საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.09.2023
საქმის ნომერი
2კ-319აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №319აპ-23 თბილისი

ჩ-ი დ., 319აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას, ასევე – მსჯავრდებულ დ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჩ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· დ. ჩ-მა შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნივთიერება, საერთო წონით – 219,69 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), რომელთაგან ნაწილი – ნივთიერება, საერთო წონით – 111,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), ამოიღეს 2021 წლის 15 მაისს თ-ში, მ-ის გამზ. №- კორპუსის მიმდებარედ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაწილი – 97,58 გრამი ნივთიერება, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), ამოიღეს თ-ში, მ-ის გამზ. №- კორპუსის ბინა №--ში ჩატარებული დ. ჩ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილი – 10,95 გრამი ნივთიერება, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), ამოიღეს ლოკაციიდან –თ-ში, მ-ის გამზ. №- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხთან.

· დ. ჩ-ი საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით იძენდა, ინახავდა და ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა – დებდა თბილისის ტერიტორიაზე, რომლის მისამართსა და ლოკაციის ფოტოებს კვლავ აპლიკაციის მეშვეობით უგზავნიდა ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირს.

· აღნიშნული მიზნით ნივთიერება, საერთო წონით – 10,95 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), შემდგომი გასაღების მიზნით გაანაწილა – დადო თ-ში, მ-ის გამზ. №- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხთან, რომლის მისამართი და ლოკაციის ფოტოები კვლავ აპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირს.

· მიუხედავად იმისა, რომ დ. ჩ-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, მისი დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და 2021 წლის 15 მაისს მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცველებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დ. ჩ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 15 მაისიდან. მსჯავრდებულ დ. ჩ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა ნივთიერების, საერთო წონით – 97,58 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), ასევე ნივთიერების, საერთო წონით – 10,95 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), შეძენა და შენახვა და ამ კონკრეტული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დ. ჩ-ი გამართლდა; იგი ასევე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; დ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – ნივთიერების, საერთო წონით – 111,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), შეძენა-შენახვის ნაწილში და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 15 მაისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ვაჟა თოდუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

5. მსჯავრდებული დ. ჩ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დ. ჩ-ის მსჯავრდებას მითითებული მუხლით კანონიერად მიიჩნევს – დანიშნული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე; ასევე – გამამართლებელ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. მსჯავრდებული დ. ჩ-ი და ადვოკატი დ. ჯ-ე შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ დ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე კანონიერად ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ნივთიერების, საერთო წონით – 97,58 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), ასევე ნივთიერების, საერთო წონით – 10,95 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP), შეძენა და შენახვა. საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირადი ჩხრეკის შემდეგ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის არსებითი დარღვევითაა ჩატარებული და მათ შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ კანონის დარღვევით ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა უხეშად შელახა სავარაუდო ბრალდებულის უფლებები (სავალდებულო დაცვის უფლება). სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთა, მათ შორის, გამამართლებელ ნაწილში, განაჩენის გამოტანის მოტივები და საფუძვლები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

10. რაც შეეხება დაცვის მხარის საჩივარს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების – თავად ბრალდებულის, მოწმეების: გ. მ-ის, ა. ნ-ის, ი. ჯ-ის, ლ. ფ-ისა და სხვათა ჩვენებების, 2021 წლის 15 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 16 მაისის №- დასკვნის, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 9 ნოემბრის №- დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მასალების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია დ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (111,16 გრამი ნივთიერების შეძენა-შენახვის ნაწილში, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP)). პირადი ჩხრეკის ჩატარებისა და მის შედეგად მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულების მოპოვების დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი დ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (111,16 გრამი ნივთიერების შეძენა-შენახვა, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PVP)) მსჯავრდების ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით – განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

12. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას, ასევე – მსჯავრდებულ დ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე