დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.03.2023
საქმის ნომერი
2კ-17-I-23
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802223006945152

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№17I-23 23 მარტი, 2023 წელი ჩ–ი ი., 17I-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ–ს (Y.C-I)ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ჩ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: ი. ჩ–მ დააარსა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც თ–ს რესპუბლიკის ქ. თ–იში ორგანიზებას უწევდა უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით. ი. ჩ–ი და მისი თანამონაწილეები უზრუნველყოფდნენ ზემოხსენებული პირებისთვის კლიენტთა მოძიებას და კოორდინაციას უწევდნენ მათ საქმიანობას. აღნიშნული მიზნით ი. ჩ–ს და მის თანამონაწილეებს ქ.თ–ში ნაქირავები ჰქონდათ სამი სხვადასხვა სახლი და ხსენებულ დაზარალებულებს ძალადობის მუქარით აიძულებდნენ დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით, რაც 2008 წელს გამოავლინეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. თურქეთის რესპუბლიკის ქ. თ–ში ი. ჩ–ი დაეუფლა ვ.ქ–ს სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობას, რომელზეც დაიტანა საკუთარი ფოტო და იყენებდა მის მიერ გაყალბებულ პირადობის მოწმობას. გარდა ამისა, ი. ჩ–მ გააყალბა მასსა და ფ.ო–ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და მას ხელი ვ.ქ–ს სახელით მოაწერა. ხსენებული ქმედებები დადგენილ იქნა ქ.ს–ს კრიმინალური ლაბორატორიის 2008 წლის 1 ივლისის ექსპერტიზის ცნობით.

1.2. 2011 წლის 16 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს განაჩენით ი. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ერთზე მეტი პირის პროსტიტუციისკენ წაქეზება, ხელშეწყობა, შუამავლობა ან ადგილით უზრუნველყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 22 წლითა და 900 დღით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. 2014 წლის 5 მაისს ზემოაღნიშნული განაჩენი გახდა საბოლოო.

1.4. 2021 წლის 11 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით გამოსცა ი. ჩ–ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2. ი. ჩ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2021 წლის 17 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ჩ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.2. 2022 წლის 17 დეკემბერს ი. ჩ–ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2.3. 2022 წლის 19 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ჩ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. ამჟამად ი. ჩ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.5. 2023 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა:

2.6. დასაშვებად იქნეს ცნობილი ი. ჩ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით: თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისთვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ერთზე მეტი პირის პროსტიტუციისკენ წაქეზება, ხელშეწყობა, შუამავლობა ან ადგილით უზრუნველყოფა). ასევე მოითხოვა დაუშვებლად იქნეს ცნობილი ი. ჩ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით: თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისთვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება).

2.7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ი. ჩ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ნ. დ–ე კი არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ჩ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისთვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ერთზე მეტი პირის პროსტიტუციისკენ წაქეზება, ხელშეწყობა, შუამავლობა ან ადგილით უზრუნველყოფა).

დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ჩ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის თექირდაღის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისთვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება).

2.9. 2023 წლის 14 მარტს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, ი. ჩ–სი 2013 წლიდან იმყოფება ს–ში და მისი მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მას ს–ში აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, მზარეულად მუშაობდა თ–ლ კომპანიაში. ი. ჩ–სმა ს–ში ყოფნის პერიოდში შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გულზე გაიკეთა ოპერაცია და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. მისი ექსტრადიციის შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. იმის გამო, რომ ი. ჩ–სი არ იმყოფებოდა პატიმრობაში, მასზე შურისძიებას აპირებდნენ დაზარალებულის ოჯახის წევრები. ამასთან, პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში მის ჯანმრთელობას შეექმნება სერიოზული საფრთხე. საექსტრადაციო მასალებიდან ირკევევა, ი. ჩ–სი თურქეთის რესპუბლიკის სასამართლომ გაასამართლა 2011 წელს, რის შემდეგაც გავიდა 11 წელი და მას დანაშაულებრივი საქმიანობა არ გაუგრძელებია, მოწმეებზე გავლენა არ მოუხდენია და მტკიცებულებები არ გაუნადგურებია. გარდა ამისა, მას ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუქრული კანონმდებლობით კი მისჯილი აქვს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ჩ–სი 2013 წელს ს–ს გამშვები პუნქტის მეშვეობით შემოვიდა ს–ში. შესაბამისად, თ–ს რესპუბლიკა მისი დაკავებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული მას მანამდე დააკავებდნენ, რადგან იგი მუშაობდა თურქულ კომპანიაში და 2013 წლიდან 2017 წლამდე სისტემატურად კვეთდა საზღვარს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოძახების შემთხვევაში იგი ნებაყოფლობით გამოცხადდებოდა და მოიხდიდა სასჯელს, მაგრამ ასეთს ადგილი არ ჰქონია და ძებნაში ყოფნის შესახებ მან დაკავებისას შეიტყო. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს 2008 წლიდან, ხოლო განაჩენი გამოტანილია 2011 წელს, საიდანაც მის დაკავებამდე გასულია 11 წელი და 6 თვე, რაც ადასტურებს რომ გასულია განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ი. ჩ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება. ასევე წარმოადგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის N........... წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უგრძელდება მკურნალობა და მეთვალყურეობა ამბულატორიულ რეჟიმში და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის განჩინება ი. ჩ–ს მიმართ საექსტარდიციო პატიმრობის ვადის 2023 წლის 17 ივნისამდე გაგრძელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას შეამოწმა ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება, კერძოდ:

3. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. განსახილველ შემთხვევაში საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ი. ჩ–ს ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ერთზე მეტი პირის პროსტიტუციისკენ წაქეზება, ხელშეწყობა, შუამავლობა ან ადგილით უზრუნველყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ასევე დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობითაც.

5. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობის მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის და სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, მოცემულ საქმეში ი. ჩ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა და მას ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ი. ჩ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ–ს რესპუბლიკაში ი. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2011 წლის 16 ივნისს, რამაც საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 5 მაისს, ხოლო 2021 წლის 11 იანვარს გამოიცა ი. ჩ–ს დაკავების ბრძანება. პროსტიტუციის საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნის დანაშაულთან მიმართებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 15 წელს, რაც დღეის მდგომარეობით გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. ჩ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება განაჩენის საბოლოოდ დადგენის თარიღიდან. შესაბამისად, პროსტიტუციის საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნის დანაშაულთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ამასთან, თ–ს რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, ამ დანაშაულთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით. რაც შეეხება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, რაც ამოიწურა 2020 წლის 5 მაისს - დაკავების ბრძანების გამოცემამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაული 1957 წლის ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად არაექსტრადირებადია.

7. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჩ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. ხოლო ,,საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია სს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. ჩ–ი არ ითვლება სს მოქალაქედ, ან სში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ი. ჩ–ი არის თს რესპუბლიკის მოქალაქე.

9. გარდა აღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ჩ–ს ს–ში საერთაშორისო დაცვა ან თავშესაფარი მინიჭებული არ აქვს. ამასთან, არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულფასოვნად შეისწავლა ექსტრადიციის დასაშვებობის ზემოაღნიშნული წინაპირობები, საკასაციო სასამართლო კი ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

11. საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს რამდენიმე გარემოებას: მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი ზოგადად უთითებს ი. ჩ–ს მიმართ ძირითადი უფლებების დარღვევის შესაძლებლობაზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს აღნიშნული საფრთხის არსებობას. ამასთან, არ წარმოუდგენია განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე. გარემოებები, რითაც დასაბუთდებოდა ძირითადი უფლებების დარღვევის რისკი, საჩივარში მითითებული არ არის.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ი. ჩ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მის მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებში არ იძებნება.

13. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ი. ჩ–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ი. ჩ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიიღება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.

14. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ი. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

15. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ი. ჩ–ი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე და არ გააჩნია ს–ში ცხოვრების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ–ს (Y.C-I) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე