საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.03.2023
საქმის ნომერი
2კ-853აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003176055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №853აპ-22 ქ. თბილისი

ნ. ვ. 853აპ-22 6 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2014 წელს თ. მ–სის შვილმა ლ. კ–მამ კარის მეზობელ ვ. ნ–სგან შეიძინა ქ. თ–ში, ...... .., მე-.. მ/რ-ში, კორპუს N...-ში მდებარე 69,25 კვ.მ ფართობის N.. ბინა, საკადასტრო კოდით: .........., ღირებული 40 000 აშშ დოლარად. შეთანხმებისამებრ, ლ. კ–მ ზემოხსენებული ბინის საფასური გადაიხადა ორ ნაწილად, კერძოდ, მან ვ. ნ–ს 2014 წლის 30 სექტემბერს გადასცა - 35 000 ლარი, რაც იმ პერიოდში მოქმედი ვალუტის ოფიციალური კურსის თანახმად, შეადგენდა - 20 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი თანხის მეორე ნაწილიდან - 20 000 აშშ დოლარიდან 18 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 34 617 ლარი გადასცა 2014 წლის 19 ნოემბერს. ბინის საფასურიდან - 40 000 აშშ დოლარიდან - ლ. კ–მ ვ. ნ–ს გადაუხადა 38 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ფულის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ შემდგარა. მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულის პერიოდიდან ვ. ნ–ს ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, მოლაპარაკების თანახმად, ვ. ნ–მა ლ. კ–სა და მის ოჯახს საცხოვრებელად დაუთმო ამ უკანასკნელის მიერ შეძენილი უძრავი ქონება. მიუხედავად ლ. კ–ს არაერთი თხოვნისა, ქ. თ–ში, ვ–ი .., მე-.. მ/რ-ში, კორპუსი N..-ში მდებარე ბინა N..-ის იურიდიულმა მესაკუთრეებმა ვ. ნ–მა და დედამისმა - ე. გ–მა უარყვეს ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინის საფასურის მიღების ფაქტი და უარი განუცხადეს ლ. კ–ს საცხოვრებელი ბინის მის სახელზე რეგისტრაციაზე. მოგვიანებით, ბინის საფასურის გადახდიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდგომ, თ. მ–სის ოჯახმა საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეიტყო, რომ ლ. კ–ს მიერ ვ. ნ–სგან შეძენილი უძრავი ქონება, 2008 წლის 7 ივლისიდან სს ,,........ ბანკის“ მიერ სესხის უზრუნველსაყოფის სახით, დატვირთული იყო იპოთეკით. შესაბამისად, ვ. ნ–მა ბინის გასხვისების დროს ლ. კ–ს დაუმალა ინფორმაცია ზემოხსენებული ბინით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხის თაობაზე. ვ. ნ–სის დანაშაულებრივი ქმედებით ლ. კ–ს მიადგა დიდი ოდენობით - 38 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 69 617 ლარის - მატერიალური ზიანი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის N... განჩინებით ვ. ნ–ს დაევალა საპროცესო მოქმედება - ხმის ნიმუშის აღებაში სავალდებულოდ მონაწილეობა, რა დროსაც მისგან იძულებით უნდა აეღოთ ხმის ნიმუში. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ვ. ნ–ს გაეცნო და გადაეცა 2019 წლის 29 მარტს. ვ. ნ–ს 2019 წლის 8 აპრილს შეატყობინეს, რომ იწურებოდა ხმის ნიმუშის სავალდებულოდ აღებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 15 დღიანი ვადა. მიუხედავად ამისა, ვ. ნ–მა განზრახ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და არაერთი გაფრთხილების შემდგომ, თავი აარიდა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენით ვ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1. ვ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.3. ვ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. მსჯავრდებულ ვ. ნ–სის ადვოკატებმა - ს. ჯ–მა, გ. ნ–მა და რ. კ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება;

4.2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ მოითხოვა სასჯელის გამკაცრება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.1. ვ. ნ–ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

6.2. ვ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

6.3. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

6.4. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

6.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

6.6. მსჯავრდებულ ვ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენის შესავალ ნაწილში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. ნ–ს პირადი მონაცემები მიეთითა შემდეგნაირად: ,,დაბადებული 19.. წლის 13 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №.........., უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ–ი, ....... 3, მე.. მ/რაიონი, ..-ე კორპუსი, ბინა N..; ფაქტობრივად მცხოვრები: თ–ი, .......ის გამზირი, კორპუსი N.., ბინა N..”.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვს ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.

8.2. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულის ადვოკატმა რ. კ–მ, რომელიც ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ვ. ნ–ს თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ხოლო ადვოკატი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ვ. ნ–ს მსჯავრდება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით) ნაწილში.

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ შეთანხმების მომენტისათვის ვ. ნ–ს ამოძრავებდა დაზარალებულის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რომლის მისაღებად მოქმედებდა ლ. კ–სთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით და მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში. სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის მოწმეების: ლ. კ–ს, მ. კ–ს, გ. კ–ს, თ. ნ–ს, ვ. ჩ–ს, მ. ჯ–ს ჩვენებებს. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების - მოტყუების არსებობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე