზ. დ-ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება და სახელმწიფო რესურსის დაზოგვა), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორ ზ. დ-ის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ზ. დ-ის მსჯავრდებისათვის არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ, მოწმეების - შ. ა-ის, ლ. წ-ისა და დ. ზ-ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ზ. დ-ე დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას - აყენებდა შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. საბოლოოდ, ვინაიდან ცდილობდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას, მსჯავრდებულმა პოლიციის თანამშრომლებს - ლ. წ-ესა და დ. ზ-ს უკბინა. დაზარალებულების სხეულზე არსებული დაზიანების ფაქტი დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N- და N- დასკვნებით, რომელთა თანახმადაც ლ. წ-ეს დაუდგიდა დიაგნოზი: ადამიანის ნაკბენი ჭრილობა მარცხენა წინამხრის და მტევნის პირველი თითის არეში, ხოლო დ. ზ-ს - ადამიანის ნაკბენი ჭრილობა მარცხენა მტევნის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
4.2. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია არასწორად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზ. დ-ე დამნაშავედ ცნობილია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
4.3. ამ საკითხის შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რის საფუძველზეც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მხარეებმა უდავო მტკიცებულებებად მიიჩნიეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში არ ითხოვდნენ დამატებითი მტკიცებულების წარდგენასა და გამოკვლევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის შესახებ უნდა მიეღო იმ უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, რაც წარდგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული მტკიცებულებები კი იძლეოდა საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე