გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 20.03.2003
საქმის ნომერი
3კ/1408-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-1408-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცხდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ბ-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 2 ივლისის ბრძანებით ზ. კობაძე განთავისუფლებული იქნა სს “ბ-ის” საექსპლოატაციო უბნის ინჟინრის თანამდებობიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

2001წ. 30 ივლისს ზ. კ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სს “ბ-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. კ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური თვეში 86 ლარის ოდენობით. 2001წ. 2 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სს “ბ-ი” საკასაციო საჩივრით ითხოვდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარის თქმას სარჩელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის განხილვის პროცესში მხარეები შეთანხმდნენ დავის მორიგებით დამთავრებაზე შემდეგი პირობებით: მოსარჩელე ზ. კ-ე თანახმაა მიიღოს კასატორისაგან 1000 ლარი და აღარ მოითხოვოს სამუშაოზე აღდგენა.

სს “ბ-ი” გადაუხდის მოსარჩელეს 1000 ლარს იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი აღარ მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას.

საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება, რადგან არ ირღვევა კანონით დაცული ვისიმე ინტერესები.

272-ე მუხლის “დ” პუქტის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მხარეები მორიგდნენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, სს “ბ-ს” მოსარჩელე ზ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის გადახდა.

ზ. კ-ე არ იქნეს აღდგენილი სამუშაოზე.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.