საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№119აპ-23 17 ივლისი, 2023 წელი
ბ-ი ბ., 119აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – იოსებ ხუციშვილის
ადვოკატ – ლ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით ბ. ბ-ი, – -ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 3 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბ. ბ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 26 აგვისტოს თ-ი, ჩ-ის ქ. №-ის მოპირდაპირედ, დაახლოებით 22 საათზე წარმოქმნილი ურთიერთდაპირისპირებისას, გ. ზ-მა განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა გ-ს, რა დროსაც ჭრილობები მიაყენა გულმკერდისა და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გულმკერდის არეში მიღებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გ-ის სიკვდილი.
· მომხდარ ფაქტს შეესწრო ბ. ბ-ი, რომელმაც იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმება და ბ. ბ-ის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი გაუქმდა: ბ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; მასვე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
6. გამართლებულ ბ. ბ-ის ადვოკატი გ. გ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა მოითხოვა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
8. ადვოკატმა ლ. ა-ემ მოითხოვა ბ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ. ბ-ის ბრალეულობაში, კერძოდ:
2.1. მოწმე ა. ლ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნათესავების – ბ. და მ. ბ-ების სახლში, თ-ი, ჩ-ის ქ. №-ში. 2020 წლის 26 აგვისტოს ბ. ბ-სა და მის მეგობრებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოუხდათ კამათი, თუმცა სიტუაცია ფიზიკური ძალადობის გარეშე განიმუხტა და ყველა სახლში შებრუნდა; დაახლოებით 40 წუთში ბ. ბ-ი და მისი მეგობარი გ. ზ-ი ისევ გარეთ გავიდნენ; დაპირისპირებულთა შორის ჩხუბი ორ ადგილას მიმდინარეობდა – ზედა მხარეს იყო ბ. ბ-ი, რომელსაც თვითონ აშველებდა, ხოლო ქვემოთ ჩხუბობდნენ გ. ზ-ი და ა. ო-ი; მოწმეს დანა არ დაუნახავს, მხოლოდ კივილი შემოესმა, კაცი დაჭრესო, რის შემდეგაც გ. ზ-ი და ა. ო-ი მივიდნენ ბ. ბ-თან და უთხრეს, გავიქცეთო; ბ-სგან გაიგო სიტყვები – „დანა სად უნდა გამოიყენო, არ იციო?!“ ბ. და მისი და სახლისკენ გაიქცნენ, ჩხუბში მონაწილე პირებმა კი შეაღწიეს ეზოში და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ; 7-8 ადამიანი ეჩხუბებოდა ბ. ბ-ს, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი; 4-5 წუთში მივიდა პოლიცია, რომელმაც ხალხის წასვლის შემდეგ ბ. ბ-ს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა; ბ-მ გამოიცვალა და პოლიციელებმა ის წაიყვანეს; რადგან იყო აფექტურ მდგომარეობაში, თვითონ ვერ მოიფიქრა პოლიციაში დარეკვა, ტელეფონიც არ ჰქონდა.
2.2. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ს. თ-მა და დ. თ-მა. ს. თ-მა დამატებით განმარტა, რომ 3-4 წუთი არ იყო გასული, პოლიცია რომ მივიდა; ბ---ს ხელში ტელეფონი არ დაუნახავს, ხოლო დ. თ-მა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი ლამპიონებით იყო განათებული და დაინახა გ. ზ-ის მიერ მოქნეული დანა, რომელიც გ-ს გულმკერდის არეში მოხვდა; ასევე გაიგო ბ. ბ-ისათვის გ. ზ-ის ნათქვამი, რომ დაჭრა და გაქცეულიყვნენ, რაზეც ბ. ბ-მა უპასუხა: „რა ჰქენი, ბიჭო, დანა იხმარეო?!“
2.3. ფაქტის კიდევ ერთმა თვითმხილველმა, მოწმე მ. ე-მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არის ბ. ბ-ის და; 2020 წლის 26 აგვისტოს, სტუმრების გაცილებისას, რადგან მის ძმას შეაგვიანდა, გარეთ გავიდა და ნახა, რომ დაახლოებით 30 კაცს შორის იყო მისი ძმაც და ისინი ჩხუბობდნენ; გაშველების შემდეგ ბიჭებთან ერთად დაბრუნდა სახლში; მცირე ხანში ბ-მ გადაწყვიტა იმავე ხალხთან დალაპარაკება, თვითონაც გაჰყვა, რა დროსაც უბნის მაცხოვრებლებთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება; დაინახა დანიანი სილუეტი, ეგონა, რომ ბ-ს მისდევდნენ, ამიტომ ის სახლში შეიყვანა; ხალხის ბრბო რკინებითა და ლურსმნიანი ჯოხებით მათ სახლთან მივარდა, ბ-საც ურტყამდნენ, ის წაიქცა და წაქცეულსაც ურტყამდნენ; როდესაც იკითხა მიზეზი, უთხრეს, რომ ჩემი ნათესავი დაჭრესო, მერე უცებ წავიდნენ; ამ დროს მივიდა პოლიცია, ეძებდნენ დანას, შემდეგ ბ. წაიყვანეს.
2.4. მოწმე ა. ო-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა ბ. ბ-ის სახლში და მის ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად სვამდნენ ლუდს; წასვლისას შელაპარაკება მოუხდათ უბანში მაცხოვრებელ ბიჭებთან; კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად უკან დაბრუნდნენ; რამდენიმე ხანში ბ. გავიდა ბიჭებთან დასალაპარაკებლად, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება; ა-ს ვიღაცამ სკამი ჩაარტყა თავში, რის გამოც წამიერად გაითიშა, შემდეგ დაიწყო გ. ზ-ის ძებნა, რომელსაც დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით ექვსი კაცი სცემდა; ისინი წამიერად დაიშალნენ და გ. გამოჩნდა, რომელსაც მარცხენა ხელიდან სისხლი სდიოდა; გ. ბ-ს სახლისკენ გაიქცა; ბ. ფეხზე იდგა, მაგრამ თავი სისხლიანი ჰქონდა და სირბილი არ შეეძლო; ის ეზოში შევიდა და კარი ჩაკეტა; ა. ო-ი და გ. ზ-ი იქიდან წავიდნენ, ურეკავდნენ ბ-ს, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ, მიუწვდომელი იყო; დანის მოქნევის მომენტი მას არ დაუნახავს.
2.5. მოწმე ლ. ს-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს მისმა შვილმა დაამშვიდა ქუჩაში მოჩხუბარი მამაკაცები; სახლში დაბრუნებიდან მალევე გაიგეს ყვირილის ხმა; ბ. ბ-ს თან ახლდა ორი მამაკაცი, ისინი ეძებდნენ მის შვილს, აგინებდნენ და ყვიროდნენ; გ. გავიდა გარეთ, თვითონაც გაჰყვა და დაინახა, რომ ლურჯმაისურიანს 4-5 ბიჭი ეჩხუბებოდა, რომლებიც გ-მ გააშველა და იმ მომენტში დაარტყა დანა; ბ. ამბობდა დაბლიდან – „ბიჭო, რას შვები, მოკალიო?“ და გაიქცნენ.
2.6. მოწმე რ. მ-ის ჩვენებით, დიდი ყვირილის შემდეგ გ-ი გარეთ გავიდა, მას დედა – ლ. ს-ა გაჰყვა; თვითონაც ნახევარ წუთში გავიდა, მაგრამ გ. უკვე დაჭრილი იყო; პოლიცია 2-3 წუთში მივიდა.
2.7. მოწმე ქ. ხ-ას ჩვენების მიხედვით, საღამოს 9 საათის შემდეგ გ-ის სახლის მოპირდაპირე ჩიხიდან ბ. ბ-ი და სამი ბიჭი ჩამორბოდა გინებით; მათთან გ-- გავიდა რ-თან ერთად; ბიჭები შეკამათდნენ, მაგრამ მალევე დამშვიდდნენ და დაიშალნენ; ცოტა ხანში იგივე პირები ახალგაზრდა ქალთან ერთად დაბრუნდნენ და კითხულობდნენ გ-ს; სიტყვიერი კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც ბ. ბ-იც მონაწილეობდა; მოწმემ დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა გ-ს ლურჯმაისურიანმა პირმა, რის შემდეგაც ბ. ბ-მა უთხრა: „რა ჰქენი, მოკალიო?“ პასუხი აღარ გაუგია, რადგან მამაკაცები ზემოთ გაიქცნენ.
2.8. გ-ის დაჭრის ფაქტი დაადასტურა მოწმე ი. ჟ-მა, ხოლო მოწმე ნ. წ-მა განმარტა, რომ საღამოს 7 საათისათვის ბ. ბ-ის და არაადეკვატურად იქცეოდა, ბ. ბ-მა ის ორჯერ შეიყვანა სახლში; 15 წუთში ყვირილის ხმაზე გამოვიდა და დაინახა, რომ ჩიხში უამრავი ხალხი იყო და დაძაბულად საუბრობდნენ; ამ დროს გაიგო, რომ გ. დაჭრეს და ლამპიონის შუქზე დაინახა, რომ გ-ს მუცელზე ედო ხელი, 3-4 ნაბიჯი გადადგა და იქვე, კედელზე მიყუდებული, ჩამოსრიალდა; მერე გაიგო, რომ ბ. ბ-ი იყო ნაცემი, თვითონ არ უნახავს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა. ამასთან, მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს პირის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ნამდვილი/სარწმუნო ინფორმაციის ფლობის/ცოდნის აუცილებლობას, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაცია დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია, ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგო ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია, ცნობილი/მოპოვებული გახდეს ასევე დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ.. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), კერძოდ, პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ არ ატყობინებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ შესაბამის ორგანოებს/პირებს, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი, ხოლო შეუტყობინებლობის მოტივი შესაძლებელია იყოს შურისძიების შიში, ანგარება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება და ა.შ.
4. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც მან იცის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მას დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით ან მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო არ გააჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სათანადო ორგანოებისათვის/პირებისათვის. ამასთან, ეს დანაშაული, როგორც წესი, დენადი ფორმით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი იწყება უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განზრახ მკვლელობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოძიებისათვის, მტკიცების თვალსაზრისით, საკმაოდ რთული ამოცანაა. პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ინფორმირებულობა ამგვარი დანაშაულების ჩადენის თაობაზე. მტკიცებულებებით თუ ვერ დადასტურდება უტყუარად, რომ პირი სარწმუნო ინფორმაციას ფლობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების არცოდნის თაობაზე განცხადების გაკეთება სამართალდამცავ ორგანოში ვერ განიხილება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლად.
6. ზოგადად, დანაშაულის ადგილზე ყოფნა უპირობოდ კონკრეტული დანაშაულის დანახვასა და მის გაცნობიერებას არ გულისხმობს. აღნიშნულთან ერთად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომ პირმა იცის/შეიტყო ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მსგავს შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ორი კრიტერიუმის ერთობლიობა განაპირობებს ცოდნის ნამდვილობას. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ ასკვნის, რომ ბ--- ბ-------ის ბრალეულობის ცალსახად დადასტურება შეუძლებელია, ისინი უტყუარად არ მიუთითებს მის მიერ დანაშაულის ხასიათისა და შინაარსის ცოდნის თაობაზე, მეტიც, ძნელად იკვეთება მისი მოქმედებების ერთიანი სურათი, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები განსხვავდება ერთმანეთისაგან მოვლენათა აღწერის, ჩხუბის მიზეზისა და მონაწილე პირების რაოდენობასთან დაკავშირებით.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შეუძლებელია, დადასტურებულად მივიჩნიოთ, რომ ბ. ბ-მა ნამდვილად დაინახა, აღიქვა და გააცნობიერა გ. ზ-ის მიერ გ-ისათვის თავისა და გულმკერდის არეში ჭრილობების მიყენება, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, მითუფრო, რომ ამის თაობაზე არც მოწმეებს არ უთქვამთ. იმის დაშვებითაც კი, რომ ბ. ბ-ი სრულად გაერკვა მომხდარ ვითარებაში, შეუძლებელია მტკიცება, რომ გ. ზ-ის მხრიდან დანის გამოყენებით მისთვის ცხადი გახდა, თუ რა დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან არცერთი არ უთითებს ბ. ბ-ის მიერ გ. ზ-ის მხრიდან დანის გამოყენების ფაქტისა და გ. ს-ის დაბლა დაცემის დანახვის შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ ბ. ბ-ი და გ. ზ-ი ერთი მიმართულებით არ წასულან; ბ. ბ-ი იძულებული გახდა, გაქცეულიყო და ეზოში ჩაკეტილიყო, რა დროსაც ცემის შედეგად მანაც მიიღო სხეულის დაზიანებები.
8. გარდა ამისა, ქმედების შეუტყობინებლობით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ შეტყობინება დანაშაულის ჩადენის თაობაზე გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. კანონში არ არის მითითებული დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება. ობიექტურად, დროის ეს პერიოდი გრძელდება დამნაშავის მხილებამდე, სუბიექტურად კი დროის მოცემული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს იმ მომენტამდე, როცა უმოქმედოდ მყოფი პირი შეიტყობს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილია სათანადო ორგანოებისათვის და დაწყებულია გამოძიება. ამასთან, პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისათვის მაშინ, თუ მას ამ პერიოდის განმავლობაში რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, ეცნობებინა სამართალდამცავებისათვის დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა კი გამორიცხავს პასუხისმგებლობას.
9. პალატა მიუთითებს, რომ ზემოჩამოთვლილი მოწმეების ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ ძალიან მალე, 3-5 წუთში. აღნიშნული დასტურდება თავად პოლიციელების ჩვენებებითაც, კერძოდ: მოწმეებმა – ნ. შ-მა და ზ. ჩ-მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს მიიღეს შეტყობინება ჯერ ჩხუბის, ხოლო შემდეგ – დაჭრის შესახებ და ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 2-3 წუთში; ჩ-ის ქ. №-ში მათ დახვდათ ნაცემი ბ. ბ-ი, რომელიც იყო აგრესიული, ილანძღებოდა და იწევდა მეზობლების მიმართულებით; პოლიციელების შეკითხვაზე მან ჯერ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა, ხოლო შემდეგ – აღარაფერი უთქვამს.
10. ამდენად, დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლამდე პოლიციელებმა უკვე იცოდნენ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ამასთან, ბ. ბ-ი ხალხმრავალ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე პირია, რომელიც გახდა მეზობლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და თვითონაც მრავალი დაზიანება მიიღო. ასეთ პირობებში კი ვარაუდი იმისა, რომ მას გააზრებული ჰქონდა მომხდარი ფაქტი, რეალურად შეეძლო და არ დარეკა პოლიციის განყოფილებაში, უსაფუძვლოა. აგრეთვე, პოლიციის თანამშრომლებისათვის მის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა, გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ.
11. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მოწმე გ. ბ-ის ჩვენებით, ის ვერ უკავშირდებოდა ბ. ბ-ს, ვინაიდან მისი ნომერი იყო მიუწვდომელი. ასევე ვერ უკავშირდებოდა ბ---ს თავისი მეუღლეც. გამომძიებელ ლ. ტ-ის ჩვენების მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ ბ. ბ-ს მობილური ტელეფონი თან ჰქონდა, ტელეფონი იყო დატენილი, თუმცა რამდენ პროცენტზე, არ ახსოვს; დაცვის მხარის მტკიცებით კი, მობილური იყო დამჯდარი, რაც მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული ბუნდოვანების გასაქარწყლებლად და მობილური ტელეფონი სასამართლოშიც არ გამოკვლეულა. ამდენად, მის რეალურ მდგომარეობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.
12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოცემულ ვითარებაში ბ. ბ-ს არ ჰქონდა იმის რეალური შესაძლებლობა, მომხდარი დანაშაულის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაც გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, „in dubio pro reo-ს“ პრინციპის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნული გარემოება, რომ ბ. ბ-მა ნამდვილად იცოდა გ. ზ-ის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რის შესახებაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, წარმოადგენს ეჭვს, რომელიც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. ამდენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი, შეთანხმებული და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საფუძვლიანად უარყოფდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციასა და დაცვის მხარის შესაგებელში გაცხადებულ მითითებას ბ. ბ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2022 წლის 27 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ბ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ბ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე