საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.09.2023
საქმის ნომერი
2კ-559აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100122006101886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №559აპ-23 ქ. თბილისი

ს–ი ს., 559აპ-23 19 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, ცალსახად ადასტურებს ს. ს–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, მათ შორის - დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და სხვა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ს–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ს. ს– ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 26 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში მდებარე ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ს–სმა, ალკოჰოლის მიღებისთვის საყვედურის თქმით გაღიზიანებულმა, ზურგის არეში მუშტის ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ტ. გ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2022 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში მდებარე ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ს–სმა, მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარებაზე უარის თქმით გაღიზიანებულმა, სიტყვებით - ,,ორივეს დანით მოგკლავთ", სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ტ. გ–სა და მის დედას - ს. ს–ს, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით ს. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ს. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ - ს. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ტ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - ს. ს–ის წინააღმდეგ ჩვენება. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: დაზარალებულმა ს. ს–მ თავის ჩვენებაში, მართალია, დაადასტურა, რომ ს. ს–ი მას ნამდვილად დაემუქრა, მაგრამ განმარტა, რომ მას მუქარის არ შეშინებია და რეალურად არ აღუქვამს; დაზარალებულ ტ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; ტ. გ–ს ვიზუალური დათვალიერების ოქმი ასახავს იმ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა მიაწოდა გამოძიებას, მაგრამ სასამართლო ვერც ამ მტკიცებულებას გამოიყენებს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და, შესაბამისად, მას არც დაუდასტურებია და არც უარყვია ოქმში მითითებული გარემოებები, ამასთან, ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა; რაც შეეხება დანაშაულის შესახებ დაზარალებულ ს. ს–ს შეტყობინებას, ვერც მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობის გადამოწმება ვერ მოხერხდა იმავე მიზეზით (დაზარალებულ ტ. გ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო). გარდა ამისა, შეტყობინებაში გადმოცემული ინფორმაცია გაურკვეველი და ბუნდოვანია, კერძოდ, შეტყობინება „112-ში“ შესულია - 2022 წლის 5 ივლისს, ხოლო მასში მითითებულია, რომ ,,ქმარი სცემს ცოლს და ბავშვებს’’, რასაც - 2022 წლის 5 ივლისის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარე ს. ს–ს საერთოდ არ ედავება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ს–ს მიერ როგორც ტ. გ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის, ასევე - ტ. გ–სა და მისი დედის - ს. ს–ს მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტებს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი