საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100121005178266
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №635აპ-23 ქ. თბილისი
ნ-ი ა, 635აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით:
1.1. ა. ნ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 21 აგვისტოდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ქ. ბ-ში, თ. მ-ს ქ. N..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს, ა. ნ-მა ხელებით მიაყენა დაზიანებები რ. კ-ს, შემდეგ კი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდის არეში - სასიკვდილო ჭრილობა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზევე გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ა. ნ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ნ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისი ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში.
4.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც ა. ნ-ის ქმედება კანონიერად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის დროს პირი ითვალისწინებს თავისი ქმედების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, შეგნებული აქვს ამ მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სურს ეს შედეგი - ადამიანის მოკვლა (პირდაპირი განზრახვა), ან შეგნებულად უშვებს, რომ მის მოქმედებას ადამიანის სიკვდილი მოჰყვება (არაპირდაპირი განზრახვა). მკვლელობა შეიძლება იყოს წინასწარ მოფიქრებული ან უეცარი განზრახვით. თუ პირის განზრახვა მიმართული იყო სხეულის დასაზიანებლად, მაგრამ ამას შედეგად მოჰყვა სიკვდილი, მან შეიძლება პასუხი აგოს მხოლოდ სხეულის განზრახ დაზიანებისათვის და სათანადო პირობების არსებობისას, გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის. დამნაშავის განზრახვის შინაარსზე საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობათა და სხვაგვარ დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი, დამნაშავისა და დაზარალებულის ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენამდე, მათი ურთიერთდამოკიდებულება.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ.-17 განაჩენი).
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ მსჯავრდებული, რ. კ-ნი და თ. მ-ი, ხოლო ეს ორი გარდაცვლილია, ა. ნ-ის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
10. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ნ-ის მიერ რ. კ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი - მას შემდეგ, რაც სახლში მისულმა ა. ნ-მა დაინახა, რომ რ. კ-ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თ. მ-ს, გაბრაზებულმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, ხოლო შემდეგ მაგიდიდან აღებული პურის საჭრელი დანა დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც რ. კ-ნი გარდაიცვალა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული შემთხვევის თვთმხილველი და მონაწილე მოწმის - თ. მ-ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ა. ნ-მა დაინახა, რომ რ. კ-ნი მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მიატრიალა და სამჯერ ჩაარტყა მუშტი სახეში და თავის არეში, რა დროსაც თ-ი წამოხტა ტახტიდან მათ გასაშველებლად, მაგრამ ამ დროს ა. ნ-მა აიღო მაგიდიდან თეთრტარიანი პურის დასაჭრელი დანა და რ. კ-ს ჩაარტყა მარცხენა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც დანიანი ხელი კიდევ რამდენჯერმე მოუქნია ძალიან სწრაფად, რ. კ-ნი დაეცა.
11. თ. მ-ის გამოქვეყნებული ჩვენება თანხვდენილია საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით უტყუარად დგინდება, თუ რა სახისა და ხარისხის დაზიანებები აქვს მიყენებული რ. კ-ს შემთხვევის დროს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია, კერძოდ, რ. კ-ის გვამს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა პარასტერნალურ ხაზზე IV-V ნეკნებს შორის, რომელიც შემავალია გულმკერდის ღრუში და აზიანებს გულის მარჯვენა პარკუჭს, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შუბლის მარცხენა არეში, ზედაპირული ხასიათის ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის მარჯვენა ნესტოზე, მარჯვენა ყვრიმალის არეში, ნიკაპის მარჯვენა არეში, მარცხენა ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სახისა და თავის არეში. აღნიშნული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელ-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები და სისხლაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან გულმკერდის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც აზიანებს მარჯვენა პარკუჭს ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა შუბლის არეში - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო დანარჩენი დაზიანებები - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.
12. რ. კ-ის სიკვდილის მიზეზია გულის ტამპონადა გულის პერანგში თავისუფალი სისხლის შედეგად განვითარებული, რომელიც გამოწვეულია გულის პარკუჭის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მოვერცხლისფრო მეტალის, ცალმხრივლესილი დანის (მოთეთრო ფერის, პოლიმერული მასალის ტარით) პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ. კ-ს. დანის მოთეთრო ფერის, პოლიმერული მასალის ტარზე, ლაქებისგან შედარებით თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის რ. კ-ს, მინორული წილი ეკუთვნის ა. ნ-ს; კუბოკრულ, გრძელსახელოებიან პერანგის მარცხენა სახელოს მანჟეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ. კ-ს; ა. ნ-ის მონაცრისფრო ჯინსის შარვალზე, წინა მარჯვენა ჯიბის მიმდებარედ არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ. კ-ს. მარცხენა ფეხსაცმელზე, ცხვირის არეში, არსებული მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ. კ-ს. ასევე საგულისხმოა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლის მიხედვით, რ. კ-ის სხეულზე (ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა პარასტერნალურ ხაზზე IV-V ნეკნებს შორის) არსებული დაზიანება ლოკალიზაციით არით შესაბამისობაში მოდის მაისურზე ჯიბის მარჯვნივ არსებული დაზიანებასთან, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N... დასკვნასთან, რომლის მიხედვით რ. კ-ის მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო და მოყვითალო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ გვარობრივი კუთვნილება ა. ნ-ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. რ. კ-ის შარვლის და მაისურის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა. ნ-ის მოშავო-მორუხო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
14. საკასაციო სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ა. ნ-ის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ პოლიციის მოსვლამდე გააფრთხილა თ. მ-ი, რომ მომხდარს თავის თავზე აიღებდა და ჩვენების მიცემისას გაემეორებინა ის, რასაც იგი განუმარტავდა პოლიციის თანამშრომლებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თ. მ-მა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა მომხდარი, ასევე უპასუხა არაერთ კითხვას და მის ჩვენებაში არ იკვეთება რაიმე ურთიერთგამომრიცხავი გარემოება. ამასთან, მისი ჩვენება სრულად შეესაბამება საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს, რაც გამორიცხული იქნებოდა იმ პირობებში, თუკი იგი თავის ჩვენებას დაამყარებდა მხოლოდ ა. ნ-სა და ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელებს შორის შემდგარ ხანმოკლე გასაუბრებას.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ა. ნ-ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საშუალებაზე - დანაზე და მის მიერ მიყენებული დაზიანებების განლაგებასა და ლოკალიზაციაზე, ხარისხსა და სიმძიმეზე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოხლისათვის სახიფათო ადგილს - გულმკერდის არეს და ბუნებრივია, მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნით (დანით) სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილში დაზიანების მიყენებით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ქმედება მიმართული იყო კონკრეტული პირისკენ; მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ ა. ნ-მა მთვრალი რ. კ-ის მიმართულებით, როდესაც დაზარალებულის მხრიდან მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას, მაგიდიდან აიღო დანა, მცირე მანძილიდან მოუქნია დაზარალებულს და გულმკერდის არეში მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტ ჭრილობა, რასაც შედეგად მოჰყვა რ. კ-ის სიკვდილი; ა. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი და სიმძიმე, განლაგება და ლოკალიზაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ნაკვეთი ჭრილობა სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში - გულმკერდის არეში ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, იგი უცილობლად აცნობიერებდა და ითვალისწინებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას - რ. კ-ის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას და მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის განზრახვაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის - განზრახვა.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებული და არაობიექტურია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ა. ნ-ი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი