საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.10.2023
საქმის ნომერი
2კ-541აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141322006143078

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №541აპ-23 ქ. თბილისი

მ–ე გ., 541აპ-23 25 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის, დავით ხვედელიძის, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. მ–ს ბრალეულობა, ხოლო, მეორე მხრივ, იმგვარი არსებითი დარღვევა, რომელიც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, არ გამოვლენილა; კასატორი მიუთითებს, რომ დაზარალებულმა მ. შ–მ, რომლის ჩვენება არც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საეჭვოდ, სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის – საქმის სააპელაციო განხილვისას, ამხილა გ. მ–ე მის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში; კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი პროცესუალური სტანდარტებით შეაფასა 2002 წელს ჩატარებული წინასწარი გამოძიება, რაც ვითარების შეცვლის გათვალისწინებით, არასწორია; სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია, რომ დაზარალებულებმა – გ. ბ–მა და გ. ყ–მა (რომელმაც, თავის მხრივ, ვერც სასამართლოში გაიხსენა საქმის ფაქტობრივი გარემოებები), გამოძიების დროს, მხოლოდ დამატებითი დაკითხვებისას მიუთითეს, რომ გ. მ–მ ჩაარტყა ქვა პოლიციელს და დააზიანა ავტომანქანა; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეაფასოს წარმოდგენილი საქმის მასალები, გაითვალისწინოს გ. მ–ს პიროვნული მახასიათებლები, მხედველობაში მიიღოს იმ დანაშაულების ხასიათი, რომელთა ჩადენისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრი დასდო მას და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს სამართლის უზენაესობის პრინციპით, რათა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები მომავალში პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

2. გამართლებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველები, ადვოკატები – თ. და დ. გ–ები, საკასაციო შესაგებლით ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის, დავით ხვედელიძის, საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო: გაუპატიურება, ე.ი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად და არაერთგზის; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2002 წლის 23 მარტის 24 საათიდან გ. მ–ე თავის ამხანაგებთან – გ. ჩ–სა და დ. ხ–სთან – ერთად, იმყოფებოდა ქ.თ–ში, ............ დარბაზის ახლომდებარე ,,დისკოთეკაზე“. იქ მათ შეამჩნიეს მათთვის უცნობი მ. შ–ა, რომელიც ფიზიკურად მოეწონათ. მ. შ–სთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, გ. მ–მ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, მოტყუებით წაეყვანა იგი ნ–ს რაიონში, დიდი ჯ–ს ქუჩის №..-ში მდებარე, გ. ჩ–ს ნაცნობის, შ. ბ–ს, ბინაში. შეთანხმებისამებრ, მ. შ–ს მისი ამხანაგის მეშვეობით გაეცნო დ. ხ–ე, რის შემდეგ, თითქოსდა, ორივე მათგანის ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ნარკოლოგიურ სამსახურში შესამოწმებლად წაყვანის საბაბით, მათთან მივიდნენ გ. მ–სე და გ. ჩ–ე, წარუდგნენ, როგორც პოლიციელები და ტაქსით წაიყვანეს ნ–ში, ე.წ. „.... ბაზართან“. ვინაიდან დილა იყო და შ. ბ–ს ჯერ არ უწევდა სამსახურში წასვლა და მის ბინას ვერ გამოიყენებდნენ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ. შ–ა ორივემ წაიყვანა .........ის ქუჩის ახლოს მდებარე უკაცრიელ ადგილას, სადაც ქვედა ტანსაცმლის ძალით გახდის მიზნით, ყელზე დანის მიდებით და მოკვლის მუქარით შეშინებულ და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ დაზარალებულთან, 2002 წლის 24 მარტის, დაახლოებით, 6-7 საათზე, ჯერ გ. მ–მ, შემდეგ კი გ. ჩ–მ რიგრიგობით დაამყარეს სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, მათგან ფსიქოლოგიური ზეგავლენით დაშინებული მ. შ–ა ფეხით წაიყვანეს დაახლოებით 20 წუთის სავალზე, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე შ. ბ–ს დროებით საცხოვრებელ სახლში. გ. ჩ–მ გააღვიძა შ. ბ–ა და სთხოვა, დაეთმო მისთვის და მისი მეგობრებისათვის ბინა ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, რაზეც ბინის მფლობელი დაეთანხმა და წავიდა სამსახურში, ხოლო გ. მ–მ და გ. ჩ–მ ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს მ. შ–ა და დანის გამოყენებით, მოკვლის მუქარით, დაახლოებით, 7-8 საათზე, გააშიშვლეს და რიგ-რიგობით კვლავ დაამყარეს მასთან სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც დაემუქრნენ, არსად გაეხმაურებინა მომხდარი ფაქტი.

3.2. 2002 წლის 16 ივნისს, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-.. განყოფილების თანამშრომლებს, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას, გ. მ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ. მ–მ პოლიციის თანამშრომელს თავის არეში ქვით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც დაუდგენელ პირებთან ერთად დააზიანა პოლიციის მუშაკების კუთვნილი ავტომანქანები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

4 გ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აპრილის განაჩენით, გ. მ–ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად გ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. მ–მ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:

6.1. 2002 წლის 23 მარტის 24 საათიდან გ. მ–ე თავის ამხანაგებთან – გ. ჩ–სა და დ. ხ–სთან – ერთად, იმყოფებოდა ქ.თ–ში, ........... დარბაზის ახლო მდებარე ,,დისკოთეკაზე“. იქ მათ შეამჩნიეს მათთვის უცნობი მ. შ–ა, რომელიც ფიზიკურად მოეწონათ. მ. შ–სთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, გ. მ–მ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, მოტყუებით წაეყვანა იგი ნ–ს რაიონში, ........ის ქ. №..-ში მდებარე, გ. ჩ–ს ნაცნობის, შ. ბ–ს, ბინაში. ამ მიზნით გაინაწილეს როლები. მ. შ–იას საერთო ამხანაგის მეშვეობით გაეცნო დ. ხ–ეე, რის შემდეგ, თითქოსდა, ორივე მათგანის ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი, ნარკოლოგიურ სამსახურში შესამოწმებლად წაყვანის საბაბით, მათთან მივიდნენ – გ. მ–ე და გ. ჩ–ე, წარუდგნენ, როგორც პოლიციელები და ტაქსით წაიყვანეს .........ის ქუჩის ახლოს მდებარე უკაცრიელ ადგილას, სადაც ქვედა ტანსაცმლის ძალის გახდის მიზნით, ყელზე დანის მიდებით და მოკვლის მუქარით შეშინებულ და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ დაზარალებულთან, 2002 წლის 24 მარტს, დაახლოებით, 6-7 საათზე, რიგრიგობით, მათ შორის – გ. მ–მ, ძალით დაამყარეს სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, მათგან ფსიქოლოგიური ზეგავლენით დაშინებული მ. შ–ა ფეხით წაიყვანეს დაახლოებით 20 წუთის სავალზე და მიიყვანეს ..........ის №..-ში მდებარე შ. ბ–ს დროებით საცხოვრებელ სახლში. გ. ჩ–მ გააღვიძა შ. ბ–ა და სთხოვა, რომ მისთვის და მისი მეგობრებისათვის დაეთმო ბინა ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, რაზეც ბინის მფლობელი დაეთანხმა და წავიდა სამსახურში, ხოლო გ. მ–მ, გ. ჩ–მ და დ. ხ–მ მ. შ–ა შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში და დანის გამოყენებით, მოკვლის მუქარით, იმავე დღეს, დაახლოებით 7-8 საათზე, გააშიშვლეს და რიგრიგობით, მათ შორის – გ. მ–მ, კვლავ დაამყარეს სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც დაემუქრნენ არსად გაეხმაურებინა მომხდარი ფაქტი.

6.2. 2002 წლის 16 ივნისს, ქ. თში, .........ის ქუჩაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-.. განყოფილების თანამშრომლებს, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას, გ. მ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ. მ–მ პოლიციის თანამშრომელს თავის არეში ქვით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც დაუდგენელ პირებთან ერთად დააზიანა პოლიციის მუშაკების კუთვნილი ავტომანქანები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, გ. მ–ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმსუბუქდა სასჯელი და განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით და, საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა – 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

8. გ. მ–ე განაჩენის აღსრულების მიზნით დააკავეს და სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 21 ივლისიდან.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცვლებმა, ადვოკატებმა – დ.ა და თ. გ–ებმა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აპრილის განაჩენი და გ. მ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

· საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

· გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა გ. მ–ს ბრალეულობა, კერძოდ:

14. სააპელაციო სასამართლომ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებებთან მიმართებით, მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამეთუ, ერთი მხრივ, დაზარალებულმა გ. ყ–მა, სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ გ. მ–სე მონაწილეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისათვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევასა და პოლიციის მანქანის დაზიანებაში, რის გამოც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვები, რომლებიც ვერ გაქარწყლდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo-პრინციპის საფუძველზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყდა; მეორე მხრივ, დაზარალებული გ. ბ–ი, რომლისთვისაც თავის არეში, ქვით დაზიანების მიყენებასაც ედავებოდა ბრალდების მხარე გ. მ–ს, სააპელაციო სასამართლოში საერთოდ არ დაკითხულა, ხოლო წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც გამოქვეყნდა საქმის სააპელაციო განხილვის დროს, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გ. მ–ს მსჯავრდებას.

15. სადავოდ გამხდარ, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საეჭვოდ არ მიუჩნევია დაზარალებულ მ. შ–ზე სქესობრივი ძალადობის ფაქტი, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად შენიშნა დაზარალებულის მონათხრობში გამოკვეთილი შეუსაბამობები, კერძოდ, წინასწარი გამოძიების დროს, დაპირისპირებისას, მ. შ–მ, წინა ჩვენებებისაგან განსხვავებით, უარყო დ. ხ–ს მიერ მასზე სქესობრივი ძალადობის ფაქტი და დაადასტურა ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის არსებობა, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ჩვენებების მიცემისას, კვლავ ამტკიცებდა, რომ გ. მ–სა და გ. ჩ–სთან ერთად, მის გაუპატიურებაში დ. ხ–ეეც მონაწილეობდა. მ. შ–ს განმარტებით, დაპირისპირების ოქმი არ წაუკითხავს და ვერ იხსენებს, რომ სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე, დ. ხ–ს ბრალეულობა გამოერიცხა, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ დ. ხ–ეესთან დაპირისპირება თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა (რასაც არც თავად დაზარალებული უარყოფს), ხოლო 2002 წლის 15 ნოემბრის საქმის წარმოებით შეჩერების დადგენილებიდან ირკვევა, რომ დ. ხ–ე სწორედ იმ მიზეზით ვერ იქნა პასუხისგებაში მიცემული, რომ მ. შ–მ არ დაადასტურა მისი დანაშაულში მონაწილეობა. რაც შეეხება გ. ჩ–ს, ბრალდების ამ ნაწილში საქმე არ გადაგზავნილა სასამართლოში, უპერსპექტივობის გამო. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო და კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით, მ. შ–ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, თუმცა საქალწულე აპკის თავისებურებებიდან გამომდინარე (დაბალი, ელასტიური) ექსპერტიზამ ვერ გამორიცხა დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარება საქალწულე აპკის მთლიანობის დაურღვევლად. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც გ. მ–ს მიერ მ. შ–ზე ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ძალადობის დადგენის უპირობო საფუძველი გახდებოდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი პროცესუალური სტანდარტებით შეაფასა 2002 წელს ჩატარებული წინასწარი გამოძიება, რაც ვითარების შეცვლის გათვალისწინებით, არასწორია, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის, დავით ხვედელიძის, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი